ციფრული ინდუსტრიის აკადემია უნიკალური და კონვენციური სასწავლო პლატფორმაა, რომელიც კურსებისა და მასტერკლასების ყველაზე ფართო სპექტრს მოიცავს ციფრულ სამყაროში. იგი ლოკალურ და გლობალურ აუდიტორიას სთავაზობს კურსებსა და მასტერკლასებს თანამედროვე და მოთხოვნადი პროფესიების მიმართულებით, რომელთაგან ერთ-ერთია ინტერიერის დიზაინი. Homeis.ge გთავაზობთ ციფრული ინდუსტრიის აკადემიის ინტერიერის დიზაინის ლექტორის, არქიტექტორისა და ინტერიერის დიზაინერის, ანკა ჩოჩიას შეხედულებებს ინტერიერში გავრცელებული 10 შეცდომის შესახებ.
შეცდომა #1
ანკას თანახმად, ინტერიერის დიზაინში დაშვებულ შეცდომებზე საუბარი აუცილებლად უნდა დავიწყოთ სივრცის გეგმის არქონით. ბინის რენოვაციისას აუცილებლად უნდა ვიქონიოთ მისი ანაზომი. იმ შემთხვევაში, თუ ანაზომი არ მოგვეპოვება, ანკა სივრცის თავად გაზომვასა და მოცემულობის ფურცელზე ან ტელეფონში გადატანას გვირჩევს. ეს დაგვეხმარება სივრცის მოცულობის აღქმასა და მისი ტექნიკური მახასიათებლების განსაზღვრაში.
შეცდომა #2
შემდეგი შეცდომა, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, არის გეგმარებითი მონახაზის არქონა. აუცილებელია, წინასწარ გქონდეთ წარმოდგენა ავეჯის სამომავლო განლაგების შესახებ. სწორედ ამის შესაბამისად უნდა მოიძიოთ ნივთები. ანკა გვირჩევს, რომ ინტერიერის დიზაინის სწორად შესაქმნელად ნივთების მოცულობები წინასწარ განვსაზღვროთ, რათა თავიდან ავირიდოთ გეგმარებით მონახაზთან დაკავშირებული პრობლემები.
შეცდომა #3
მესამე და ასევე გავრცელებული შეცდომაა მოდას აყოლა. შეეცადეთ, ტრენდის მიხედვით არ გადაწყვიტოთ ისეთი დეტალები, როგორებიცაა აბაზანის ფილა, კედლის ფერი, კარი და ასე შემდეგ, რადგან როცა ეს ტენდენცია აქტუალური აღარ იქნება და მოდიდან გადავა, თქვენი ინტერიერი რთულად გამოცვლადი გახდება. ანკას აზრით, ამის მაგივრად უნდა ვცადოთ ტრენდული აქცენტების ისეთ ნივთებზე გაკეთება, როგორებიცაა ხალიჩა, ბალიშები, ფარდები და სხვა სახის დეკორატიული ნივთები, რომელთა ჩანაცვლებაც ბევრად მარტივია.
შეცდომა #4
მეოთხე შეცდომა – ესაა სათავსოების უგულებელყოფა. ხშირად ადამიანები სათავსოებს არ ითვალისწინებენ, მაშინ, როცა მათი რესურსის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია. ანკას რჩევით, უნდა შევეცადოთ მაქსიმალურად ავითვისოთ ყველა შესაძლო კუთხე სათავსოდ – კარადები არასდროს არაა ზედმეტი.
შეცდომა #5
მეხუთე და ასევე ძალიან პოპულარული შეცდომაა ძველი ნივთების შენარჩუნება თანამედროვე ინტერიერში, ვინაიდან ადამიანებს უჭირთ ძველ საგნებთან გამომშვიდობება. დიზაინერის რჩევაა, გადავყაროთ ნივთები, რომლებიც უსარგებლოა, თუ, რა თქმა უნდა, ისინი სრული სურათის შესაქმნელად არ გამოიყენება.
შეცდომა #6
მეექვსე შეცდომას წარმოადგენს ადამიანების მიერ ჯერ კედლის ფერის შერჩევა და შემდეგ მისთვის ავეჯის შეხამება. მნიშვნელოვანია, რომ ჯერ ტექსტილი, ავეჯი და მსგავსი ტიპის ნივთები შეარჩიოთ და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტოთ უშუალოდ კედლის ფერი.
შეცდომა #7
ანკას თანახმად, მეშვიდე შეცდომა არის არასწორი ხალიჩის ზომა. არასწორმა ხალიჩის ზომამ შესაძლოა ჩვენი ინტერიერის ვიზუალი სრულიად დაარღვიოს და შეცვალოს. სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ ფარდაგების შერჩევასაც – მისი მოცულობა ოთახის მასშტაბსა და ავეჯის ზომებს უნდა მოვარგოთ.
შეცდომა #8
შემდეგი საყოველთაო შეცდომაა, როდესაც ბინის ინტერიერის დიზაინის ცვლილებისას მაღაზიაში შემხვედრ ყველა ლამაზ ნივთს კალათში ვათავსებთ და ვყიდულობთ. აუცილებელია თემის ან სტილის არჩევა, რომელსაც გავყვებით და დიზაინს სწორედ მის მიხედვით გადავწყვეტთ.
შეცდომა #9
მეცხრე შეცდომაა ერთფეროვნება, რომელსაც შეგვიძლია ვებრძლოთ ინტერიერში ბევრი ფაქტურის შეტანით – ქსოვილების, ნახატების, ა.შ. ეს ყველაფერი სახლს აცოცხლებს და ალამაზებს.
შეცდომა #10
ბოლო შეცდომაა უკვე არსებული დიზაინის გადაღება. ანკა ჩოჩია მოგვიწოდებს ჩვენი იდენტობის გამოხატვისკენ, სივრცისთვის ჩვენთვის დამახასიათებელი ინდივიდუალიზმის შეძენისკენ და მის განსხვავებულად ჩამოყალიბებისკენ.