დღეს ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ უნდა შეავსოთ აბაზანასა და კედელს შორის არსებული ცარიელი სივრცე და რა უნდა გამოიყენოთ ამისთვის — ჩვეულებრივი ფუგა თუ სხვადასხვა ტიპის პლინტუსი. ამასთან, აგიხსნით, როგორ გააკეთოთ ეს პროფესიონალის დახმარების გარეშე.
რატომ ჩნდება ცარიელი სივრცეები?
ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს, რომელთაგან მთავარი მოპირკეთების ნაკლოვანებებია. მაგალითად, არათანაბარი, „ტალღოვანი“ ზედაპირები და იატაკის მოჭიმვა, რის გამოც აბაზანა დეფორმირდება. არათანაბარი კუთხეები ან, უბრალოდ, ოთახის არასტანდარტული განლაგება ასევე დიდ პრობლემებს ქმნის. ზოგჯერ საქმე გვაქვს სანტექნიკის დეფექტებთან. ამ შემთხვევაში გამოსავალი მისი შეცვლაა. გახსოვდეთ, რაც უნდა მცირე იყოს ცარიელი სივრცე, მისი დაფარვა მაინც აუცილებელია.
დიდი ცარიელი სივრცე აბაზანასა და კედელს შორის
დიდი სიცარიელე მაშინ იქმნება, როდესაც აბაზანა უფრო მოკლეა, ვიდრე ადგილი, სადაც ის უნდა მოთავსდეს. ეს ხშირად ხდება, რადგან, როგორც წესი, აბაზანა სტანდარტული ზომებით იყიდება (1,5 მ, 1,6 მ. ან 1,7 მ.). ამ შემთხვევაში, სიცარიელე შეიძლება თაბაშირმუყაოს ყალბი ტიხრით ან აგურითა და ცემენტით შეივსოს.
რა მოხდება, თუ ცარიელი სივრცე დაულუქავი დარჩება?
რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, ესთეტიკური მხარე უგულებელყოთ და ხარვეზები დატოვოთ, თუმცა, საქმე მხოლოდ იერსახეს არ ეხება. აბაზანა სველი წერტილია, რომელშიც წყალი ყოველთვის იქნება. მაშინაც კი, თუ სიფრთხილეს გამოიჩენთ, წვეთები კედლებიდან მაინც დაიწყებს გადინებას. მაღალი ტენიანობა ობს გამოიწვევს, რაც თქვენს ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის.
როგორ მოვამზადოთ ზედაპირი სწორად?
იმის მიუხედავად, როგორ დალუქავთ ღიობს, ზედაპირის შესაბამისად მომზადება მაინც აუცილებელია. იმოქმედეთ შემდეგი სქემის მიხედვით:
- გაასუფთავეთ ადგილი ყველანაირი ჭუჭყისაგან, ძველი საღებავისგან, სამშენებლო მასალების კვალისაგან.
- გამოაშრეთ ზედაპირი.
- დაფარეთ ზედაპირი სოკოს საწინააღმდეგო საშუალებით. ეს თავიდან აგარიდებთ ობის გაჩენას.
- შეიძინეთ ყველაფერი, რაც სამშენებლო სამუშაოებისთვის გჭირდებათ. Ზუსტად რა დაგჭირდებათ, ეს ქვემოთ მოცემული მეთოდების გაცნობის შემდეგ გადაწყვიტეთ.
როგორ დავლუქოთ ცარიელი სივრცეები?
აბაზანასა და კედელს შორის არსებული სივრცის მოპირკეთებამდე საჭიროა მისი დალუქვა. საამისოდ რამდენიმე გზა არსებობს.
- გამოიყენეთ ცემენტი
ცემენტი გამძლეა. უფრო მეტიც – მას წყლის პირდაპირი ნაკადები ვერაფერს აკლებს. ნარევის მოსამზადებლად გამოიყენეთ შემდეგი პროპორცია: 2x ქვიშა და 1x ცემენტი. მასას შეურიეთ წყალში გახსნილი წებოც, რაც დალუქვის ხარისხზე დადებითად იმოქმედებს.
გარდა ამისა, ღიობის დალუქვისას ეცადეთ, ცემენტი კარგად გაანაწილოთ, რათა ერთგვაროვანი ზედაპირი მიიღოთ. აუცილებელია ზედმეტი მასალის მოცილება, რადგან ის სწრაფად გამკვრივდება. თუ დაშორება 5 მმ-ზე მეტია, ცემენტს საგანგებო პროფილზე ათავსებენ. ამოვსებული ადგილის გაფორმება 24 საათის შემდეგ არის შესაძლებელი.
- გამოიყენეთ სანიტარული საჰერმეტიზაციო მასალა
აბაზანასა და კედელს შორის არსებული სიცარიელის ამოსავსებად კიდევ ერთი გზა სანიტარული საჰერმეტიზაციო მასალის გამოყენებაა.
- საჰერმეტიზაციო მასალის წასმამდე კედლისა და აბაზანის ნაწილს წებოვანი ლენტით ფარავენ.
- შემდეგ სიცარიელეს საჰერმეტიზაციო მასალით ავსებენ.
