„ანარეკლი” ქართულ ბაზარზე ახალი, თუმცა საინტერესო და გამორჩეული სარკეების სახელოსნოა, რომელიც მომხმარებელზე მორგებულ პროდუქტს, სასურველი ფერისა და ფორმის მოდელებს ამზადებს. აღსანიშნავია, რომ სარკეები მაღალი ხარისხითა და ეკოლოგიური სისუფთავით ხასიათდება, პროდუქცია ნატურალური ხისგან და მეტალისგან იქმნება და ბიო საღებავით იღებება. ასევე კოლექციაში გვხვდება ხელით მოხატული, სხვადასხვა დიზაინის ნაწარმიც, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის პროდუქტს.
„ანარეკლის” დამფუძნებელი ლიკა კაპანაძეა, რომელიც გარდა სარკეების დიზაინისა, ინტერიერის დიზაინითაც არის დაინტერესებული და ამ მიმართულებით პროფესიულ ცოდნას იღრმავებს. მისი ისტორია საკმაოდ საინტერესო და შთამაგონებელია, რადგან მოგვითხრობს ახალგაზრდა ქალზე, რომელმაც საკუთარი პროფესია და წარმატებული საქმიანობა მიატოვა, რათა საყვარელი საქმე ეპოვა და კარიერული გზა სრულიად თავიდან, განსხვავებულ სფეროში დაიწყო.
დღეს ანარეკლის დამფუძნებელი ლიკა კაპანაძე თავისი საქმიანობის, გამოცდილების და წარმატებული ბიზნესის შესახებ გვესაუბრება.
ლიკა, პირველ რიგში გვიამბეთ, როდის და რატომ დაინტერესდით სარკის დიზაინით?
მიუხედავად იმისა, რომ სკოლის პერიოდიდან ტექნიკური საგნები უფრო მიყვარდა და პროფესიაც ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის მიმართულებით ავირჩიე, შემოქმედებითი საქმიანობა ყოველთვის ძალიან მიტაცებდა. წლების განმავლობაში ჩემი ძირითადი საქმიანობა საოფისე საქმიანობას მოიცავდა, რომელიც გაყიდვების მენეჯმენტთან და ბუღალტერიასთან იყო დაკავშირებული. ამის გამო ყოველთვის მქონდა დანაკლისის გრძნობა. ვფიქრობდი, რომ არცერთი სამსახური არ იყო ისეთი, სადაც ბოლომდე დარჩენა, განვითარება და მოღვაწეობა მსურდა. ამიტომ სამსახურიდან წამოვედი და საყვარელი საქმიანობის ძიება დავიწყე. გავიარე სოციალური მედიის მართვისა და ციფრული მარკეტინგის კურსი. ერთხელ, ერთ-ერთ საიტზე შემთხვევით აღმოვაჩინე თაღოვანი სარკე, რომელიც საქართველოში არ მქონდა ნანახი. ვიფიქრე, რომ შეიძლებოდა ასეთი მოდელის დამზადება და შემდეგ მისი რეალიზაცია. სწორედ აქედან დაიწყო ჩემი სარკეების მიმართ ინტერესი და „ანარეკლის” ისტორია.
როგორ შეიქმნა „ანარეკლი”, გვიამბეთ მაღაზიის დაარსების შესახებ უფრო ვრცლად
იდეიდან მის რეალურ განხორციელებამდე გრძელი გზა გავიარე. სანამ ჩემს პარტნიორ ქარხანამდე მივიდოდი, რამდენიმე რკინის საამქრო გამოვიცვალე, რადგან სასურველ დიზაინსა და ხარისხს ვერ ვიღებდი. საბოლოოდ, ვიპოვე ისეთი საამქრო, რომელთანაც სტაბილურად ვთანამშრომლობ და უმაღლესი ხარისხის Flotal-ის ბრენდის მინისგან ვაწარმოებთ გამძლე, მედეგ და მრავალფეროვანი დიზაინის მქონე სარკეებს.
