in

ლანდშაფტის დიზაინი, როგორც მდგრადი გარემოს შექმნის წინაპირობა — ინტერვიუ ანა დავრიშაშვილთან

დღეს ლანდშაფტის დიზაინერ ანა დავრიშაშვილს გაგაცნობთ, რომელიც მცენარეებსა და ხელოვნებაზე ბავშვობიდანაა შეყვარებული. როგორც თავად ამბობს, გარემო, რომელშიც გაიზარდა და აღიზარდა ხელოვნებისა და ესთეტიკისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებით გამოირჩეოდა, რამაც მასზე დიდი ზეგავლენა მოახდინა. მის ცხოვრებაში დიდი როლი აქვს მამას, პროფესიით ფერმწერსა და კერამიკოსს, რომელმაც შემოქმედებითი ცხოვრებისადმი ინტერესი გაუღვივა. ანამაც გარკვეული პერიოდი კერამიკის მიმართულებით იმუშავა, თუმცა საბოლოოდ, ლანდშაფტის დიზაინი შეისწავლა და ამ პროფესიას გაჰყვა. თვლის, რომ შემოქმედებით პროცესში მნიშვნელოვანია ბუნებასთან ახლო კავშირის დამყარება და მდგრადი გარემოს განვითარება, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია ადამიანისა და ბუნებისთვის. დღევანდელ სტატიაში ის საკუთარი გზის შესახებ მოგვითხრობს და ლანდშაფტის დიზაინის სპეციფიკაზე გვესაუბრება.

ანა, როგორ გარემოში გაიზარდეთ? მცენარეები ბავშვობიდან გიყვარდათ? 

გარემო, სადაც ვიზრდებოდი ხელოვნების მიმართ დიდი სიყვარულით გამოირჩეოდა. მამა სხვადასხვა მიმართულებით მუშაობდა, როგორც ფერწერის, ისე კერამიკის კუთხით. მას ყოველთვის სურდა, რომელიმე შვილს მისი გზა აგვერჩია. თავად კოლექციონერი იყო, ამიტომ 90-იან წლებში ხშირად დავდიოდით მშრალ ხიდზე ტილოების შესაძენად. ამას გარდა, ჩვენი ოჯახი მცენარეების სიყვარულითაც გამოირჩეოდა. განსაკუთრებით დეიდა, რომლის შექმნილი გარემო ნებისმიერი მნახველისთვის საინტერესო და მიმზიდველი იყო. დამწყები რეჟისორები ხშირად ირჩევდნენ ჩვენს სახლს გადასაღებ მოედნად, რადგან მხატვრული ტილოებითა და მცენარეებით შექმნილი მიმზიდველი ინტერიერით იხიბლებოდნენ.

როდის დაინტერესდით ლანდშაფტის დიზაინით?

პროფესიული განათლება მხატვრული კერამიკის მიმართულებით მივიღე სამხატვრო აკადემიაში. სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ, წლების მანძილზე ვმუშაობდი კერამიკულ ნაკეთობებზე და ვამზადებდი — სანათებს, მაგიდებს, ზარდახშებს…  2018 წელს დეიდის დახმარებით შევიტყვე „მებაღე-დეკორატორის“ კურსის შესახებ და სწორედ აქედან დავინტერესდი ლანდშაფტის დიზაინით. განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ჩემმა ლექტორმა, ნინო ხარხელაურმა, რომელიც ამ მიმართულებით ლექციებს მიკითხავდა. კურსის დასრულების შემდეგ მივხვდი, ეს სფერო მხიბლავდა, გაჩერება აღარ მინდოდა და ,,საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივ კოლეჯში’’ ჩავაბარე ბაღის დიზაინზე. ამავდროულად, მუშაობა დავიწყე სხვადასხვა რესტორანსა და ოფისში მებაღე-დეკორატორის პოზიციაზე და სამი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება მივიღე.

შემდეგ როგორ განვითარდა თქვენი კარიერული გზა? 

როგორც უკვე აღვნიშნე, სწავლის პარალელურად ვმუშაობდი და ვეცნობოდი როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ საკითხებს — დავდიოდი სხვადასხვა სანერგეში, ადგილზე ვაკვირდებოდი მცენარეებს, ვსტუმრობდი შოურუმებს და დამკვეთებთან მქონდა ურთიერთობა, რაც ამ სფეროში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. სწავლის პროცესში მუდმივად მეხმარებოდა და დღემდე მეხმარება ჩემი ლექტორი, თამარ თავართქილაძე. მან უდიდესი გავლენა იქონია ჩემს პროფესიულ წინსვლაზე, რისთვისაც მადლიერი ვარ. ზოგადად, ლექტორებს ყოველთვის აქვთ უნარი, შთაბეჭდილება მოახდინონ სტუდენტებზე, ამ ორმა ადამიანმა კი (თამარ თავართქილაძე, ნინო ხარხელაური) ეს შეძლო. დღეს მეც ვასწავლი და ყოველთვის ვცდილობ დასმული კითხვებს ამომწურავად ვუპასუხო, ჩემი ყველა გამოცდილება გავუზიარო და სათითაოდ ყველა სტუდენტს მივცე მოტივაცია.

