in

დანიის არქიტექტურისა და დიზაინის სამეფო აკადემია ონში ფილიალს გახსნის

ცოტა ხნის წინ, ონის მუნიციპალიტეტის მერიამ მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაავრცელა. როგორც ცნობილია, დანიის არქიტექტურისა და დიზაინის სამეფო აკადემიის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ონის ფილიალის გახსნის შესახებ.

ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ონის მუნიციპალიტეტის მერიის ინტენსიური მოლაპარაკებები როგორც ხსენებულ აკადემიასთან, ისე – შესაბამის დონორ ორგანიზაციებთან. მოლაპარაკების წარმატებით დასრულების პროცესში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა დანიის სამეფოში საქართველოს საპატიო კონსულმა და რაჭის დიდმა მეგობარმა, ქალბატონმა მარიანა ბოლსმა.

სამეფო აკადემიის ონის ფილიალის გახსნისთვის დანიის მთავრობის მიერ საწყის ეტაპზე გამოყოფილ იქნება 1 მლნ დანიური კრონა (=0.5 მლნ ₾).

პროექტის დაფინანსებას განახორციელებს დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფუძნებული „ახალი დემოკრატიის ფონდი“ (The New Democracy Fund) „ახალი თანამშრომლობის ფონდის“ (The New Cooperation Fund) ჩართულობით.

სამეფო აკადემიის შესაბამისი დელეგაცია ქალაქ ონს სამუშაო ვიზიტით ოქტომბრის ბოლოს ეწვევა, რა დროსაც განისაზღვრება სამეფო აკადემიის ონის ფილიალის დაფუძნებისათვის საჭირო ღონისძიებები.

მოკლედ დანიის არქიტექტურისა და დიზაინის სამეფო აკადემიის შესახებ:

დანიის სამეფო აკადემია კოპენჰაგენში 1754 წლის 31 მარტს გაიხსნა. ის მოსწავლეებს რამდენიმე სფეროში სთავაზობს განათლების მიღებას, კერძოდ: ფერწერის, ქანდაკების, არქიტექტურის, გრაფიკის, ფოტოგრაფიისა და ვიდეოს მიმართულებით. აკადემია დანიის კულტურის სამინისტროს ადმინისტრაციის ქვეშაა.

აკადემიის არქიტექტურის სკოლა სტუდენტებს სთავაზობს განათლებას არქიტექტურული დიზაინისა და რესტავრაციის, ურბანული და ლანდშაფტური დაგეგმარების, სამრეწველო, გრაფიკული და ავეჯის დიზაინის სფეროებში. სკოლას აქვს ცხრა სასწავლო განყოფილება, ოთხი კვლევითი ინსტიტუტი და ექვსი შვილობილი კვლევითი ცენტრი. ბაკალავრიატის კურსი გრძელდება სამი წელი, ხოლო არქიტექტურის ხელოვნების სამაგისტრო პროგრამა არის ორწლიანი.

ამავე აკადემიაში სწავლობდა დანიელი არქიტექტორი არნე იაკობსენი, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა არქიტექტურულ ფუნქციონალიზმზე, ისევე როგორც ბიარკე ინგელსმა, ამომავალმა ვარსკვლავმა არქიტექტურისა და დიზაინის სამყაროში.

სახლი, რომელიც სოციალურ სივრცეს მოგვაგონებს – CoDA arquitetos-ის ნამუშევარი

რემონტის გიდი: როგორ დავგეგმოთ როზეტებისა და ჩამრთველების განლაგება მისაღებ ოთახში