in

არქიტექტურა, როგორც ცხოვრებისეული სიყვარული – ინტერვიუ ანა ბიბილაშვილთან

Homeis.ge საკუთარ პროფესიაზე შეყვარებულ კიდევ ერთ საინტერესო არქიტექტორს, ანა ბიბილაშვილს გაგაცნობთ. ჩვენმა რესპონდენტმა ადრეული ასაკიდანვე ზუსტად იცოდა, რა იქნებოდა მისი პროფესია და მიზნის მისაღწევად ბევრი დრო და ენერგია დახარჯა. დღეს ანა განვლილ გზაზე, შემოქმედებით წარმატებაზე, არქიტექტურის ძირითად პრინციპებსა და პროფესიულ ხედვაზე გვესაუბრება.

ანა, გვიამბეთ თქვენს ბავშვობაზე, როგორ გარემოში იზრდებოდით?

ჩემი მშობლები მშენებელ-ინჟინრები არიან, ამიტომ პროფესიიდან გამომდინარე, ხშირად უწევდათ სახლში მუშაობა. პატარაობიდანვე ნახაზებით სავსე სამუშაო მაგიდას ვხედავდი, რომლის მყუდრო, ყვითელი შუქი მიმზიდველად მეჩვენებოდა. ხის სახაზავი ჩემი საყვარელი სათამაშო იყო, ნახატები კი მხოლოდ სახლებს უკავშირდებოდა. ბავშვობაში მეამბოხე ვიყავი. ბოლოს ეს შინაგანი ამბოხი და ცვლილებების მოთხოვნილება არქიტექტურაში „გადაითარგმნა“. ამიტომ, ხშირად ვამბობ, რომ მე არ ამირჩევია პროფესია – მან თვითონ ამირჩია. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ თითქოს არქიტექტურასთან ერთად დავიბადე.

მოგვიყევით, სად მიიღეთ განათლება და როგორ აირჩიეთ მომავალი პროფესია.

სკოლის ასაკში უკვე ვიცოდი, რომ არქიტექტორი ვიქნებოდი. 16 წლისა უკვე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტი ვიყავი. ძალიან კარგი პედაგოგები მყავდა, რომლებიც პროფესიისადმი ინტერესს მიღრმავებდნენ. თითქმის 20 წელი გავატარე უნივერსიტეტის კედლებში: ბაკალავრიატი და მაგისტრატურა დავამთავრე, ექვსი წელი არქიტექტურასაც ვასწავლიდი, შემდეგ კი სადოქტორო საფეხურზე გავაგრძელე სწავლა. ამ დროს, გარკვეული პერიოდი, პორტუგალიაში, ლისაბონის უნივერსიტეტში ვსწავლობდი. იქაც ძალიან კარგი პროფესორები შემხვდა, რომლებმაც მუშაობის გაგრძელება შემომთავაზეს. თუმცა, ვინაიდან ვფიქრობ, რომ არქიტექტორობა საქართველოში სულ სხვა გამოწვევა და სრულიად ახალი შესაძლებლობაა, პროგრამის დამთავრებისთანავე სამშობლოში დავბრუნდი.

როგორ განვითარდა თქვენი პროფესიული გზა?

უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე პროფესიით დავიწყე მუშაობა. მახსოვს, დიპლომის დაცვის შემდეგ ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში, არქიტექტორის პოზიციაზე, გასაუბრება გავიარე და მაშინვე ამიყვანეს. მალევე მივხვდი, რომ რეალურ ცხოვრებაში ჩემი ცოდნა საკმარისი არ იყო, ამიტომ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა დავიწყე. მაშინ ინფორმაციაზე წვდომის ამხელა შესაძლებლობა არ გვქონდა, ამიტომ რასაც ვპოულობდი, ყველაფერს ვკითხულობდი. ხუთი თვის განმავლობაში, თითქმის ყოველდღე, გამთენიისას გავდიოდი ოფისიდან. კომპანიაში მისვლიდან ზუსტად ხუთი თვის თავზე მთავარი არქიტექტორი გავხდი. ჩემს ცხოვრებაში უამრავი ასეთი გამოწვევა, შესაძლებლობა თუ „გამართლება“ ყოფილა. მეორე სამსახური უკვე ჩემი საპროექტო სტუდია „ენდიზაინი“ იყო, რომელსაც წელს 11 წელი უსრულდება. თავიდანვე გადავწყვიტე, ეს ბიზნესი შემოქმედებითი თავისუფლების კუნძულად მექცია საკუთარი თავისთვის, ქართული არქიტექტურისთვის კი ახალი, საინტერესო სივრცე შემექმნა. მე და ჩემი გუნდი ამ ჩანაფიქრს დღემდე ერთგულად ვემსახურებით.

ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი წავკისში. ფოტო – ნათია გელანტია

გვესაუბრეთ თქვენს პროფესიაზე, როგორ შეაფასებდით XXI საუკუნის არქიტექტორს?

პირველი, რაც თავში მომდის, არის სიტყვა „საინტერესო“. თითქოს მარტივი სიტყვაა, მაგრამ, თუ არქიტექტურის განვითარების ისტორიას გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო პერიოდში გვიწევს ცხოვრება. კაცობრიობის ისტორიის ყველა ეტაპზე არქიტექტურა იქმნებოდა როგორც ისტორიის მემატიანე და თავის თავში აერთიანებდა ეპოქის კულტურას, პოლიტიკასა და ტექნოლოგიებს. სწორედ ამ სამი მახასიათებლის თავისებურებათა ერთობლიობით ყალიბდებოდა სტილი, ცალკეული შენობები და ქალაქებიც კი. უკანასკნელ რამდენიმე ათწლეულში ძალიან სწრაფად და რადიკალურად შეიცვალა დამოკიდებულება სივრცეების მიმართ. ქალაქების სიმჭიდროვე, ადამიანების ცხოვრების წესი, ტექნოლოგიები – ამ ყველაფერს არქიტექტურაზეც აქვს გავლენა. ჯერჯერობით თანამედროვე არქიტექტურა ძიების ეტაპზეა, ამიტომ, შეიძლება ითქვას, XXI საუკუნის არქიტექტორის შემოქმედებითი ცხოვრება საინტერესო, კომპლექსური და გამოწვევებით სავსეა.

ანა, როგორ დაახასიათებდით ქართულ არქიტექტურულ სივრცეს?

საქართველოში დღეს ბევრი ნიჭიერი და საინტერესო ხედვის მქონე არქიტექტორი და სტუდიაა, რომლებიც ძალიან საინტერესო არქიტექტურას ქმნიან. უბრალოდ, საერთო ფონზე ეს არ აღიქმება, რადგან, ერთი მხრივ, მსოფლიოს არქიტექტურული და ტექნოლოგიური რყევები გავლენას ახდენს ჩვენზე, მეორე მხრივ კი – საბჭოთა მემკვიდრეობა, რომელიც ჩატეხილი ხიდი იყო ეროვნული იდენტობის განვითარების გზაზე. საბჭოთა კავშირი ყველაზე მეტად სწორედ იდენტობას ებრძოდა, არადა, არქიტექტურა სხვა არაფერია, თუ არა იდენტობის სივრცითი ფორმა.
კიდევ ერთი ფაქტორი, რომელმაც საქართველოს არქიტექტურული სივრცე დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა, გარდამავალი პოლიტიკურ-ეკონომიკური ეტაპია. სამწუხაროდ, სწრაფი ურბანიზაციის პროცესს არასაკმარისი ცოდნისა და გამოცდილების გარეშე შევხვდით, რამაც შესაბამის შედეგებამდე მიგვიყვანა.

საცხოვრებელი სახლი აწყურში

თქვენ ურბანული განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი ხართ. საინტერესოა, რას ფიქრობთ ქალაქის ურბანულ განვითარებასა და მისი იდენტობის შენარჩუნებაზე.