2 წლის წინ, მეუღლესთან ერთად (რომელიც საკმაოდ გამოცდილი არქიტექტორია) კომპანია — „Landscape Concept“ დავაარსე, სადაც მომხმარებელს ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და ლანდშაფტის დიზაინის მომსახურებას ვთავაზობთ.

ვისაუბროთ თქვენს პროფესიაზე, რა გხიბლავთ მასში ყველაზე მეტად და რა მნიშვნელობა ენიჭება ლანდშაფტის დიზაინს?

პროფესიის შეფასება სუბიექტურია და განსხვავდება ინდივიდუალური ინტერესებისა და ღირებულებების მიხედვით. თუმცა, ლანდშაფტის დიზაინი  განიხილება  სრულფასოვან პროფესიად მათთვის, ვინც გატაცებულია ბუნებით, დიზაინით და უყვარს ფუნქციური, ესთეტიკურად სასიამოვნო გარე სივრცეების შექმნა. პირადად მე,  ყველაზე მეტად კონცეფციაზე მუშაობა მიზიდავს. ლანდშაფტის დიზაინი მცენარეების, მყარი ელემენტების, არქიტექტურული ობიექტების  მხატვრული გამოყენების შესაძლებლობას მაძლევს. მისი მთავარი ფუნქცია კი იმას გულისხმობს, რომ ის მეტად მიმზიდველს ხდის  საცხოვრებელ, კომერციულ თუ საზოგადოებრივ ადგილებს.

გვიამბეთ, როგორია თქვენი შემოქმედებითი პროცესი და სამუშაო ფილოსოფია? 

მუშაობის პროცესში დიდ ყურადღებას ვაქცევ მდგრადობას და ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებას, რათა შევქმნა ისეთი ლანდშაფტი, რომელიც ხელს შეუწყობს ბიომრავალფეროვნებას. დღეს სამყარო უამრავი გამოწვევის წინაშე დგას, ამიტომ ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ბუნებასთან კავშირი დავამყაროთ და მეტად ვიყოთ ჩართულები ამ პროცესში. რაც თავის მხრივ, გულისხმობს დიზაინის ბუნებრივ გარემოსთან ჰარმონიის უზრუნველყოფას, ადგილობრივი ეკოსისტემის ხელშეწყობას და ბუნებრივი მხარეების გაძლიერებას.

მუშაობის დროს მუდამ ახალ გამოცდილებას ვიძენ, რადგან თითოეული დამკვეთი თავისი ინდივიდუალიზმით გამოირჩევა, მეც ყოველთვის ვცდილობ, მათ საჭიროებებზე ვკონცენტრირდე, რათა პერსონალიზირებული და ფუნქციური გარე სივრცეები მივიღოთ. როგორც მხატვრებს აქვთ საკუთარი ხელწერა, რომელიც ფერებით, კონტურებითა და შტრიხებით ხასიათდება, ასევე იქმნება ჩემი კონცეფციაც, რომლის გადმოტანაც შემდეგ ფურცლიდან გარე სივრცეში ხდება.

რადგან მუშაობის პროცესზე ვსაუბრობთ, საინტერესოა, რა სირთულეებთან არის დაკავშირებული ლანდშაფტის პროექტირება? რა გამოწვევები ახლავს მას თან?

ლანდშაფტის დიზაინის დროს უპირველესად გასათვალისწინებელია ტერიტორია, რომელიც დიზაინერმა უნდა შექმნას და მის ირგვლივ არსებული გარემო. პროექტირებისას სირთულეები მრავალგვარია — ნიადაგის ხარისხი, სადრენაჟე თუ საინჟინრო სისტემები, თუმცა ყველაფრიდან შეიძლება გამოსავლის პოვნა. განსაკუთრებული გამოწვევები თან ახლავს დამკვეთთან ურთიერთობას, რომელიც ხშირად ვერ ყალიბდება თავის სურვილებში და მრავალი თავსატეხი იქმნება. კიდევ ერთი პრობლემა იმ საამქროებისა და ხელოსნების დეფიციტია, რომლებიც შენი იდეების განხორციელებაში გეხმარება. მუდამ ვცდილობ, შევქმნა საინტერესო და განსხვავებული ელემენტები ბაღში, ეს იქნება სხვადასხვა ტიპის მოსასვენებელი სივრცეები, წყლის სარკეები თუ სხვა. მაგრამ როდესაც საქმე მათ განხორციელებას ეხება, იქმნება პრობლემა იმასთან დაკავშირებით თუ ვინ შეასრულებს ამ დავალებას. ამიტომ ხშირად მიწევს იდეების გამარტივება, რაც მე, როგორც დიზაინერს, მაფერხებს.

