მწერალი და მაღაზიის მფლობელი — ამანდა ბრუკსი არის ერთ-ერთი იმ იშვიათ ადამიანთაგანი, რომლის პირადი გემოვნებაც სრულიად თავდაჯერებულობის შეგრძნებას ტოვებს. სინამდვილეში, ის არის ერთგვარი “გემოვნების შემქმნელი”, რომლის კარიერის ტრაექტორია მოიცავს როგორც მოდის, ისე დიზაინის სამყაროს. როგორც ჩანს, ამანდას განსაკუთრებული ინტუიცია გააჩნია, რის შედეგადაც მას შეუძლია სილამაზე სხვებზე ადრე აღმოაჩინოს.
ამანდამ კოტსვოლდში (ინგლისი) გახსნა ძალიან ლამაზი მაღაზია, სადაც იყიდება სხვადასხვა საინტერესო, დამოუკიდებელი მწარმოებლების ნამუშევრები, საგულდაგულოდ მოპოვებული ტანსაცმელი და ანტიკვარიატი. Cutter Brooks — მისი ქალიშვილობისა და ქორწინების გვარების გაერთიანება — იყო პროექტი, რომელიც განხორციელდა მას შემდეგ, რაც ამანდამ და მისმა მეუღლემ — მხატვარმა კრისტოფერ ბრუკსმა 2012 წელს ერთწლიანი შემოქმედებითი შვებულება აიღეს და საბოლოოდ საცხოვრებელიც კი შეიცვალეს.
შენობა, სადაც ახლა Cutter Brooks მდებარეობს იყო სრულყოფილი “ცარიელი ტილო” იმ იდეისთვის, რომელსაც ამანდა ჯერ კიდევ ავითარებდა. მაღაზიაში იგი თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში.
საშობაოდ Cutter Brooks-ში ნამდვილი სადღესასწაულო ატმოსფერო იქმნება. დეკორაციისადმი ამანდას მიდგომა სადღესასწაულო ევროპული და ამერიკული ნოსტალგიის მომხიბვლელ შერწყმას წარმოადგენს. აქ თავს იყრის ასობით ხელნაკეთი შუშის ორნამენტი, თოვლის ბაბუების არმია, საშობაო ვახშმისთვის გაშლილია სუფრა. აქ ქაღალდის ყვავილებიც კი სეზონური უნდა იყოს.
ოჯახი ახლა ცხოვრობს Fairgreen Farm-ში, სადაც კრისტოფერი დაიბადა და ის ახლა აქ მიწას მართავს. Fairgreen ჯერ კიდევ ბრუკსების ოჯახის საცხოვრებელია, სადაც მისი დედა, და-ძმები და მათი შვილები ფერმის ირგვლივ მდებარე სხვა სახლებში ცხოვრობენ.
სოფლის ცხოვრებასთან ადაპტაციით, ამანდას სტილი და გემოვნება შეიცვალა. სახლის დიზაინში მისი წვლილი არის ამერიკული კომფორტისა და პრაქტიკულობის ინექცია — კარადები, წიგნების თაროები, დასაჯდომი ადგილების ახალი კონფიგურაცია მისაღებ ოთახში, ნარდის მაგიდა (ოჯახური მემკვიდრეობა მისი მშობლების ძველი სახლიდან), ასევე ხელოვნების ნიმუშებისა და კერამიკის კოლექცია.
„ჩემთვის შობა არა კარგ გემოვნებასთან, არამედ გართობასთან ასოცირდება. მიყვარს ბევრი ნატურალური ნივთის, კონკრეტულად გირლანდების გამოყენება“ — აღნიშნავს ამანდა.
მისაღები ოთახს, რომელიც ნამდვილ საშობაო განწყობას ქმნის, ამშვენებს სანთლები, შუშისგან დამზადებული დეკორატიული ხილი, წინდებითა და სხვა ულამაზესი ელემენტებით მორთული ბუხარი და ნაძვის ხე, რომელიც ასობით პაწაწინა ფრინველითა და ფერადი ნათურებით არის გაფორმებული.
სილკა რიტსონ თომას Tuk Tuk Flowers-ის დამფუძნებელი, ამანდას მეზობელი და მეგობარია. მისმა სტუდიამ სამზარეულოს ფანჯრებისთვის საოცარი გამწვანება შექმნა.
ბაღში ფერადი განათება, სკამები ბალიშებით, ყვავილის ფორმის თასში აგიზგიზებული ცეცხლი და იქვე მორთული ნაძვის ხე მყუდრო გარემოს ქმნის.
„მინდოდა შემექმნა ლამაზი, მყუდრო სივრცე გარეთ, სადაც ჩემი 89 წლის დედამთილი გარემოთი ტკბობას შეძლებდა” — ამბობს ამანდა, „საკუთარი გემოვნებისა და სტილის სრულყოფილად გამოხატვა ძალიან სასიამოვნოა.”