ყველაზე დიდი გამოწვევა საქართველოს ქალაქების ურბანული განვითარებისთვის მოკლევადიანი ხედვა და სივრცის მოწყობის ფრაგმენტაციაა. ქალაქი მთლიანი ორგანიზმია, ზოგჯერ სხვა ქალაქებთან ერთადაც კი. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, შეიძლება ერთი დიდი ქალაქის განვითარება ცვლიდეს მიმდებარე ქალაქების ეკონომიკურ მდგომარეობას, განაშენიანებას და მოსახლეობის ცხოვრების ხარისხს. ეს თბილისის აგლომერაციაში კარგად ჩანს. თუ მსგავს მასშტაბს რეალურ მდგომარეობას შევადარებთ, გასაგები გახდება, რომ ქალაქის გააზრება ერთი ქუჩის და, მით უფრო, ერთი ნაკვეთის კონტექსტში დიდი შეცდომაა. სამწუხაროდ, ქუჩა, როგორც სისტემა, ქართულ კანონმდებლობაში ასახული არ არის, რამაც მნიშვნელოვნად დააზიანა საქართველოს ქალაქები. ჩვენს ქვეყანაში ქალაქის იდენტობას ხშირად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან აიგივებენ. არადა, ქალაქის იდენტობა, პირველ ყოვლისა, ქალაქის ურბანული სტრუქტურაა, რომლის დაცვასაც გაცილებით გრძელვადიანი ხედვა და გადაწყვეტილებები სჭირდება.

გვესაუბრეთ თქვენს შემოქმედებაზე. როგორია თქვენი ხელწერა?

ვფიქრობ, ხელწერაზე საუბარი შემოქმედებითი ცხოვრების ამ ეტაპზე ნაადრევია. ზოგადად, არქიტექტორის ფილოსოფიური ხედვა დიდ გავლენას ახდენს მის შემოქმედებაზე. ბოლო წლების გამოცდილების გათვალისწინებით, შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი არქიტექტურა მუდმივად უსვამს ხაზს ინდივიდის მნიშვნელობას. ჩემთვის ადამიანი – მისი ხასიათი, კომპლექსურობა, ემოციურობა – შთაგონების მთავარი წყაროა. როდესაც საზოგადოებრივ სივრცეს ვაპროექტებ, ადგილზე მივდივარ და ვაკვირდები იქაურ ურთიერთობებს, ინდივიდუალურ პროექტზე მუშაობისას კი ყველაფერი იმ ადამიანების პიროვნულ თავისებურებებს ერგება, ვისთვისაც კონკრეტული სახლი იქმნება.

ვინ არის თქვენი მთავარი შემფასებელი?

ჩემთვის მთავარი შემფასებელი ჩემი პროექტის მომხმარებელია. ხშირად ჰგონიათ, რომ ისინი მხოლოდ მესაკუთრეები, დამკვეთები ან შენობის სტუმრები არიან, თუმცა, სინამდვილეში, არქიტექტურის მომხმარებელი ის ადამიანი უფროა, ვინც ყოველდღიურად დადის კონკრეტულ ქუჩაზე, ან რომლის ფანჯრიდანაც ეს არქიტექტურა მოჩანს. დიდ პასუხისმგებლობას გაკისრებს იმის ცოდნა, რომ უამრავი ადამიანის განწყობა და ცხოვრების ხარისხი იმაზეა დამოკიდებული, რას ქმნი შენ.

თავად როგორი არქიტექტურა მოგწონთ?

საქართველოში, ალბათ, გამიჭირდება გამოყოფა. ბევრი შენობა მომწონს, მათ შორის რამდენიმე ახალია. ისე კი, ძალიან მიყვარს სიზას პავილიონი ლისაბონში. რთულია, სიტყვებით გადმოსცე ის შთაბეჭდილებები, რომლებსაც ეს შენობა ტოვებს. უამრავი არქიტექტურული ძეგლია მსოფლიოში, რომლებიც გამორჩეულად მომწონს. ადრე რაიტის „სახლი ჩანჩქერზე“ იყო ჩემი შთაგონების წყარო, შემდეგ – გაუდის შემოქმედება; მიყვარს ორგანული არქიტექტურის მიგნებებიც და ზაჰა ჰადიდის პლასტიკაც. მით უმეტეს, როგორც ქალ არქიტექტორს, დიდ პატივს ვცემ. მან ბევრი ჩარჩო და სტერეოტიპი დაამსხვრია. თუმცა, ყველაზე ახლოს ჩემთან მაინც მის ვან დერ როეს შემოქმედებაა.