- გრძელ ღიობებს ნაწილ-ნაწილ ავსებენ, რათა მასალის გაშრობამდე (10-15 წუთი) მისი გასწორებისთვის დრო დარჩეს. ბოლოს წებოვანი ლენტი ზედაპირებს ფრთხილად შორდება.
როგორც წესი, საჰერმეტიზაციო მასალის სრულად გაშრობის დრო 24 საათია. ეს მასალა ობისა და სოკოს საწინააღმდეგო დანამატებს შეიცავს.
ყიდვამდე ყურადღება მიაქციეთ საჰერმეტიზაციო მასალის ფერს, რომელიც გამჭვირვალე, თეთრი, ნაცრისფერი, შავი და ყავისფერი შეიძლება იყოს. ტრადიციულად, სააბაზანოსთვის თეთრს ირჩევენ.
- სამონტაჟო ქაფი
სივრცის დასალუქად კიდევ ერთი მასალა სამონტაჟო ქაფია.
- მოამზადეთ ხელთათმანები — მათ გარეშე ვერ იმუშავებთ.
- წასმამდე შეანჯღრიეთ ქაფის ჭურჭელი.
- ცარიელი სივრცე ამოავსეთ ქაფით.
- მოაშორეთ კუთხეებს ზედმეტი მასალა, შემდეგ კი ქაფის გაშრობას დაელოდეთ, რასაც დაახლოებით ერთი საათი დასჭირდება. გაშრობის შემდეგ ჭარბი ქაფი შეიძლება დანით მოიჭრას, ფოროვანი ადგილები კი სანიტარული სილიკონით უნდა შეივსოს.
- ამის შემდეგ შეგიძლიათ მასალა გააფორმოთ. დეკორის არჩევანი დამოკიდებულია მოპირკეთებაზე.
სამშენებლო ბაზარზე 2 სახის ქაფს შეხვდებით: საყოფაცხოვრებოს და პროფესიონალურს. პირველი შესაფერისია პატარა ცარიელი სივრცეებისთვის, მეორისთვის კი საგანგებო იარაღია საჭირო. შესაბამისი ცოდნის გარეშე მისი გამოყენება რთულია.
ქაფი ტენიანობისადმი მდგრადი უნდა იყოს, მხოლოდ ასე შეიძლება სიცარიელის ხარისხიანად ამოვსება.
- ფუგა
მომცრო სივრცეების ამოსავსებად ფუგა დაგეხმარებათ, რომელიც ფილებისთვის გამოიყენება.
- წაუსვით ფუგა ფითხით და ზედმეტი მასალა ფრთხილად მოაშორეთ. შეარჩიეთ ტენიანობისადმი მდგრადი მასალა, რათა ობის გაჩენა თავიდან აირიდოთ.
- დაელოდეთ გაშრობას და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიყენეთ აბაზანა.
აბაზანასა და კედელს შორის არსებული სიცარიელის დეკორატიული გზებით შევსება
დალუქვის შემდეგ ღიობები დეკორით უნდა დაიფაროს. ქვემოთ მოცემულია ამის 5 ძირითადი მეთოდი.
- პლასტმასის კუთხე
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ხელმისაწვდომი ვარიანტია პლასტმასის კუთხე, რომელიც 3 სანტიმეტრამდე ღიობებს ადვილად ფარავს. სილიკონის საჰერმეტიზაციო მასალა (უმჯობესია გამჭვირვალე) მის დამაგრებას შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, არსებობს ისეთი საჰერმეტიზაციო მასალები, რომლებიც სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებსაც შეიცავს.
- სასაზღვრო ლენტი
აბაზანისა და კედლის შეერთების გასაფორმებლად კიდევ ერთი იაფი და მარტივად დასამაგრებელი აქსესუარი თვითწებვადი სასაზღვრო ლენტია. იგი მზადდება პოლიმერული მასალისგან, რომელიც მდგრადია ტენიანობის მიმართ. მის ერთ მხარეზე არსებული წებო მჭიდრო და ხანგრძლივ ფიქსაციას უზრუნველყოფს. ცარიელი სივრცის ზომიდან გამომდინარე, ირჩევა ფირის სიგანე, რომელიც 11 მმ-დან 60 მმ-მდე მერყეობს. სიგრძე, როგორც წესი, 3,5 მეტრია, რაც აბაზანის ორი მოკლე და გრძელი მხარისათვის საკმარისია. მაღალი ხარისხის პროდუქტის შეძენის შემთხვევაში, მის დამაგრებას რამდენიმე წუთი დასჭირდება.
- კედლის ფილები
სიცარიელის ამოსავსებად კედლის ფილებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ. უპირველესად, მონტაჟდება აბაზანა, შემდეგ კი მაგრდება ფილები. ასეთი მეთოდით შევსებული ღიობი ვერ შეიცვლება, ამიტომ პროცესი თავიდანვე სწორად უნდა გათვალოთ. თუ საგანგებო ხელსაწყოები და შესაბამისი უნარები გაქვთ, შეგიძლიათ, სამუშაო თავადაც შეასრულოთ. ეს პროცესი კედლის ფილებით მოპირკეთებისგან არ განსხვავდება.
