in ,

მარტივი ფორმები და პასტელური ფერები – ანა ნაცვლიშვილის არქიტექტურული ხედვა

ვინ იცის, რამდენჯერ გაგვივლია ქუჩაში, მოგვწონებია შენობა და იქვე შეგვიწყვეტია მასზე ფიქრი.. რეალურად, ამ შენობების მიღმა დგანან ადამიანები, რომლებმაც მათ შექმნაზე უამრავი დრო და ენერგია დახარჯეს. აი, მაგალითად – ალბათ შეგიმჩნევიათ, ცაბაძის 11-ში მდებარე შენობა, რომელიც მიმდებარე შენობებისგან სრულიად განსხვავებული სტილით გამოირჩევა. ამ ყველაფრის მიღმა არქიტექტორი ანა ნაცვლიშვილი და მისივე სტუდია – BAU Design დგას.

გადავწყვიტეთ, ანას მისი საქმიანობისა და სტუდიის შესახებ დეტალურად გავსაუბრებოდით:

– ხშირ შემთხვევაში ჩვენი დღევანდელი პროფესიები მჭიდროდაა ხოლმე დაკავშირებული ბავშვობის მიდრეკილებებთან – თქვენ როგორი ბავშვობა გქონდათ? 

ბავშვობიდან მქონდა შეხება და მიდრეკილება ხელოვნების სხვადასხვა დარგთან: ბუნებასთან ახლო კომუნიკაცია, თიხით ძერწვა, ხატვა, ქსოვა, ქარგვა და ა.შ. სკოლა ისე დავამთავრე, არ მქონდა ნაფიქრი, რა სფეროში ვიქნებოდი მომავალში. პროფესიად არქიტექტურა ავირჩიე, თუმცა, დარწმუნებული არ ვიყავი ამ გადაწყვეტილებაში, ანუ იქნებოდა თუ არა ეს საქმიანობა ჩემი ცხოვრების თანამგზავრი. არქიტექტურული სწავლება საშულებას გაძლევს, შეხება გქონდეს ხელოვნების სხვადასხვა დარგთან, ადამიანებთან, გარემოსთან, სივრცესთან… ნელ-ნელა შემიყვარდა ეს პროფესია და დღეს არაფრის შეცვლას არ ვაპირებ. ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს თითოეული ნაბიჯი ამ სფეროში.

ლებარდე

– გადავიდეთ განათლების საკითხზეც – სად მიიღეთ განათლება და როგორი იყო ეს პროცესი?

უმაღლესი განათლება თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში მივიღე – არქიტექტურის ფაკულტეტი დავამთავრე. 6 წლიანი სწავლების პროცესი საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი იყო. თითქმის ყველა სტუდენტურ კონკურსში ვიღებდი მონაწილეობას, იყო გაცვლითი პროგრამებიც, რაც კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდიდა პროცესს.

– დროთა განმავლობაში როგორ ვითარდებოდით თქვენ და თქვენი პროფესია? გვესაუბრეთ იმ მიღწევების შესახებ, რაც თავს გადაგხდათ ამ სფეროში..

მუშაობა რომ დავიწყე, მაგისტატურის ბოლო კურსზე ვიყავი. მახსოვს პირველი ვიზიტი ობიექტზე და ალბათ არასდროს არ დამავიწყდება მაშინდელი ზეპასუხისმგებლობის გრძნობა, შიში და, ამავდროულად, სტიმულიც. არაერთ ქალაქ-გეგმარებით და არქიტექტურულ კონკურსში მივიღე მონაწილეობა მეგობრებთან ერთად. ერთ-ერთი საკონკურსო პროექტი იყო ბორჯომის რაიონის სოფელი ტაძრისის საჯარო სკოლა – პირველი მოცულობითი პროექტი, რომელიც მალევე განხორციელდა. ამ კონკურსში გამარჯვების ემოციის, სიხარულის გამოხატვა დღემდე ჩამესმის და მეგობრებიც ხშირად იხსენებენ მას.

კარიერაში ნებისმიერი დაბრკოლება ჩემთვის დიდი სტიმული იყო, გადამელახა და გამოსავალი მენახა ამა თუ იმ პრობლემიდან, რაც ძალიან კარგი ცხოვრებისეული მაგალითიც გახდა.

ნადიკვარი

– რას გვეტყვით იმ მნიშვნელოვან პროექტებზეც, რომლებზეც თქვენი კარიერის განმავლობაში გიმუშავიათ?

შესრულებული პროექტებიდან გამოვარჩევდი რამდენიმე ობიექტს, რომლებიც უკვე ფუნქციონირებენ. კერძოდ, ქ. თბილისში, ცაბაძის ქ.#11 -ში მდებარე საოფისე შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მომიჯნავედ დგას. პროექტირების დროს საკმაოდ ბევრი დეტალი იყო გასათვალისწინებელი.

ცაბაძის 11

ასევე, ქ. თბილისში, კრწანისში „კრწანისი რეზიდენსის” მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის პროექტი. ესაა ძალიან მშვიდი, მყუდრო კომპლექსი დაბალი განაშენიანებით, სადაც ტერიტორიის დიდი ნაწილი გამწვანებას დავუთმეთ; ასევე გამოვარჩევდი ქ. თბილისში ლისის ტბის მიმდებარედ „მწვანე ქალაქი ლისზე“ პარკის კეთილმოწყობის პროექტს. რთული რელიეფის და გრუნტის მიუხედავად შევძელით, მიგვეღო ყველასთვის ხელმისაწვდომი გამწვანებული და მშვიდი გარემო.

