შთაგონება და კრეატიულობა საქმისადმი სიყვარულსა და ინტერესს მოაქვს. ეს ყოველთვის მკაფიოდ იკითხება ნამუშევარშიც, რომელიც შემოქმედის ინდივიდუალურ ხელწერას გვაცნობს. პროფესიისადმი უსასრულო სიყვარული ნაცნობი განცდაა მანანა შაკიაშვილისთვისაც, რომელიც „ალიანს ჯგუფის“ არქიტექტურულ პროექტებზე მუშაობს. მისთვის, პროფესიული შთაგონება დაიწყო იმ დღიდან, როცა სკოლაში ცნობილი არქიტექტორის, ფრენკ ლოიდ რაიტის სიტყვები ამოიკითხა: „არქიტექტორის მისიაა დაეხმაროს ადამიანებს იმის გაცნობიერებაში, თუ როგორ გახადონ ცხოვრება უფრო ლამაზი, სამყარო მეტად უკეთესი საცხოვრებლად და როგორ მისცენ სიცოცხლეს მიზეზი, რითმა და აზრი“. ეს ფრაზა იქცა ქვაკუთხედად და მთავარ პასუხად კითხვაზე „რატომ აირჩიე ეს პროფესია“. როგორც თავად აღნიშნავს, არქიტექტურა სწორედ ის საქმეა, რომლითაც ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს იცხოვრონ გარემოში, სადაც ცხოვრების ხარისხს აიმაღლებენ და ამავდროულად, საკუთარი თავისთვის ჰარმონიულ სივრცეს შეიქმნიან.
„პროფესიული გადაწყვეტილების მიღებაში უდიდესი ზეგავლენა იქონია. წმ. მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზიამ, სადაც სასწავლებლის შემოთავაზებით შევძელი სწავლა საზღვარგარეთ, გამეგრძელებინა, კერძოდ კი მილანის აკადემიაში, რომლის დასრულების შემდგომ გადავედი პარიზში, სადაც უკვე განათლების მიღება მაგისტრატურაზე განვაგრძე და თანამშრომლობა დავიწყე ისეთ მასშტაბურ კომპანიებთან, როგორიცაა Air France და L’Oreal-ია. თუმცა, პანდემიის დროს მტკიცე გადაწყვეტილება მივიღე, საქართველოში დავბრუნებულიყავი. ჩამოსვლიდან რამდენიმე თვეში შევუერთდი „ალიანსის“ გუნდს, სადაც დღემდე, უდიდეს პროფესიულ თუ პიროვნულ გამოცდილებას ვიღებ“, – გვიამბო მანანა შაკიაშვილმა.
როგორია თქვენი როლი ალიანსის გუნდში?
2020 წლიდან, როცა „ალიანსში“ დავიწყე მუშაობა, ძირითადად, პროექტების აპარტამენტების ცენტრალურ, მთავარ გეგმარებებზე ვმუშაობდი, შემდგომ კი, უკვე დიზაინის ნაწილში ჩავერთე. როცა პროექტი საინვესტიციო, lifestyle ტიპის კონცეფციას ეფუძნება პრინციპულად მნიშვნელოვანია თითოეულ სტუმარსა და აპარტამენტის მფლობელს შევუქმნათ არამხოლოდ კომფორტი, არამედ სრულყოფილი გარემო ცხოვრებისა თუ სტუმარმასპინძლობისთვის.
არქიტექტურულ პროექტებზე მუშაობისას, რა არის თქვენთვის ამოსავალი წერტილი?
არქიტექტურული დიზაინის ფორმირებას ძირითადი აქცენტებისა და ინფორმაციების იდენტიფიცირებით ვიწყებ, ესენია: პროგრამული მიმართულებები, შეზღუდვები, მთავარი კონცეფცია და პროექტის მიზნები. ამ ყოველივეს გათვალისწინებით, დგება სრული სურათი, რის შემდგომაც იწყება უშუალოდ პროექტზე მუშაობა.
პროცესის ამოსავალი წერტილი ისევ ჩემი პროფესიული კრედოდან გამომდინარეობს, რომლის მიხედვითაც, ვცდილობ აპარტამენტი შეესაბამებოდეს მეპატრონის მიზნებს, საერთაშორისო სტანდარტებსა და იმავდროულად, ჩემს კრეატიულ ნააზრევსაც.
