გასაკვირი არ არის, რომ დანიელები ელეგანტური და დახვეწილი ინტერიერის ექსპერტები არიან, რაც განსაკუთრებით აშკარაა ბრენდ &Tradition-ის შოუ რუმში, კოპენჰაგენში, King’s Garden-ში, სადაც წარმოდგენილია დანიური დიზაინისთვის განკუთვნილი ოთხი სართული. შოუ რუმში არსებული თითოეული ოთახი გააზრებულად არის გაფორმებული კონკრეტული თემისა და სტილისთვის დამახასიათებელი დიზაინ ობიექტების მიხედვით და შესანიშნავ გარემოს ქმნის დამთვალიერებლებისთვის. &Tradition არის დანიური დიზაინის ბრენდი, რომელიც იდეალურად აერთიანებს ახალ, თანამედროვე ტენდენციებსა და მარადიულ კლასიკას.
შოუ რუმის პირველ სართულზე დომინირებს სანათები, მეორე სართულზე, ძველ სამეჯლისო დარბაზში განთავსებულია დივნები, მარმარილოს დეტალებით შექმნილი მაგიდები და გასული ათწლეულების კლასიკური სანათები. სხვენის სივრცე, რომელიც დახრილი სახურავის ქვეშ არის მოწყობილი, ემსახურება თანამედროვე დიზაინისა და კლასიკის სასიამოვნო ერთიანობის გადმოცემას.
მიუხედავად &Tradition-ის კოლექციისთვის დამახასიათებელი კლასიკური ელემენტებისა, საინტერესოა, რომ კომპანიის ისტორია საკმაოდ ხანმოკლეა და ის დაარსდა 2010 წელს, მარტინ კორნბეკ ჰანსეკის მიერ, რომელიც ამ დროს 25 წლის იყო. მისი მიზანი თავიდანვე კოლექციის ორ ხაზზე აგება გახლდათ: დანიური კლასიკის გაცოცხლება და დამაინტრიგებელი, თანამედროვე აქცენტების გაერთიანება. ბრენდის არქივი მოიცავს ისეთი საერთაშორისოდ ცნობილი დიზაინერების ავეჯსა და სანათებს, როგორებიც არიან ვერნერ პანტონი, იორნ უტზონი და არნე იაკობსენი.
ჰანსეკის მიერ დასახული მიზანი საკმაოდ რთული ჩანდა, რადგან სანამ ძველი დიზაინის გაცოცხლებას დაიწყებ, მნიშვნელოვანია შეარჩიო დიზაინერები და მათი შემოქმედება, შემდეგ კი მოძებნო უფლებების მფლობელები და შეუთანხმდე მათ. &Tradition-ის მრავალფეროვან კოლექციაში სწორედ ასეთ უნიკალურ კლასიკურ ნივთებს ვხვდებით, რომლებიც დროთა განმავლობაში ოდნავ გადაკეთდა და მოერგო თანამედროვე საჭიროებებს. კოლექციის მეორე ნახევარი კი შეიქმნა მთლიანად თანამედროვე მიდგომების გათვალისწინებით, მოიცვა მინიმალისტური სტილი და სკანდინავიური ტრადიციები.
ბრენდის შოუ რუმში განთავსებულია უფრო ექსპრესიული დიზაინის ნიმუშებიც, როგორიცაა იტალიელი დიზაინერის, ლუკა ნიჩეტოს ყავის მაგიდები და ჯეიმი ჰაიონის ქაღალდის ჭაღები, რომლებიც ბოლო წლების ინტერიერის დიზაინში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.
დღეს &Tradition-ს დირექტორი და შემოქმედებითი ხელმძღვანელი, ელს ვან ჰორბიკი უდგას სათავეში, რომელსაც გააზრებული აქვს ბრენდის ღირებულებები და შეხედულებები ინტერიერის დიზაინის შესახებ და ამბობს, რომ ისინი მუშაობენ მხოლოდ პროფესიონალ დიზაინერებთან, რომლებსაც აქვთ საკუთარი გამორჩეული ხედვა. მისივე თქმით, თანამედროვე დიზაინი იდეალურად ერგება კლასიკურს და ვინაიდან ეს კლასიკური კოლექცია ძირითადად ხის ავეჯია, თანამედროვე მოდელებიც სწორედ ხის მასალისგან არის შექმნილი. შედეგად, ერთსა და იმავე სივრცეში მათი ერთად მოთავსებისას, ავეჯისა და სანათების გარეგნობა, პროპორციები, ფერები და მასალა შესანიშნავად აბალანსებს ერთმანეთს.