მწვანე ქალაქი ლისზე

– და მაინც, როგორია თქვენთვის პროექტზე მუშაობის პროცესი?

იმისთვის, რომ ხარისხიანი და სასურველი შედეგი მივიღოთ, პროექტირების ყველა ეტაპი მნიშვნელოვანია. დაკვეთის აღებიდან შესრულებამდე ოთხ ეტაპად დავყოფდი მთელ პროცესს, კერძოდ, ეს არის ესკიზის, შესათანხმებელი დოკუმენტაციის, მუშა დოკუმენტაციის დამუშავება და საავტორო ზედამხედველობა. პროექტირების პირველივე ეტაპიდან გავდივართ კონსულტაციებს საინჟინრო ჯგუფთან, კონსტრუქტორთან და ექსპერტებთან. საჭიროების შემთხვევაში, ხელოვნებათმცოდნეებიც ერთვებიან პროცესში.

პროექტზე მუშაობის პროცესი იწყება დამკვეთისგან დავალების მიღებით, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, სრულყოფილი დავალება ჩვენთან ერთად იხვეწება. შემდეგ, რა თქმა უნდა, საპროექტო ტერიტორიაზე ვიზიტით გრძელდება, ტერიტორიის კვლევით, მასალების მოძიებით და ამ პროცესების პარალელურად მოდის იდეები, ადგილზე მონახაზის  გაკეთება, მსჯელობა, ესკიზურ ნახაზებთან ერთად ესკიზური სამგანზომილებიანი მოდელის შექმნა და ისევ დამკვეთთან კომუნიკაცია, ესკიზის შეთანხმება, დასაბუთება, მსჯელობა.  ყველაზე ხანგრძლივი და საინტერესო პროცესი ესკიზის დამუშავებაა.

ბაკურიანი – დიდი მიტარბი

– გვიამბეთ Bau Design-ის შესახებაც – როდის შეიქმნა, რა იყო შექმნის მიზანი/მიზეზი და რას წარმოადგენს დღესდღეობით ეს პლატფორმა?

2011 წელს ოთხმა მეგობარმა მე, მიშა ბალიაშვილმა, ოთო ხოფერიამ და თაკო ვალიშვილმა დავაარსეთ კომპანია „არქიტექტურული ბიურო“. რამდენიმე წელი ვიმუშავეთ არაერთ საინტერესო არქიტექტურულ, ქალაქ-გეგმარებით თუ სარესტავრაციო  პროექტებზე.

2019 წლიდან კომპანიაში რებრენდინგის შემდეგ „არქიტექტურულ ბიუროს”  სახელი შევუცვალეთ „BAU design-ით” და მე და მიშა ბალიაშვილმა გავაგრძელეთ მუშაობა.  BAUdesign – „Bureau of Architecture and UrbanDesign-ის” აბრივიატურაა, ვმუშაობთ არქიტექტურის და ქალაქ-გეგმარების მიმართულებით.

– როგორ ფიქრობთ, როგორია თქვენი პროექტების სტილი?

მინიმალიზმი, მარტივი ფორმები.. მასალებში უპირატესობას ვანიჭებ ხეს, ბეტონს და მინას, თუმცა, ეს დამოკიდებულია ობიექტის ფუნქციასა და მდებარეობაზე. ფერები – პასტელური.

– თქვენი აზრით, რა სჭირდება დღეს თბილისის არქიტექტურას? 

ძალიან რთულია გაგცეთ ამ კითხვაზე ერთი კონკრეტული პასუხი. თბილისის არქიტექტურას სჭირდება უფრო მეტი პროფესიონალიზმი, როგორც არქიტექტორის, ასევე ქალაქის შემთანხმებელი ორგანოს მხრიდან. არქიტექტორებს სჭირდებათ უფრო მეტი ნდობა დამკვეთის მხრიდან. დღეს დამკვეთი ხშირად თვლის, რომ ზუსტად იცის, რა სურს და ეძებს არქიტექტორს, რომელიც განახორციელებს მის სურვილებს და მოიპოვებს მშენებლობის ნებართვას. თუმცა, არქიტექტორის როლი უნდა იყოს ბევრად დიდი.

კრწანისი რეზიდენსი

– გვიამბეთ თქვენს ამჟამინდელ საქმიანობაზე და პროექტებზე.

დღეის მდგომარეობით კომპანიაში რამდენიმე ქალაქ-მგეგმარებელი და არქიტექტორი ვართ. პროექტების შინაარსიდან გამომდინარე, ვთანამშრომლობთ ქვეკონტრაქტორებთან. გამოვყოფ მიმდინარე რამდენიმე პროექტს, როგორიც არის ქ. ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმა, ქალაქ წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფცია, ქალაქ თბილისში (ავლაბარში) მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტი „მოედანი“, რომელიც უკვე მშენებლობის პროცესშია და გუდაურში ასევე მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტი. ასევე, საქართველოს მასშტაბით გვაქვს მიმდინარე მცირე ქალაქ-გეგმარებითი და არქიტექტურული პროექტები.

ფოტოების ავტორები: მიშა ბალიაშვილი, ანა ნაცვლიშვილი

სახლი, როგორც ბუნებაზე დასაკვირვებელი სივრცე – Virginia Kerridge Architect-ის ნამუშევარი

ივანე ქათამაშვილი მსოფლიოს 100 გამორჩეულ არქიტექტურის ფოტოგრაფს შორის მოხვდა