თავად თქვენი ნამუშევრებიდან თუ გამოარჩევთ რომელიმეს?   

ცოტა მიჭირს საკუთარ პროექტებზე საუბარი, რადგან ყველა ინდივიდუალურია და დამკვეთის სურვილზეა მორგებული. მაგრამ თითოეულ მათგანში ყოველთვის ვცდილობ, მთავარ წერტილად დარჩეს გარემო, ის, რაც გხვდება საპროექტო ტერიტორიაზე. არ მინდა უხეშად ჩავერიო მასში, ვცდილობ, ინტეგრაცია მოვახდინო ბუნებასთან, რათა ნაკლები ბეტონი და მეტი ბუნებრივი მასალა ფიგურირებდეს ნამუშევარში. დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე ფერებისა და ფაქტურების სწორად შერჩევას, რაც დიზაინში უმთავრესია, ეს იქნება მცენარეების მრავალფეროვნებისა თუ არქიტექტურული ობიექტების გამოყენებით.

საინტერესოა, რა მდგომარეობაა ლანდშაფტის დიზაინის მიმართულებით საქართველოში?

ამ სფეროს მიმართ დაინტერესება ნელ-ნელა იზრდება.  თითქმის ყველა, ვინც სახლს იშენებს, ხვდება, რომ არქიტექტურასთან და ინტერიერის დიზაინთან ერთად სჭირდება ლამაზი და მყუდრო ბაღი, სადაც დამღლელი დღის ბოლოს ესთეტიკურად მშვიდ გარემოში დაისვენებს.

ამასთან ერთად, ყოველ წელს იმატებს სტუდენტებისა და მოსწავლეების დაინტერესების რიცხვი, იზრდება ბაღის დიზაინის მოკლე კურსების რაოდენობაც.

წინათ თუ არქიტექტორი ან მებაღე ითავსებდა ლანდშაფტის დიზაინერის მოვალეობებს, დღეს დამკვეთი ხვდება, რომ ყველაფერს თავისი პროფესიონალი სჭირდება. ზოგადად, მგონია, ყველა სფეროს წარმომადგენელმა თავისი საქმე უნდა აკეთოს და არ შეიჭრას სხვის კომპეტენციაში, ისეთ სფეროში, რომელიც სიღრმისეულად არ ესმის.

რა პროფესიულ რჩევას მისცემდით მათ, ვინც ლანდშაფტის დიზაინითაა დაინტერესებული?

ლანდშაფტის დიზაინი ისეთი პროფესიაა, რომელშიც მუდმივად გიწევს ახალი ტენდენციების სწავლა და პროფესიული ზრდა. ამას გარდა, აუცილებელია, თავად იმუშაო საკუთარ თავზე, გაერკვე და მოიძიო ახალი ინფორმაცია. ერთ ადგილზე ვერ გაჩერდები, რადგან მოსაწყენი ხდები. ასევე, მნიშვნელოვანია სწორი კომუნიკაციის უნარი, რადგან ურთიერთობა უნდა გქონდეს არქიტექტორებთან, კონსტრუქტორებთან და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებთან, რომლებიც ამ სფეროსთან არიან კავშირში.

დაბოლოს, გვიამბეთ თქვენს ამჟამინდელ და სამომავლო გეგმებზე   

ამჟამად მე და ჩემი მეუღლე ვმუშაობთ როგორც ინდივიდუალურ, ასევე ურბანულ პროექტზე. ურბანულ პროექტს თავისი სპეციფიკა აქვს, რადგან ის ყველა ასაკისთვისაა განკუთვნილი და მნიშვნელოვანია, იყოს როგორც ფუნქციური, ასევე ესთეტიკურად მიმზიდველი. სამომავლოდ ვფიქრობთ ჩვენი კომპანიის ზრდასა და განვითარებაზე. ამ მიმართულებით ყოველდღიურად ვმუშაობთ.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ტერაკოტას აქცენტები ინტერიერში – რამდენიმე შთამაგონებელი იდეა თქვენი სახლისთვის

Glas Italia – მინის ავეჯის წარმოებით ცნობილი ბრენდი იტალიიდან