ნებისმიერ პროფესიაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ინტერესი და აქტიური ჩართულობა, რადგან მათი ხედვა და მიდგომები ხშირად არღვევს ფუნდამენტურ ჩარჩოებს და ცვლის ძველმოდურ მიდგომებს. არქიტექტურა და დიზაინი ინოვაციებისა და ექსპერიმენტების წყაროა, რომელიც მუდმივ განახლებასა და განვითარებას მოითხოვს. ამ პროფესიაში ჩართული ახალგაზრდები კი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ სფეროს განვითარებაში.
დღევანდელ ჩვენს ინტერვიუში წარმოგიდგენთ, ახალგაზრდა, უკვე წარმატებულ დიზაინერს – ანკა ქოიავას, რომლის პირველი შეხება ამ პროფესიასთან ოჯახიდან იწყება.

ანკა, მოგვიყევით თქვენი საქმიანობის შესახებ, როდის და რატომ დაინტერესდით ინტერიერის დიზაინით?
ინტერიერის დიზაინი ბავშვობიდან მაინტერესებდა. ამიტომ, როდესაც უკვე პროფესია უნდა ამერჩია, სწორედ ამ მიმართულებაზე გავაკეთე არჩევანი და ჩავაბარე თავისუფალ უნივერსიტეტში ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლაში (VA[A]DS). სწორედ აქ ვისწავლე ინტერიერის დიზაინი და გრაფიკული დიზაინი. უნივერსიტეტში მიღებულმა ცოდნამ და გამოცდილებამ ძალიან დიდი გარდატეხა მოახდინა ჩემში, მეტი თავდაჯერებულობა და მუდმივი წინსვლის სურვილი გამიჩინა. სწავლის პარალელურად, მონაწილეობას ვიღებდი სხვადასხვა გამოფენებში, ვესწრებოდი ჩემთვის საინტერესო სემინარებსა და ვორქშოფებს.
მეორე კურსიდან გავიარე სტაჟირება Rooms Studio-ში, სადაც პირველი სამუშაო გამოცდილებაც მივიღე.
ახლა ვმუშაობ როგორც არტ დირექტორი და “ფრილანსად” ვაკეთებ კომერციულ და კერძო ინტერიერის პროექტებს. ყოველდღიურად სხვადასხვა დიზაინ პროცესში ვარ ჩართული, რაც მუდმივ სიახლეებსა და განვითარებას მოითხოვს.
ჩემთვის, დიზაინი პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი ხერხიცაა. შემოქმედებით პროცესში შესაძლებლობები უსაზღვროა – სწორედ ეს აქცევს ამ მიმართულებას ჩემთვის საინტერესოდ.

ანკა, საკმაოდ პატარა ასაკში აირჩიეთ პროფესია… რა დაგეხმარათ არჩევანის გაკეთებასა და წარმატების მიღწევაში?
დიახ, ეს ინტერესი გარკვეულწილად ოჯახიდან და გარემოდან გამომდინარეობდა. ოჯახის ყველა წევრი, არქიტექტურისა და ხელოვნების სფეროში საქმიანობს, შესაბამისად, ჩემი ეს ნაბიჯიც ძალიან ორგანული აღმოჩნდა. პროფესიის შერჩევაც, სწორედ გარემო ფაქტორების დამსახურებაა.
გაიხსენეთ თქვენი პირველი პროექტი…
ჩემი პირველი დამოუკიდებელი ინტერიერის პროექტი, Reckless-ის მაღაზიაა. ამ ბრენდის დიზაინერი ვარ და შესაბამისად, ორმაგად რთული, საპასუხისმგებლო და საინტერესო აღმოჩნდა მისი სივრცის შექმნაც. კონცეფციაზე მუშაობისას ვიცოდით, რომ მაღაზიას კოლექციები უნდა გაეცოცხლებინა, ამიტომ ყველა დეტალი მჭიდროდ უნდა ყოფილიყო დაკავშირებული ჩვენს სიმბოლოებთან. სწორედ აქედან გაჩნდა ჩვენი ერთ-ერთი ქურთუკის ფოტო კედელზე, გასახდელის პრინტი, რომელიც ასევე ჩვენი საცურაო სამოსის ვიზუალს იმეორებდა, რბილი იატაკის საფარები და ა.შ. თუმცა იმისათვის, რომ ინტერიერი არ ყოფილიყო ძალიან გადატვირთული და დროისთვის გაეძლო, ეს ყველაფერი, ვეცადე, დამებალანსებინა მოდერნისტული მასალებით, როგორიცაა ხე, უჟანგავი ფოლადი, ბეტონი. სივრცის მოსაწყობად კი ვინტაჟურ ავეჯზე გავაკეთე არჩევანი.