რა უნარები ეხმარება მუშაობაში პროფესიონალ არქიტექტორს?
არქიტექტორი დიზაინის თითოეულ ეტაპს საფუძვლიანად უნდა იცნობდეს. მიუხედავად იმისა, რომ ის შესაძლოა არქიტექტურასთან, ხელოვნების ისტორიასთან ახლოს იყოს, ამ მიგნებებისა და ინფორმაციების საკუთარ შენობებსა და ნამუშევრებში გამოხატვა, ვფიქრობ, მაინც ღრმა ცოდნითა და ზედმიწევნითი დისციპლინით ხდება.
სამუშაო პროცესში შთაგონების სხვადასხვა ცნობილი არქიტექტორისგან მიღება საკუთარი სტილის შექმნის განუყოფელი ნაწილია. ასევე, მიმაჩნია, რომ არქიტექტორი დახელოვნებული უნდა იყოს ქაღალდზე ხატვასა და ფიზიკური თუ ციფრული მოდელების შექმნაში. ახალ პროექტზე მუშაობის საწყის ეტაპზე, ეს ხელს უწყობს დამკვეთის სურვილების ზუსტად აღქმას. პარალელურად კი, გვეხმარება მისთვის ბრიფის პერიოდშივე უხეში ვიზუალური ესკიზების დამზადებაში.
ამ უნარებსა და ცოდნაზე დაყრდნობით, ვიზუალური მიმზიდველობის ფუნქციონალთან შერწყმით, არქიტექტორები ქმნიან სივრცეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ არსებულ მოლოდინებს როგორც ფორმით, ისე ფუნქციითაც.
როგორია გუნდური სამუშაო პროცესი არქიტექტორისთვის?
გუნდური მუშაობა, არქიტექტურული თუ სამშენებლო მიზნების მისაღწევად, ერთ-ერთ საკვანძო ფაქტორს წარმოადგენს, რადგანაც მთლიანი პროცესი და სასურველი რეზულტატი ეყრდნობა ღია კომუნიკაციას გუნდის წევრებს შორის, მათ თანამშრომლობის სურვილსა და პროფესიულ ურთიერთგაგებას.
პროექტის დაწყებიდან, განსაკუთრებით კი, წინასწარი დაგეგმვისა და ორგანიზაციის ეტაპზე, გუნდმა რაც შეიძლება ერთიანად უნდა იმუშაოს, რათა მაქსიმალურად სრულფასოვნად მიაღწიოს პროექტის მიზნებს.
არქიტექტორებს მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს პროექტის მენეჯერებთან, ინჟინრებთან, სამშენებლო მენეჯერებთან, რაოდენობის ამზომველებთან და შესყიდვების დეპარტამენტთან, რითაც დიზაინი და მის ფარგლებში შექმნილი იდეები, სრულყოფილ რეალობად ვაქციოთ.
რას ურჩევდით დამწყებ არქიტექტორებს, პროფესიული თვალსაზრისით?
არქიტექტურა ხელოვნებაა, ამ ხელოვნების ავტორი კი ყოველდღე და ყველგან, მუდმივ მოძრაობაში უნდა იყოს, რათა მიაღწიოს იმ მიზნებს, რომლებიც საბოლოოდ, შთამაგონებელ პროექტებში გადმოითარგმნება.
წარმოსახვა, კრეატიულობა და პროფესიისადმი გაღვივებული ვნება – ამ სამი თვისების ფლობა, ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია არქიტექტორისთვის.
გარდა ძირითადი ცოდნისა, არქიტექტორებს სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან მუდმივ რეჟიმში უწევთ მუშაობა. შესაბამისად, დიზაინერული უნარების – კრეატიულობისა და კომუნიკაბელურობის განვითარება, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სერტიფიცირებაა ჩვენთვის.
ეს არის უწყვეტი პროცესი სურვილების იდენტიფიცირების, ხედვის ფორმირებისა და შემდგომ, ამ აღქმის, რეალობაში გადმოტანის – “Beauty perishes in life, but is immortal in art” („სილამაზე თანდათან ქრება, მაგრამ ხელოვნებაში მოიპოვებს უკვდავებას“) – ლეონარდო და ვინჩი.