ინჟინერ-მშენებელი ალექსანდრე კორტავა სამეგრელოში, ხობის რაიონში, სოფელ პირველ ხორგაში დაიბადა. მისი ბავშვობა გასული საუკუნის 90-იან წლებს, ქვეყანაში მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას დაემთხვა, ამიტომ კარგად ახსოვს მისთვის საგანგებოდ გადანახული ერთი ნაჭერი პური და ცოტა ტკბილეული… მიუხედავად რთული ცხოვრებისა, ჩვენი რესპონდენტის ბავშვობა საინტერესო აქტივობებით იყო აღსავსე. პატარა ასაკიდანვე ბევრს კითხულობდა, კარგად თამაშობდა ჭადრაკს და მეგობრებთან ერთად ერთობოდა. მეზობლის ბაღიდანაც ხშირად მოუპარავს ხილი და ბურთის თამაშისგან მუხლებიც დაუზიანებია, ამიტომ ეს პერიოდი მისთვის სასიამოვნო ემოციებთან ასოცირდება. როგორც გვიყვება, ბავშვობიდან კონსტრუქტორობაზე არ ოცნებობდა, თუმცა განსაკუთრებით ტექნიკური საგნები იტაცებდა, პროფესიის არჩევა კი თავისთავად, სპონტანურად მოხდა.
დღევანდელ სტატიაში არქიტექტურის კონსტრუქციულ ნაწილს ვეხებით და გთავაზობთ ძალიან საინტერესო ინტერვიუს ალექსანდრე კორტავასთან. ალექსანდრე საუბრობს კონსტრუქტორის პროფესიის როლსა და მნიშვნელობაზე და არქიტექტურულ სფეროს ინჟინერ-მშენებლის რაკურსიდან აფასებს. ამას გარდა, ჩვენი რესპონდენტი ყურადღებას ამახვილებს ამ პროფესიაში არსებულ გამოწვევებზეც და მისი გადაჭრის გზებს გვთავაზობს.
ალექსანდრე, როდის დაინტერესდით მშენებელ-ინჟინრის პროფესიით?
პროფესიის არჩევის დროს ბევრი არ მიფიქრია. ვინაიდან კარგად მეხერხებოდა ტექნიკური საგნები, გადაწყვეტილების მიღებაც არ გამჭირვებია. ამასთანავე, სკოლაში კარგი საბაზისო განათლება მქონდა მიღებული, რაც საკმარისი აღმოჩნდა, გამჩენოდა სურვილი, რომ დავუფლებოდი მშენებელი-ინჟინრის პროფესიას. იმ პერიოდში (2000 წელს) ინჟინრის განათლების მიღების შესაძლებლობას მხოლოდ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იძლეოდა, რომელიც წარმატებით დავამთავრე 2004 წელს, ხოლო 2006 წელს სამაგისტრო საფეხურიც დავასრულე.
მოგვიყევით თქვენი კარიერული გზის შესახებ, როგორ მოხვედით იქამდე, სადაც ახლა ხართ?
მესამე კურსზე, ლექტორმა შემომთავაზა მასთან საპროექტო ორგანიზაციაში მისვლა, რათა ჩემი პროფესიის უკეთ დაუფლებაში დამხმარებოდა. ჯერ კიდევ სტუდენტი, 2003 წელს მოვხვდი შპს „კაპიტელში“, რომელიც ერთ-ერთი წარმატებული კომპანია იყო სამშენებლო კონსტრუქციების მიმართულებით. მადლობა მინდა გადავუხადო კომპანიის დამფუძნებლებს და მის თანამშრომლებს, რომლებმაც სრულიად უცნობი ახალგაზრდა თავიანთ კოლექტივში მიმიღეს და ყველანაირი დახმარება გამიწიეს, რათა დღევანდელი პროფესიული დონისთვის მიმეღწია.
იმ დროს „კაპიტელი“ სამების საკათედრო ტაძრის პროექტის კონსტრუქციულ ნაწილზე მუშაობდა, რომელიც ჩემთვის ერთ-ერთი პირველი ობიექტი აღმოჩნდა. კომპანიაში გავიარე ყველა ეტაპი – ვიყავი კონსტრუქტორი, ჯგუფის ხელმძღვანელი, მთავარი კონსტრუქტორი, შემდეგ კი მთავარი ინჟინერი.
„კაპიტელში“ ჩემი ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით შესრულდა შემდეგი პროექტების კონსტრუქციული ნაწილი: ავლაბრის ადმინისტრაციული კომპლექსი („პრეზიდენტის რეზიდენცია“); ბაგრატის ტაძრის გაძლიერება-რეაბილიტაცია; დიდი ბრიტანეთის საელჩო ქ. თბილისში; „REDIX- CHAVCHAVADZE“ ჭავჭავაძის გამზირზე; “King David”-ი; დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტის მეორე სამგზავრო ტერმინალი ქ. ქუთაისში; „ალიანსი თბილისის“ სასტუმრო და აპარტამენტების კომპლექსი და სხვა.
