in

ამერიკული სტილის სამზარეულო – 3 მთავარი მახასიათებელი

ამერიკული სამზარეულოების შესახებ საუბრისას ყველას პოპულარული ფილმებისა და სერიალების ინტერიერები ახსენდება უზარმაზარი გაზქურებით, მრავალი ღუმელით, ფართო გამწოვებით, საკვების შესანახი საკუჭნაოებით და ფანჯარასთან დამონტაჟებული ტრადიციული ნიჟარებით. ამ შესამჩნევი დეტალების გარდა, ამერიკული სტილის სამზარეულოებს სხვა მახასიათებლებიც გააჩნია – დაგეგმარება და დიზაინი, რაც ხშირად შეუმჩნეველი რჩება.

მთავარი განსხვავება

ამერიკული სამზარეულოების მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ის არის, რომ ისინი ყველაზე ხშირად განლაგებულია კერძო სახლში, ამიტომ ადგილობრივი დიზაინერები და სახლის მფლობელები ამ ოთახის ზომას არ ზოგავენ. კუნძული ამერიკული სამზარეულოს გულია. აქ არა მარტო კერძებს ამზადებენ, არამედ საუზმობენ, ურთიერთობენ, ბავშვები საშინაო დავალებებს აკეთებენ, ხოლო უფროსები მუშაობენ. ევროპული სამზარეულოსგან განსხვავებით, ამერიკელებს კუნძულში ტექნიკის ინტეგრირება არ მოსწონთ. როგორც წესი, ტექნიკა ცალკეულ ადგილებში კედლების გასწვრივ არის განლაგებული. ასევე, ნიჟარა კუნძულში ძალიან იშვიათად არის  ჩაშენებული, უმეტეს შემთხვევაში ის ფანჯარასთან არის დამონტაჟებული.

ფასადები

ამერიკელები უპირატესობას უფრო ტრადიციული სტილის სამზარეულოებს ანიჭებენ – ფასადები პანელებით, ორნამენტები დეკორატიული აქცენტებისთვის და ფუნქციური ზონების გამოსაყოფად, სამზარეულოს ავეჯის თბილი და მშვიდი ელფერები. რძისფერი, პიტნისფერი, რბილი იასამნისფერი, ლურჯი და ბუნებრივი ხის ელფერები – ეს არის ფერთა პალიტრა, რომელიც აშშ-ში პოპულარულია.

სათავსოები

ამერიკელებისთვის ერთ-ერთი დიდი კომფორტი სამზარეულოში შენახვის სისტემების სიმრავლეშია. მრავალფეროვანი ჩანართები, უჯრის და თაროების გამყოფები, მოდულები დანა-ჩანგლის, ქსოვილების, დაფების ან საცხობი ფორმების შესანახად, კარებს შიგნით არსებული სანელებლების თაროები – პატარა სამზარეულოშიც კი ფუნქციური ნაწილი უმაღლეს დონეზეა.

ბინა ფალიაშვილის ქუჩაზე – TIMM Architecture-ის ნამუშევარი

სახლი მაიამის ზღვის სანაპიროზე – სტეფანი ბარბა მენდოზას პროექტი