რა არის თქვენი შთაგონების წყარო?
ვცდილობ, შთაგონება ჩემ გარეშემო ყველაფრისგან მივიღო – იქნება ეს თბილისის არქიტექტურა თუ ჩემი მეგობრების სახლები ან სივრცეები, მოგზაურობა და იქ სხვადასხვა ადამიანებზე დაკვირვება, ეკლესიები და ისეთი შენობები, რომლებსაც თავდაპირველი ფუნქცია აქვთ შეცვლილი, ინტერიერები ფილმებში, წიგნები და სხვა.
ხშირად შთაგონების წყარო ერთი ობიექტიც გამხდარა, რომელიც პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებია შემდეგში უკვე კონკრეტულ დიზაინს. ეს შეიძლება აღმოჩნდეს სადღაც ნანახი თაღი, ფილმში გამოყენებული განათება ან უბრალოდ სადმე შემჩნეული მასალა.
ხშირად ინტერიერის დიზაინერები, კონკრეტულ სტილს ანიჭებენ უპირატესობას, სწორედ ამიტომ, მათ ყველა პროექტს ერთი ხელწერა აქვს. რომელია თქვენი საყვარელი სტილი და ხელწერა, რომელიც სხვებისგან გამოგარჩევთ?
დიახ, მგონია რომ ჩემს პროექტებს უკვე რაღაც კონკრეტული ხელწერა აქვს, როგორც ინტერიერში, ისე გრაფიკულ დიზაინში. რა თქმა უნდა, თითოეული პროექტი განსხვავებული ხასიათით გამოირჩევა, მაგრამ შესამჩნევია ის საბაზისო დეტალი, რომელიც მუდმივად თან გასდევთ. უპირატესობას მინიმალიზმსა და სკანდინავიურ სტილს ვანიჭებ, თუმცა ძალიან მომწონს ეკლექტიზმიც, სადაც მეტი ინდივიდუალიზმი იჩენს თავს.
მომწონს, როდესაც სახლში იგრძნობა მაცხოვრებლის სული და გემოვნება. ჩემი ინტერიერის პროექტების საწყისი ყოველთვის არის ბუნებრივი მასალები, როგორიცაა ხე, ქვა და სხვა. შემდეგ უკვე განათებითა და მსგავსი ელემენტების დამატებით ხდება დიზაინის სრულყოფა. წამყვანი დეტალი დიზაინში, შესაძლოა, იყოს ერთი გამოკვეთილი ფერი, ან მასალა.
როგორია იდეალური სახლი თქვენს წარმოსახვაში?
ძალიან რთული კითხვაა… ჩემთვის იდეალურ გარემოს ის ადამიანები ქმნიან, რომლებიც მყავს გარშემო. ვფიქრობ, სახლში სიმყუდროვეს, პირველ რიგში, ადამიანები ქმნიან. თუმცა, იდეალური სახლი ახლა ჩემთვის ასოცირდება ადგილთან დიდი ეზოთი, ბევრი სინათლით, თბილი ფერებითა და დიდი სამზარეულოთი, რადგან ძალიან მიყვარს სტუმრების მიღება. სტუმარმასპინძლობა ჩემთვის და ჩემი ოჯახის წევრებისთვის ერთგავრი თერაპიაა, ასე რომ აუცილებელია დიდი მაგიდა, რომლის გარშემოც ახალი მოგონებები იქმნება.
3 მთავარი რჩევა, რომელსაც მისცემდით ახლადშეძენილი ბინის მეპატრონეს?
- დაათვალიერეთ სხვადასხვა გამოცემები, სტუდიოების გვერდები და ნამუშევრები – ეს დაგეხმარებათ იმაში, რომ უკეთ გაიგოთ თუ რა სტილის ინტერიერი მოგწონთ.
- მასალებისა და ფერების შერჩევისას განსაკუთრებით ფრთხილად იყავით, რადგან არჩეული ვარიანტი მარტივად არ მოგბეზრდეთ და გემოვნება თქვენს ხასიათთან ერთად არ შეიცვალოს.
