ეს არის პროექტი, რომელიც აღფრთოვანებას იწვევს, როგორც არქიტექტურულ სამყაროში ასევე ლესა დე პალმეირას ადგილობრივ მაცხოვრებლებში. საცურაო აუზის კომპლექსი ალბათ ყველაზე კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება საზოგადოებრივი სივრცე იდეალურად მუშაობდეს საკმაოდ კომპლექსურ გარემოსთან. არქიტექტორს პროექტირებისას ბევრი მცირე დეტალი აქვს გათვალისწინებული და თითოეული სივრცე თუ მათი დამაკავშირებელი გზა განსხვავებულ ემოციას გვიქმნის.
1966 წელს კომპლექსის დამთავრებისთანავე გახდა მსოფლიოში აღიარებული არქიტექტურული ნაგებობა. თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგაც პროექტს მთლიანად შენარჩუნებული აქვს იერსახე, ხოლო ვიზიტორები დღემდე ვერ მალავენ იმ აღფრთოვანებას, რაც ვიზიტის დროს ეუფლებათ. შენობა მოიცავს გასახდელ ოთახებს, კაფესა და ორ, მათ შორის ერთ საბავშვო საცურაო აუზს. ის მდებარეობს ატლანტის ოკეანესა და სანაპიროს გადაკვეთაზე. არქიტექტორი განსაკუთრებული სიფრთხილით მიუდგა ადგილობრივ გარემოს და პროექტში ნათლად სჩანს მისი ძალისხმევა, რომ მაქსიმალურად მცირედით ჩარეულიყო სანაპიროს ქვის ფორმირებაში. როგორც ვიზიტორები ამბობენ, განსაკუთრებით სენსაციურია კომპლექსში გასასვლელი, როდესაც ვიწრო ბეტონის კორიდორიდან ხვდები შთამბეჭდავი კომპლექსის სივრცეში, რომელიც კიდევ უფრო ამძაფრებს მათ გაკვირვებას.
სიზა პორტუგალიელი არქიტექტორია და მას 1992 წელს აქვს მიღებული პრიცკერის არქიტექტურული პრემია. იგი დაიბადა პორტოში და სწორედ ამ ქალაქში და მის მიმდებარედ ვხვდებით სიზას მრავალ პროექტს, ლესას საცურაო აუზიც პორტოსთან მდებარეობს. აქვე მდებარეობს მისი კიდევ ერთი ცნობილი პროექტი ჩაის სახლი. არქიტექტორი განსაკუთრებით გამორჩეულია მარტივი სუფთა ფორმებით და მათი ვირტუოზული გამოყენებით.
“სიზას შემოქმედება დაფუძნებულია სივრცის და მოცულობის ერთიანობაზე, ფუნქციასა და ფორმაზე” – ურიოლ ბოჰიგასი
ფოტოები – Divisare, Archdaily