2018 წლის ბოლოს კი ჩემს უფროს მეგობრებთან ერთად დავაფუძნე შპს „კაპიტელი ჯგუფი“, რომელმაც არაერთი საინტერესო პროექტი განახორციელა და აქტიურად განაგრძობს მუშაობას.
როგორ შეაფასებდით თქვენს პროფესიას? რა როლი აქვს მას თანამედროვე სამყაროში?
უხსოვარი დროიდან, საკვების მოპოვებასთან ერთად, ჩვენი წინაპრები ცდილობდნენ, შეექმნათ ისეთი გარემო, რომელშიც სტიქიის შემოტევას მარტივად გაუმკლავდებოდნენ. ამდენად, მშენებლის პროფესია შეიძლება ჩაითვალოს უძველეს საქმიანობად. რა თქმა უნდა, მშენებლის ტერმინის ქვეშ იგულისხმება არქიტექტორი, რომელიც „მთავარ მშენებელს“ ნიშნავს და კონსტრუქტორი, ასევე სხვა დარგის ინჟინრები, რომლებიც მშენებლობას ემსახურებიან. თავად კონსტრუქტორის პროფესია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია სამშენებლო სფეროში, რადგან მასზეა დამოკიდებული ნაგებობის მდგრადობა, საიმედოობა და შენობის მომხმარებლის სიმშვიდე, განსაკუთრებით სეისმურად აქტიურ ზონებში, რომელშიც საქართველოც იგულისხმება.
საინტერესოა, რა სირთულეებთან არის დაკავშირებული ინჟინერ-მშენებლის პროფესია?
ინჟინერ-კონსტრუქტორის პროფესია საკმაოდ შრომატევადი და რთული საქმეა, რომელიც მრავალ სირთულესა და გამოწვევასთან არის დაკავშირებული. განსაკუთრებით ისეთ ქვეყანაში, რომელიც სეისმურად აქტიურ რეგიონს მიეკუთვნება. კონსტრუქტორები პასუხისმგებელნი ვართ დავაპროექტოთ სხვადასხვა სირთულის უსაფრთხო, მდგრადი და საიმედო შენობა-ნაგებობები, რასაც დიდი დრო და ენერგია სჭირდება. ამავე დროს უნდა გვქონდეს კომუნიკაცია მომიჯნავე სპეციალისტებთან (არქიტექტორებთან, მეპ ინჟინრებთან და სხვა). მშენებლობა იწყება კონსტრუქციული ნაწილით, შესაბამისად, ყველას ეჩქარება კონსტრუქციული პროექტი. თავის მხრივ, ჩვენ დამოკიდებულნი ვართ დანარჩენ დისციპლინებზე, ამიტომ ამ ყველაფრის სწორად მიწოდება გვიწევს მშენებლებთან და დეველოპერებთან. ეს დამღლელი ახნა-განმარტებები კი ცალკე “ხელოვნებაა”, რასაც დიდი დროისა და ენერგიის რესურსი სჭირდება, რომელსაც ჩვენს ოჯახსა და მეგობრებს ვაკლებთ, რაც მარტივი ნამდვილად არაა.
საინტერესოა, როგორია კონსტრუქტორის თვალით დანახული კარგად შესრულებული ნამუშევარი? რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ის?
ზოგადად, საპროექტო დოკუმენტაცია ითვლება როგორც სამეცნიერო-ტექნიკური ნამუშევარი. პროექტის კონსტრუქციული ნაწილის დამუშავებისას გათვალისწინებული უნდა იყოს: ტოპო-გადაღება; საინჟინრო-გეოლოგიური და გეოფიზიკური კვლევის შედეგები; პროექტის არქიტექტურული ნაწილი; MEP-ის პროექტი; სამშენებლო ნორმების და წესების მოთხოვნები. ამავე დროს კონსტრუქციული ნაწილის საფუძველია ნაგებობის სივრცითი მოდელის ანგარიში სტატიკურ და დინამიკურ დატვირთვებზე. პროექტის კონსტრუქციული ნაწილი უნდა შედგებოდეს ტექსტური (განმარტებითი ბარათი, ნახაზების და მასალათა მოცულობების უწყისები) და გრაფიკული (სქემები, მუშა ნახაზები, კვანძები და დეტალები) ნაწილისგან, რომლებიც მარტივად აღსაქმელი უნდა იყოს და შეკითხვებს არ ბადებდეს, დანარჩენს დრო გამოცდის.
არსებობს მოსაზრება, რომ კონსტრუქტორები და არქიტექტორები გარკვეულ საკითხებზე ვერ თანხმდებიან. როგორ ფიქრობთ, რა არის მათი უთანხმოების ძირითადი მიზეზი?