ეს მეთოდი შესაფერისია მძიმე თუჯის აბაზანისთვის, ჰიდრომასაჟის ფუნქციის მქონე მოდელისთვის კი — ნაკლებად. დაზიანებული მოწყობილობის შესაკეთებლად, სავარაუდოდ, ფილების ნაწილის დემონტაჟი მოგიწევთ. დიდი ზომის კუთხეების მქონე აბაზანის შემთხვევაში, მისი დაბინძურების ან გაფუჭების მაღალი რისკი არსებობს და, გარდა ამისა, მოსაპირკეთებელი სამუშაოების შესრულებაც საკმაოდ მოუხერხებელია.
- პროფილი
ფირის უფრო სრულყოფილი ანალოგია პროფილები, რომლებიც ქლოროვანი ვინილისგან მზადდება. ისინი სიმტკიცით გამოირჩევა და ტენიანობისადმი მდგრადია. მონტაჟის მეთოდის მიხედვით, პროფილები ორ ტიპად იყოფა. გარე პროფილები მონტაჟდება მოსაპირკეთებელი სამუშაოს შემდეგ, კედლებისა და აბაზანის გაწმენდილ, უცხიმო, მშრალ ზედაპირებზე. ამ შემთხვევაში ნეიტრალური სილიკონის საჰერმეტიზაციო მასალას პროფილის უკანა მხარეს უსვამენ და მას ზედაპირზე ძლიერად აკრავენ.
ქლოროვანი ვინილისგან, ან უფრო საიმედო – ალუმინისგან, დამზადებული შიდა პროფილი ფილების დაგების პარალელურად მონტაჟდება. ასეთი პროფილებს არ სჭირდება სილიკონის საჰერმეტიზაციო მასალა. მდგრადობის გარდა, ისინი ჰიგიენის მაღალი დონისა და ესთეტიკური მიმზიდველობის ხანგრძლივ გარანტიას იძლევა.
- დეკორატიული პლინტუსი
დეკორატიული პლინტუსის დასამონტაჟებლად ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციას მიჰყევით. კარგი იქნება, თუ ვინმე დაგეხმარებათ და პლინტუსს დაიჭერს.
- ზედაპირი, რომელზეც დეკორატიული პლინტუსი უნდა მიაწებოთ, ცხიმისგან გაწმენდილი უნდა იყოს. ამისათვის გამხსნელი გამოიყენეთ.
- მიამაგრეთ პლინტუსი და მონიშნეთ, სად უნდა მოიჭრას. ბოლოები 45-გრადუსიანი კუთხით მოჭერით.
- გადაბმის ადგილებს ფრთხილად წაუსვით საჰერმეტიზაციო მასალა და გადაანაწილეთ ფუნჯით.
დეკორატიული პლინტუსი ქლოროვანი ვინილისგან ან ქაფპლასტისგან მზადდება, ამიტომ წყალს არ ატარებს. გაითვალისწინეთ, პლინტუსი ყოველთვის საჰერმეტიზაციო მასალაზე უნდა დაწებდეს. სწორედ ამაზეა დამოკიდებული ღიობის დაცვა. დეკორატიული პლინტუსი 2 სანტიმეტრამდე სიდიდის ღიობებისთვის გამოიყენება.
როგორ გავაუმჯობესოთ ღიობის დალუქვის ხარისხი?
ერთდროულად გამოიყენეთ დაცვის რამდენიმე მეთოდი. მაგალითად, ჯერ ღიობები ამოავსეთ სამონტაჟო ქაფით, გაშრობის შემდეგ კი საჰერმეტიზაციო მასალა წაუსვით და სასაზღვრო ლენტი დაამაგრეთ. ღიობების ამგვარი დალუქვა სამჯერ უფრო ძლიერია.
კიდევ რა უნდა ვიცოდეთ?
- თუ თქვენი აბაზანა აკრილის პლასტმასისგანაა დამზადებული, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ასეთ აბაზანებს ჩაზნექვა ახასიათებს. ეს დალუქვის სამუშაოებს წყალში ჩაგიყრით. ამიტომ მომჭერები უნდა გამოიყენოთ — ორი მომჭერი ორივე მხრიდან სიგანეზე უნდა განთავსდეს, ორი კი — სიგრძეზე.
- დალუქვისას აკრილის პლასტმასის აბაზანა სავსე უნდა იყოს. მხოლოდ მასალების გაშრობის შემდეგ დაცალეთ ის წყლისგან.
- ვიბრაციის აღმოსაფხვრელად, თუჯისა და ფოლადისგან დამზადებული აბაზანა ასევე მყარად უნდა იდგეს.
ღიობების დალუქვას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან არასწორად წარმართულმა სამუშაოებმა, შესაძლოა, რემონტი გაგიფუოთ. რაც შეეხება დალუქვის მეთოდს, შეგიძლიათ ზემოჩამოთვლილთაგან ნებისმიერი აირჩიოთ — ეს იმაზეა დამოკიდებული, როგორი შედეგის მიღება გსურთ.