ალდო როსი, პირველი იტალიელი არქიტექტორი, რომელმაც პრიცკერის პრემია მოიპოვა, 1931 წლის 3 მაისს, მილანში დაიბადა. 1959 წელს მან მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი დაამთავრა. გარდა ცნობილი არქიტექტორობისა, როსიმ დიდი პოპულარობა მოიპოვა როგორც თეორეტიკოსმა, ავტორმა, მხატვარმა და მასწავლებელმა. მან წერა 1955 წელს არქიტექტურის შესწავლისას დაიწყო, 1959 წლისთვის კი არქიტექტურული ჟურნალის — Casabella-Continuità-ს რედაქტორი გახდა და ამ პოსტს 1964 წლამდე იკავებდა.
მიუხედავად იმისა, რომ როსიმ 1956 წელს საკუთარი პროფესიული კარიერა დაიწყო, როგორც არქიტექტორმა, 1963 წელს მან ამ კურსს გადაუხვია და გახდა მასწავლებელი — მუშაობდა არქიტექტურის პროფესორად სხვადასხვა ინსტიტუტებში, მათ შორის არეცოს ურბანული დაგეგმარების სკოლაში, ვენეციის არქიტექტურის ინსტიტუტში და მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში. 1965 წელს მან გამოსცა წიგნი — „ქალაქის არქიტექტურა“. ამ ყველაფერთან ერთად, მისი კიდევ ერთი გატაცება დრამა იყო. როსის თქმით, მას ყოველთვის ხიბლავდა თეატრი.
1971 წელს მისი არქიტექტურული კარიერა მოწიფულ ეტაპზე გადავიდა, რაც იმან განაპირობა, რომ ავტოკატასტროფის გამო, საავადმყოფოში მოხვდა. სწორედ იქ ყოფნის დროს მიიღო მან შთაგონება (სან კატალდოს სასაფლაოს აშენება მოდენაში, იტალიაში) საკონკურსო პროექტისთვის, რომელშიც მაშინ მონაწილეობას იღებდა. ამ სასაფლაომ მას პირველი პრიზი მოუტანა და ის ასევე ალდო როსის პირველ აშენებულ პროექტად ითვლება. ეს პერიოდი მისთვის, პროფესიული თვალსაზრისით, საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა. სწორედ მაშინ დასრულდა როსის მორიგი პროექტი — საცხოვრებელი კომპლექსი, რომლის შესახებაც მან თქვა: „მე მჯერა, რომ ეს ნაგებობა მნიშვნელოვანია, უპირველეს ყოვლისა, მისი კონსტრუქციის სიმარტივის გამო, რაც მისი განმეორების შესაძლებლობას იძლევა“. ეს პროექტი შეიძლება საწყის წერტილად ჩაითვალოს მისი დიდი წვლილისთვის საბინაო პრობლემების გადაწყვეტაში. მოგვიანებით არქიტექტორი ყველა ტიპის საცხოვრებელზე მუშაობდა.
დიზაინის მნიშვნელოვანი წესი, რომელსაც როსი აფასებდა, იყო გამეორება. მის ყველა ნამუშევარში ძირითადი არქიტექტურული ელემენტების გამეორება საკმაოდ აშკარა იყო. მან ეს პროცესი არსებითი ფორმების ძიებად მიიჩნია. თავიდანვე როსის მკვეთრი გაგება ჰქონდა იმის შესახებ, თუ როგორ ფუნქციონირებდა ქალაქები. სწორედ ეს არეგულირებდა მისი შენობების დიზაინს. ნათლად ჩანს, რომ ის საზოგადოებრივ შენობებს მოქმედი ქალაქების შემცირებულ ჟანრად განიხილავდა.
ყველა ამ არქიტექტურულ და ლიტერატურულ ნაწარმოებთან ერთად, ალდო როსიმ საკმარისად გაამართლა თავისი ტიტული, როგორც დიზაინერმა. როსიმ შექმნა მრავალი დიზაინ ობიექტი, რამაც მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა. მათ შორის გამოირჩევა ელეგანტური სკამი — “Milano”, რომელიც 1988 წელს, როგორც ალუბლის, ასევე მუხის ხისგან დამზადდა. ყველა ამ წვლილისთვის როსი გახდა პირველი იტალიელი არქიტექტორი, რომელმაც დარგის უმაღლესი ჯილდო — პრიცკერის პრემია მოიპოვა 1990 წელს.
ალდო როსი 66 წლის ასაკში, 1997 წლის 4 სექტემბერს, ავტოკატასტროფაში მიღებული ტრავმების შედეგად გარდაიცვალა.