ალისა პალმერი საკმაოდ თავდაჯერებული ქალია. ისეთმა წამოწყებებმა, როგორიც არის არქიტექტორის გარეშე სახლის რენოვაცია ან საოჯახო ტექნიკის ბიზნესის ნულიდან დაწყება, შეიძლება, მრავალი ადამიანი შეაშინოს, მაგრამ ალისა ამ ყველაფერს ყოყმანის გარეშე ახერხებს. მისი სახლი ჩრდილო-დასავლეთ ლონდონში, სადაც ის ქმართან და სამ შვილთან ერთად ცხოვრობს, სწორედ ამ გაბედული პროექტების დემონსტრირებას ახდენს.
ალისამ და მისმა ოჯახმა 1930-იანი წლების ტერასიანი სახლი 5 წლის წინ შეიძინეს. წინა მფლობელმა რემონტი დაიწყო, მაგრამ ფული ამოეწურა და გაჩერება მოუწია. „მე მიყვარს 1930-იანი წლების სახლები. შეიძლება ფიქრობდეთ, რომ ვიქტორიანული სახლი გსურთ, მაგრამ ამ პერიოდის სახლები უფრო გულუხვია; მათ უფრო ფართო ოთახები აქვთ და სივრცე თითქოს შუქით არის სავსე“ – ამბობს ალისა.
სახლის უკანა ნაწილი სამზარეულოს გაფართოების საშუალებას იძლეოდა, ხოლო სხვენი შეიძლებოდა მთავარი საძინებლისთვის და აბაზანისთვის დიდი სივრცის შესაქმნელად გამოყენებულიყო. ალისას რემონტის თვალსაზრისით უკვე გარკვეული დონის თავდაჯერებულობა გააჩნდა, ვინაიდან თავის ჩრდილოეთ კენსინგტონში მდებარე ბინაში უკვე გადაკეთებული ჰქონდა სხვენი. მიუხედავად ამისა, მაინც გასაოცარია, რომ მან ყველაფრის თავისით დაპროექტება გადაწყვიტა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პირველ შვილზე იყო ფეხმძიმედ. „ჩემთვის გადაწყვეტილებების თავად მიღება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო“ – განმარტავს ის. „ჩვენი ბინის რემონტზე არქიტექტორთან ერთად ვმუშაობდით და მაღიზიანებდა, როდესაც სამუშაო ჯგუფი გადაწყვეტილებებს ჩემთან შეთანხმების გარეშე იღებდა. რაც შეეხება ამ სახლს, პროექტზე მხოლოდ მე და მშენებელმა ვიმუშავეთ“.
თუკი ალისას სიმამაცეში დასარწმუნებლად ეს თქვენთვის საკმარისი არ არის, მისი შემდეგი პროექტი დაგაინტერესებთ, რომელიც კორონავირუსით გამოწვეული ლოკდაუნის დროს, მესამე შვილზე ფეხმძიმობისას ბიზნესის წამოწყებაში მდგომარეობს. იგი იმედგაცრუებული იყო, რომ მისთვის სასურველი აბაჟურები ვერსად იპოვა, ამიტომ, გადაწყვიტა, ისინი თავად შეექმნა. „დიდი ხნის განმავლობაში ვიყავი დეკორაციით გატაცებული, მაგრამ არანაირი გამოცდილება არ მქონდა” – ამბობს ის. მიუხედავად ამისა, მისი ზოლიანი აბაჟურები ნამდვილ ჰიტად იქცა. „როდესაც ხალხმა მათი ყიდვა დაიწყო, ამისთვის მზად ნამდვილად არ ვიყავი“ – აღიარა მან. სწორედ ამიტომ, მოგვიანებით, 2020 წელს, მან მკერავი დაიქირავა და პროდუქციის ასორტიმენტს ბალიშები და სხვა პროდუქტები დაამატა.
ალისას ცოცხალი ესთეტიკურობა და წვრილმანებისადმი მარდი მიდგომა მთელ სახლში იგრძნობა. რა თქმა უნდა, სახლში არის ინგლისური აგარაკის ელემენტები, მაგრამ ამას ემატება მაროკოში, ინდოეთსა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში მოგზაურობისას დაგროვილი უამრავი ცოცხალი შთაგონება, დიდი რაოდენობით მემკვიდრეობითი და ვინტაჟური ავეჯი, ასევე, ახალი შენაძენებიც. ინტერიერში ყვითელი, მწვანე და გამომწვარი თიხისფერი პალიტრა ჭარბობს. ალისა აღფრთოვანებულია ფერებით, მან სამზარეულოს ჭერი კირისა და წყლის ხსნარით შეღება, რათა ის დამახასიათებელ, ნედლი თაბაშირის კედლებთან შესაბამისი ყოფილიყო, ფერები ყველა კონტექსტში გამოიყენა, როგორც ხის ნაკეთობების, ასევე ჭერის შემთხვევაშიც. „ვფიქრობ სიგიჟეა, რომ ყველას თეთრი ჭერი სურს“ – აღნიშნავს ის, „ჭერისთვის ფერის გამოყენებამ, შესაძლოა, ოთახი უფრო დიდად გამოაჩინოს, თუმცა ყველა საპირისპიროს ამბობს”.
სახლში არსებული ალისას საყვარელი ნივთები ხელნაკეთია და მოიცავს მისი აბაზანის ფილებს, რომლებიც მან გააკეთა, რადგან სასურველი დიზაინი ვერ იპოვა, ასევე, ელეგანტურ საწოლის ტილოს, რომელიც მეგობართან ერთად შექმნა. გარდა ამისა, მთელი სახლის მასშტაბით გვხვდება მისი ხელით შექმნილი ქსოვილები. ყველაფრის თავად დაპროექტებამ ალისას საშუალება მისცა, სახლი მართლაც გამორჩეული და ჰარმონიულად შერწყმული გამხდარიყო.