სახლების გარდა, &Tradition-ის პროდუქტები პოპულარულია საჯარო სივრცეებში, როგორებიცაა რესტორნები, სასტუმროები და ოფისები. ბრენდის აზრით, დღეს განსხვავება საჯარო სივრცეებსა და სახლს შორის ბუნდოვანია. ოფისები მოწყობილია ისე, რომ თანამშრომლებმა თავი საკუთარ სახლში იგრძნონ, სასტუმროები აღჭურვილია სახლისთვის დამახასიათებელი ნივთებით და ასე შემდეგ.
ასეთი მიდგომებისა და ხარისხიანი დიზაინის დახმარებით, კომპანია სულ რაღაც ათ წელში გადაიზარდა საერთაშორისო ინტერიერის ბრენდად, გააფართოვა საკუთარი კოლექცია, შექმნა ავეჯის, განათებისა და სახლის ქსოვილების ხაზი და ამას გარდა, გამოუშვა საკუთარი სუნამოები და კოსმეტიკური საშუალებებიც კი.
„ჩვენ გვაქვს ძლიერი დანიური ფესვები, მაგრამ თავს თავიდანვე გლობალურ ბრენდად მივიჩნევდით, ამიტომ მივდივართ წინ, ვაშენებთ მრავალფეროვან მომავალს და ვქმნით საერთაშორისო კოლექციას“, – ამბობს ჰორბიკი.
კოლექციაში წარმოდგენილია არა ერთი საკულტო დიზაინი და გამორჩეული ნამუშევარი, მათ შორის:
The Pavilion AV1 chair by Anderssen & Voll, რომელიც აერთიანებს გლუვი ფოლადის მილის სტრუქტურას მოხრილი ხის ზედაპირის ელეგანტურობასთან.
Flowerpot lamps, რომლებიც სხვადასხვა ფერებშია წარმოდგენილი.
the Little Petra lounge chair by Viggo Boesen, რომელიც წარმოადგენს 1930-იანი წლების დანიის სტილს და სწორედ მის პატივსაცემად დაერქვა სახელი შოუ რუმში განთავსებულ კაფეს.
Hvidt & Mølgaard-ის მიერ შექმნილი სამფეხა სანათი, რომელიც 1953 წელს დაპროექტდა, თუმცა წარმოებაში 2020 წლამდე არ ჩაშვებულა.
The Bellevue, არნე იაკობსენის მიერ შექმნილი სანათი, რომელიც 1929 წელს გამოჩნდა.
The Loafer lounge chair, რომელიც პრაქტიკულია როგორც ყავის მაგიდის სიახლოვეს, ასევე ცალკე, მოსასვენებელ ან საკითხავ სივრცეშიც.
პორტატიული Setago სანათი, რომელიც რეგულირდება კორპუსზე განთავსებული ღილაკის დახმარებით და გამოირჩევა მისი პრაქტიკულობითა და ფუნქციურობით.
ჯეიმი ჰეიონის მიერ შექმნილი The Momento pitcher, რომელიც გამოირჩევა სახალისო და დამაინტრიგებელი ფორმით.
All the Way to Paris-ის The Mist table lamp, რომელიც შეიქმნა მარმარილოს ბაზისგან და შუშისგან.
The Alima serving trolley by Note Design Studio, გლუვი, მრავალმხრივი და ადვილად მოძრავი, ფუნქციური ნივთი სახლისთვის.
Mnemonic series by &Tradition, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული სურნელითა და შემადგენლობით.
შოუ რუმის მონახულება მსურველებს კოპენჰაგენში, Kronprinsessagade 4-ში შეუძლიათ, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10-დან 14 საათამდე. ისტორიულ შენობაში შესაძლებელია ფერადი და გამორჩეული კოლექციის დათვალიერება, სტუმრობა კი შესაძლოა დასრულდეს ბაღში, სადაც ფუნქციონირებს მყუდრო კაფე Lille Petra, მომხიბვლელი ტერასით.