- ძალიან თავისუფალი იყავით დეკორაციის შერჩევისას. სწორედ დეკორით შეგიძლიათ შემოიტანოთ თქვენთვის სასურველი ფერები და მასალები უფრო თამამად.
რომელიმე ქართულ არქიტექტურულ ნამუშევარს ხომ არ გამოარჩევდით?
ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ქართული არქიტექტურული ნამუშევარი ყოფილი საავტომობილო გზების სამინისტროს შენობაა (მოქმედი „საქართველოს ბანკის“ სათავო ოფისი). ეს შენობა, ჩემი აზრით, გამორჩეული მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა ერწყმოდეს არქიტექტურა და ლანდშაფტი ერთმანეთს. მიუხედავად ზომისა და მასალებისა, ბრუტალისტური ნაგებობა ქალაქს კი არ ამძიმებს, არამედ პირიქით, ძალიან ჰაეროვნად არის ინტეგრირებული მასში. ვფიქრობ, ეს შენობა დღემდე ბევრისთვის არის შთაგონების წყარო.

რომელ ქალაქს გამოარჩევდით ურბანული დაგეგმარების კუთხით?
ქალაქის ურბანული დაგეგმარების მხრივ, პირველი, რაც მახსენდება, ბარსელონაა. განსხვავებით სხვა ქალაქებისგან, ბარსელონას ქუჩებში სეირნობისას, რეალობაში გრძნობ იმ არქიტექტურულ გეგმარებას, რომელსაც ფოტოებში ზედხედში ხედავ. ეს ნამდვილად ძალიან შთამბეჭდავია.

გვიამბეთ თქვენს სამომავლო გეგმებზე
როგორც უკვე ვახსენე, ახლა ვმუშაობ არტ დირექტორად და ამას გარდა, ვაკეთებ კომერციულ და კერძო ინტერიერის დიზინის პროექტებს ჩემს ძმასთან, ნიკუშა ქოიავასთან კოლაბორაციით. მგონია, რომ ორივე მიმართულებით – ინტერიერსა და გრაფიკულ დიზაინში – განვითარება და ცოდნის გაღრმავება ძალიან მეხმარება ყოველი ახალი პროექტის გაუმჯობესებაში. ჩემთვის, როგორც ბრენდის დიზაინერისთვის, მნიშვნელოვანია ბრენდის საერთო სურათის განსაზღვრა და შემდეგ უკვე მასზე დაყრდნობით ვიზუალის შემუშავება. შესაბამისად, ინტერიერის დიზაინის ცოდნა ამაში ძალიან მეხმარება და პირიქით, გრაფიკული დიზაინი და ბრენდინგი ძალიან მეხმარება პროექტის კონცეფციის შემუშავებაში. სამომავლოდ სტუდიის შექმნასაც ვგეგმავ, რომელიც სხვადასხვა სახის დიზაინის მიმართულებებს გააერთიანებს. თუმცა, მინდა მანამდე ამ სფეროში მეტი გამოცდილება დავაგროვო და მრავალფეროვანი ცოდნა მივიღო.
დაბოლოს, რას ურჩევდით ახალგაზრდებს, რომლებიც თქვენს პროფესიაში პირველ ნაბიჯებს დგამენ?
თეორიული ცოდნა, რომელსაც ძირითადად უნივერსიტეტში ვიღებთ, ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ის პრაქტიკა, რომელსაც სტაჟირებაზე გავდივართ, სულ სხვა სახის თავდაჯერებულობას გვმატებს. Rooms Studio-ში გავლილი სტაჟირება და სამუშაო კულტურაზე დაკვირვება ძალიან გამომადგა დამოუკიდებელი პროექტების სწორად წარმართვაში. აქედან გამომდინარე, ალბათ ორიგინალური რჩევა არ არის, მაგრამ მაინც ვიტყვი: ჩვენი პროფესიის მთავარი პრინციპი თეორიისა და პრაქტიკის ჰარმონიულ შერწყმაზეა დაშენებული. ყველას, ვინც ამ პროფესიაში პირველ ნაბიჯებს დგამს, ვურჩევ, მუდმივად ადევნონ თვალი სიახლეებს, გამოიწერონ სხვადასხვა ონლაინ გამოცემები, შეისწავლონ ახალი მასალები ბაზარზე და უბრალოდ ბევრი რამ სცადონ. საწყის ეტაპზე არაფრით შეიზღუდონ თავი.