გვიამბეთ დეტალურად, რას საქმიანობს „ანარეკლი” და რა მომსახურებას სთავაზობს ის მომხმარებლებს?
„ანარეკლი” უკვე ერთ წელზე მეტია, რაც ქართულ ბაზარზე გამოჩნდა და თანდათანობით ვითარდება. სხვა სარკის მაღაზიებისგან განსხვავებით, ჩვენ ერთი მიმართულებით არ ვმუშაობთ და უამრავ დიზაინს ვქმნით — ჩარჩოები მზადდება როგორც მეტალისაგან, ასევე ხისგან. გვაქვს სხვადასხვა ასიმეტრიული სარკის ვარიანტიც, რომლის ვექტორულ ნახაზებზე დიზაინერი მუშაობს.
ყველა ხის ჩარჩო ნატურალური არყის ხისგან მზადდება, მუშავდება და სპეციალური ბიო საღებავებით ხელით იღებება, რაც როგორც ზრდასრულებისთვის, ასევე პატარებისთვის სრულიად უსაფრთხოა. ასევე გვაქვს ისეთი სარკეებიც, რომლებიც სრულად ხელით არის მოხატული, ამ ყველაფერზე თავად ვმუშაობ.
აღსანიშნავია, რომ მოდელის დამზადების პროცესში დამკვეთი აქტიურად არის ჩართული — მას სხვადასხვა დიზაინის შეთავაზებას ვუკეთებ, კონკრეტულ მოდელზე კი ერთობლივად ვთანხმდებით. მომხმარებელს აქვს საშუალება, რამდენიმე ნახაზიდან შეარჩიოს სასურველი. ამასთანავე მას საღებავების პალიტრა ეგზავნება და საბოლოოდ, მისი სურვილითა და ჩემი რჩევების დახმარებით, კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე ვთანხმდებით. როდესაც ნამუშევარი დამკვეთს ბარდება, ვხედავ კმაყოფილებას, მადლიერებას, რაც ყველაზე მეტად მახარებს. სწორედ ეს მაძლევს დიდ მოტივაციას, რომ გზა გავაგრძელო და მადლიერებით ვივსები.
როგორ ფიქრობთ, რა გამოარჩევს ქართულ ბაზარზე „ანარეკლს” და როგორი ტიპის მომხმარებელზეა გათვლილი თქვენი პროდუქცია?
როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენი პროდუქცია მეტალისა და ხის ჩარჩოსგან მზადდება და შესაძლებელია ნებისმიერი ზომისა თუ ფორმის სარკის შექმნა, რის გამოც ჩვენი კოლექცია ძალიან მრავალფეროვანია. ასევე, თითოეული მოდელი დამკვეთთან ერთად, მისი სურვილებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით იქმნება, რაც ვფიქრობ, მომხმარებლისთვის დიდი კომფორტია. ამასთანავე, ჩვენი მოდელები მაღალი ხარისხით, ეკოლოგიური სისუფთავით და ინდივიდუალური სტილით ხასიათდება. ეს ყველაფერი კი ნამდვილად გამოგვარჩევს ბაზარზე.
ვთვლი, რომ ჩვენი სარკეები ნებისმიერი ასაკის მომხმარებელზეა გათვლილი და მოიცავს როგორც აბაზანის განათებიან სარკეებს, ასევე ცხოველის ფორმის მოდელებს ბავშვის საძინებლისთვის. თანდათან ონლაინ პლატფორმებზე უფრო მოთხოვნადი ვხდებით, რაც სასიხარულო ფაქტია ჩემთვის. ვცდილობთ, ლოგიკურ ვადაში დავამზადოთ შეკვეთა და ჩავაბაროთ მომხმარებელს. ასევე გვაქვს მონტაჟის მომსახურებაც. ამას გარდა, ყოველდღიურად ვმუშაობ, რომ მეტი, განსხვავებული დიზაინი შევქმნა და ჩვენი სარკეების დახმარებით, დამკვეთის ინტერიერი უფრო დახვეწილი და გემოვნებიანი გავხადო.
[R]