სახლი ჩანჩქერზე
საფეხბურთო მოედანი, კატარი
გალაქსი სოჰო — ოფისი და სავაჭრო გასართობი კომპლექსი, პეკინი

თქვენი ნამუშევრებიდან რომელს გამოარჩევდით?

პროექტის შექმნისას მუდმივად ვცდილობ, ყველა ნამუშევარი დანარჩენებისგან რაღაცით გამოირჩეოდეს. ეს შეიძლება არ იყოს რაღაც ახალი ან ძველი, უბრალოდ, ასე ვთქვათ, საკუთარი ნიშა უნდა ჰქონდეს. ამისთვის საუკეთესო გზა მგონია არქიტექტურაში გარემოს, ფუნქციისა და ისტორიის ანაბეჭდების გადატანა. განსაკუთრებულად მიყვარს გამსახურდიას მუზეუმი აბაშაში, რომელიც პირველი პრეზიდენტის ისტორიას, შემოქმედებას, ტრაგედიასა და ხასიათს ირეკლავს. ამ შენობაში იმდენი რამ არის ჩადებული, რომ თითოეულ სტუმარს მისი წიგნივით წაკითხვა შეუძლია. რეალურად, გამსახურდიას მუზეუმი დიდ სარგებელს მოუტანს აბაშის კულტურულ განვითარებას და იქ მნიშვნელოვან ტურისტულ ცენტრს შექმნის.

გამსახურდიას მუზეუმი

გვიამბეთ თქვენს მიმდინარე სამუშაოსა და სამომავლო გეგმებზე.

ამ ეტაპზე ძალიან საინტერესო პროექტზე გვიწევს მუშაობა – ესაა ღვინის ქარხანა ლეჩხუმში. პროექტი რამდენიმე მიზეზითაა მომხიბვლელი: საპროექტო გარემო, საქართველოს სხვა კუთხეების მეღვინეობის ლანდშაფტებთან შედარებით, განსხვავებულია – უფრო მთიანი, კლდიანი, მკაცრი და ეგზოტიკური. გარდა ამისა, ახალი ქართულ-გერმანული ბრენდის ღვინის დაბადების მონაწილეც გავხდით. ბრენდი მიზნად ისახავს უნიკალური, იშვიათი ჯიშის –„უსახელაურის“ გატანას საქართველოს საზღვრებს გარეთ. მის პოპულარიზაციაში არქიტექტურაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სპირალისებრი სისტემით მოწყობილი, გრავიტაციული წარმოების ტიპით შექმნილი ღვინის საწარმო ქართული მეღვინეობის არქიტექტურაში უნიკალური, გამორჩეული და სახასიათო ნაგებობა იქნება.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ყოველთვის გრძელვადიანი ხედვა მაქვს. ვცდილობ, დადებითისკენ შევცვალო მოქმედების სტრატეგია. ამას მარცვლების დათესვას შევადარებდი – როდის ამოვა, არ იცი, მაგრამ მთელი გულით გჯერა, რომ ოდესმე აუცილებლად გაიხარებს და შენს პროფესიასა და გარემოს უკეთესობისკენ შეცვლის.

ღვინის ქარხანა ლეჩხუმში

დაბოლოს, რას ურჩევთ ახალგაზრდა არქიტექტორებს?

ხშირად ვეუბნები ჩემს სტუდენტებს: გახსოვდეთ, ჩვენ ვცხოვრობთ სხვების ბედნიერებისთვის. მართლაც ასეა – ჩვენ ვქმნით იმისთვის, რომ ადამიანების საცხოვრებელი გარემო უკეთესი გავხადოთ. ეს პროფესია ვერ იტანს პაუზებს, თითოეული დღე ახალი გამოწვევაა და ახალ პასუხს მოითხოვს. ახალგაზრდა არქიტექტორებს ვურჩევდი, რომ ეს საქმე ისე შეიყვარონ, როგორც საკუთარი ნაწილი და არასოდეს შეწყვიტონ თვითგანვითარებაზე ზრუნვა.

იმელის შენობა

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

როგორ გვეხმარება ენერგოეფექტური საყოფაცხოვრებო ტექნიკა ხარჯების შემცირებაში?

Dragonfly House –  Olson Kundig-ის ერთ-ერთი შედევრი