ხუმრობით ვიტყოდი, რომ სამწუხაროდ, არქიტექტორებს ხანდახან ავიწყდებათ, რომ დედამიწაზე მოქმედებს გრავიტაცია. თუმცა, უთანხმოების მიზეზი ერთია —არქიტექტორებს სურთ, შენობის სახე ან გეგმარება იყოს ზუსტად ისეთი, როგორიც წარმოუდგენიათ, ხოლო კონსტრუქტორები არქიტექტურული სახის გარდა, პასუხისმგებლები არიან შენობის მდგრადობაზე და საიმედოობაზე. საბოლოოდ, ცხადია, მეტ-ნაკლები ძალისხმევის შემდეგ, ვაღწევთ შეთანხმებას. აქვე აღვნიშნავ, რომ სამშენებლო კონსტრუქციებს უფრო სერიოზულად უნდა ასწავლიდნენ უმაღლეს სასწავლებელში, არა მარტო არქიტექტორებს, არამედ MEP-ის სპეციალისტებსაც, ასეთ შემთხვევაში პრობლემებიც ნაკლები იქნება.
როგორ შეაფასებდით ქართულ არქიტექტურას? განვითარების რა ეტაპზეა ის?
საბჭოთა კავშირის პერიოდში არქიტექტორების ფანტაზიას არ ჰქონდა გასაქანი. შესაბამისად, მშენებლობა ხორციელდებოდა ძირითადად ტიპური პროექტებით და შეზღუდული გეგმარების პრინციპებით, რაც მიბმული იყო ინდუსტრიულ-ანაკრებ კონსტრუქციებზე. თუმცა, იმ პერიოდშიც არსებობდა იშვიათი გამონათებები, რაც ამა თუ იმ არქიტექტორის ნიჭზე მიუთითებს.
დღეს არქიტექტორებს ასეთი შეზღუდვები აღარ აქვთ, ამდენად, მათი პროექტები უფრო მიმზიდველია. ახალი ტექნოლოგიები იძლევა უფრო კომფორტული შენობების აშენების საშუალებას. მიუხედავად ამისა, შეიძლება ბევრი შენობა არ მოგვწონდეს, გვქონდეს გარკვეული პრეტენზია, მაგრამ ეს უკვე გემოვნების საკითხია.
რაც შეეხება მის განვითარებას, ვფიქრობ, მომავლის არქიტექტურა ალბათ ორიენტირებული იქნება ეკოლოგიურ სახლებზე და გაითვალისწინებს გაუარესებული გარემო-პირობების (მიწისძვრები, ქარიშხლები, რადიაცია და სხვა ფაქტორების) ზემოქმედებას.
თქვენი აზრით, რა გამოწვევების წინაშე დგას ქართული არქიტექტურული სფერო?
ჩემგან, როგორც კონსტრუქტორისგან, არ იქნება მართებული შევაფასო არქიტექტურული საკითხები, მაგრამ უნდა აღვნიშნო ზოგადი პრობლემა, რომელიც დღეს ჩვენს სფეროშია. არ არსებობს ქმედითი პროფესიული გაერთიანება, რომელიც სტანდარტებს აწესებს. ასევე, არ არსებობს ლიცენზირება არქიტექტორებისა და კონსტრუქტორებისთვის, კანონპროექტი გაურკვეველი ვადით გადაიდო. შესაბამისად პროექტირება ყველას შეუძლია გამოცდილსაც და გამოუცდელსაც. ამ მხრივ კონსტრუქტორები ცოტათი წინ ვართ, დავაფუძნეთ საქართველოს ინჟინერ- კონსტრუქტორთა ასოციაცია, რომელშიც გაერთიანდა მოქმედი კონსტრუქტორების დიდი უმრავლესობა და ვცდილობთ გარკვეული ნაბიჯების გადადგმას.
დაბოლოს, რას ურჩევდით კონსტრუქტორის პროფესიით დაინტერესებულ ახალგაზრდებს?
ტრაფარეტულია, მაგრამ ვეტყოდი, რომ პირველ რიგში, უნდა დაეუფლონ თეორიულ ცოდნას. ისწავლონ უცხო ენები, რათა ჩვენს სფეროში არსებულ უცხოურ ტექნიკურ ლიტერატურას გაეცნონ, რომელიც ქართულ ენაზე ძალიან მცირეა. ასევე, თუ სურთ, კარგი პროფესიონალები დადგნენ (მშენებელ-ინჟინრები, პროექტ-მენეჯერები და ა.შ.) აუცილებელია, სტაჟირება გაიარონ საპროექტო ორგანიზაციაში. პირადად მე ამ საქმისგან სიამოვნებას ვიღებ, ჩემი პროექტის მიხედვით აშენებულ შენობას რომ ვუყურებ, მიხარია და მეამაყება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, უყვარდეთ და მოსწონდეთ საკუთარი საქმე.