AGA შვედური ბრენდია, რომელიც ქურების წარმოებით გახდა ცნობილი. მისი დამაარსებელი დოქტორი გუსტაფ დალენია, შვედი ფიზიკოსი, რომელიც უბედური შემთხვევის შედეგად დაბრმავდა. 1922 წელს ის სახლში ყოფნის დროს მიხვდა, რომ მისი მეუღლე სახიფათო და საკმაოდ დაბინძურებულ ქურას იყენებდა, რომელიც უამრავ დროსა და ენერგიას მოითხოვდა და გადაწყვიტა, შეექმნა ისეთი ანალოგი, რომელიც სუფთა, ეკონომიური და მარტივად მოსახმარი იქნებოდა. შედეგად, დალენმა გამოიგონა ქურის ისეთი მოდელი, რომელმაც შეცვალა მზარეულების ცხოვრება მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
AGA-ს, როგორც ბრენდის, წარმატების ისტორია 1929 წელს დაიწყო, როდესაც გაზქურის მოდელებმა დიდ ბრიტანეთში ჩააღწია. ამ წარმატების მთავარი გმირი დევიდ ოგილვი გახდა, რომელმაც წამყვანი სარეკლამო სააგენტო Ogilvy & Mather გახსნა და დაწერა ნაშრომი “გაზქურის გაყიდვის თეორია”, რომელიც მოგვიანებით ჟურნალმა Fortune-მა დაბეჭდა და აღწერა როგორც “ყველაზე დეტალური და საუკეთესო ინსტრუქცია, რაც კი ოდესმე დაწერილა”.
ამას მოჰყვა ომიანობის წლები, რამაც ასევე საკუთარი როლი ითამაშა AGA-ს წარმატებაში. ბრიტანეთის მთავრობამ შეუკვეთა ქურების დიდი რაოდენობა საბრძოლო დანაყოფებისათვის, კვების ცენტრებისა და საავადმყოფოებისათვის. მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა ოჯახებიდანაც და ახალი ქურის შესაძენად ადამიანები ექვს თვეზე დიდხანს იმყოფებოდნენ რიგში.
1947 წელს კომპანიამ დაიწყო ქურების წარმოება შროპშირში, სადაც ისინი დღემდე მზადდება. 34 წლის განმავლობაში AGA ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ კრემისფერ დიზაინში, მაგრამ 1856 წელს ყველაფერი შეიცვალა, რადგან გამოჩნდა AGA De Luxe-ის ახალი, ცისფერი, ღია მწვანე, ნაცრისფერი და თეთრი მოდელები.
1960-იან წლებში გამოჩნდა პირველი საკულტო ლოგო, რომელსაც ბრენდი დღემდე იყენებს. ამავე დროს განხორციელდა ახალი ცვლილებები, რადგან ხალხს სურდა ენერგიის უფრო სუფთა და მოსახერხებელი წყაროები. თუ მანამდე ქურა გასაცხელებლად შეშას იყენებდა, ახლა უკვე შეიქმნა გაზზე მომუშავე მოდელები. 1970-იან წლებში უკვე გამოჩნდა ახალი ფერები, მათ შორის შავი, რომელიც დღესაც ყველაზე პოპულარულია.
1985 წელს ბრენდმა გამოუშვა ახალი საექსპერიმენტო მოდელი – the 2-oven EC2, პირველი ელექტრო გაზქურა, რომელსაც ორი წლის შემდეგ მოჰყვა EC4 ღუმელი. აღსანიშნავია, რომ ახალმა მოდელებმა შეინარჩუნეს ყველა ტრადიციული მახასიათებელი და განსხვავება მხოლოდ მუშაობის პრინციპში იყო, რადგან ისინი აღარ იყენებდნენ ცეცხლს.
1980-იანი წლების დასაწყისში AGA-მ აღნიშნა 50 წლის იუბილე და 1981 წელს მისი, როგორც ეროვნული ინსტიტუტის სტატუსი აღიარებულ იქნა პრემიერ მინისტრის, მარგარეტ ტეტჩერის მიერ. ამავე პერიოდში რომანისტმა ტერენს ბლეკერმა გამოიგონა ტერმინი “AGA saga” ლიტერატურის ჟანრის აღსაწერად, რომელიც ეხება ბრიტანულ სოფლის ცხოვრებას.
2003 წელს შეიქმნა the 3-oven AGA ქურა, რომელიც ითვლებოდა მნიშვნელოვან ნაბიჯად, რადგან გაზქურას პირველად დაემატა საცხობი ღუმელი დამატებით სიმძლავრესთან ერთად.
2004 წელს 13 ამპერიანი ელექტრული მოდელის შემოღებამ სრულიად შეცვალა ბრენდის მიდგომა. ახლა გაზქურას აღარ სჭირდებოდა წვის შედეგად გამოყოფილი კვამლისთვის სპეციალური მილი, რათა ის ოთახიდან გასულიყო და მისი დამონტაჟება შესაძლებელი გახდა სამზარეულოს ნებისმიერ წერტილში.
2010 წლიდან გამოვიდა მრავალი ახალი მოდელი, მათ შორის AGA Total Control, პირველი AGA მოდელი, რომლის კონტროლიც შესაძლებელია სპეციალური მართვის სისტემით, უშუალოდ გაზქურასთან ახლოს ყოფნის გარეშე.
2018 და 2019 წლებში დაიწყო AGA eR3 კოლექციის წარმოება. ამ სერიის გაზქურები აღჭურვილია უახლესი ინდუქციური კერით და მრავალი სხვა ინოვაციური ფუნქციით. 2019 წლის შემოდგომაზე ასევე გამოვიდა ელექტრო AGA 7 სერიის მოდელები, რომელთა ჩართულ მდგომარეობაში დატოვებაც 24/7-ზე არის შესაძლებელი და უზრუნველყოფს სასიამოვნო ფონურ სითბოს.
ამგვარად, AGA დღემდე ფუნქციონირებს როგორც ერთ-ერთი ყველაზე სანდო და პოპულარული კომპანია გაზქურების წარმოების სფეროში და ამ წლების განმავლობაში მან არაერთი ერთგული მომხმარებელი შეიძინა.