ფერადი, ნაზი, დახვეწილი და ჰაეროვანი სამოსი – ასეთია ბევრისთვის ცნობილი ბრენდის, ANOUKI-ს კოლექციები. ის ყოველთვის რაღაც ახალს გვთავაზობს, თუმცა, ერთ კონკრეტულ მიმართულებას არ სცდება. სულ ცოტა ხნის წინ, ანუკი არეშიძემ, შეიძლება ითქვას, რომ თავის პროდუქციას სივრცე მოარგო. დამაინტრიგებლად ჟღერს? ნამდვილად ასეა – მაისში თარხნიშვილის #2-ში “ანუკი და კაფე, წიგნები, ემოციები” გაიხსნა.
აღსანიშნავია, რომ ამ ადგილზე არამხოლოდ სამოსს, არამედ სხვადასხვა უნიკალურ და საინტერესო ნივთსაც შეხვდებით. მათით მოხიბულს კი შეგეძლებათ იქვე არსებულ კაფეში “Aperitivo” გემრიელი სასმელები დააგემოვნოთ.
ამ კონცეპტუალური სივრცის შესახებ თავად ანუკი არეშიძეს გავესაუბრეთ:
– ვიცით, რომ ეს სივრცე რამდენიმე ფუნქციას ითავსებს და ამგვარადვეა დაყოფილი . როგორია მაღაზიის კონცეფცია? რას შეხვდება აქ ვიზიტორი?
აღნიშნულ მისამართზე, ანუკის მონო-ბრენდული მაღაზია ჯერ კიდევ 2015 წელს გაიხსნა. 2019 წლის ბოლოსკენ გაჩნდა იდეა, რომ მაღაზიის არამხოლოდ ინტერიერი, არამედ კონცეფციაც შეცვლილიყო და მომხმარებლებისთვის ANOUKI-ის სამოსის და ფეხსაცმლის გარდა, შეგვეთავაზებინა სხვადასხვა უცხოელი, ახალგაზრდა დიზაინერის სამკაულები. პანდემიამ, რა თქმა უნდა, დროში გაწელა სარემონტო სამუშაოები და უკვე წელს, მაისში გავხსენით განახლებული მაღაზია, განახლებული სახელით: “ანუკი და კაფე, წიგნები, ემოციები”.
გარდა სამკაულებისა, მაღაზიაში წარმოდგენილია უამრავი სხვადასხვა დიზაინისა და შინაარსის საკანცელარიო ნივთი (მაგ: რისტიან ლაკრუას დიზაინით და ენდი უორჰოლის ნამუშევრების ინსპირაციით შექმნილი ყოველდღიური წიგნაკები, კალმები, დომინო და ა.შ.), ასევე წიგნები (მოდის, არქიტექტურის, ფოტოგრაფიის შესახებ) და მთავარი სიახლე – კაფე Aperitivo, რომელიც მაღაზიაშივე მდებარეობს და რომლის გაკეთებაც უკვე დიდი ხანია მინდოდა. კაფეში შესაძლებელია, სპეციალურად ჩვენთვის, განსაკუთრებული რეცეპტებით შექმნილი სასმელების (ლიმონათების, კოქტეილების) მირთმევა.
– თავდაპირველად როგორი წარმოგედგინათ ეს ადგილი და ვის მიანდეთ დიზაინზე მუშაობა? როგორი იყო ამ სივრცის დიზაინის აწყობის პროცესი?
მას შემდეგ რაც მაღაზია ძველი ავეჯისგან “გათავისუფლდა”, მე პირადად სივრცე სრულიად ახლებურად აღვიქვი და ბევრი ახალი იდეა გამიჩნდა. რა თქმა უნდა, ჩაფიქრებულ მთავარ იდეასა და ვიზუალს ბოლომდე არ გადავუხვიეთ, მაგრამ მუშაობის პროცესში, ბევრი ახალი დეტალი გამოიკვეთა და ცვლილებებიც შევიტანეთ.
მაღაზიის ინტერიერზე, MOTIF DESIGN-ის ჯგუფთან ერთად ვიმუშავე. მე თავად უკვე მქონდა დაახლოებით ჩამოყალიბებული, როგორი სივრცე მინდოდა მიმეღო, MOTIF-ი ამ იდეების რეალიზებასა და დახვეწაში დამეხმარა.
“ჩვენთვის ყოველთვის ძალიან საინტერესოა კონცეპტუალურ სივრცეებზე მუშაობა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ასეთ თავისუფლებას გაძლევს დამკვეთი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სრულყოფილი შედეგის მისაღებად (ამისთვის დიდი მადლობა ჩვენს დამკვეთს).
რაც შეეხება საპროექტო დავალებას, უნდა მოგვეწყო ძალიან ნეიტრალური გარემო, რათა მომხმარებელს აქცენტი მაღაზიაში გამოფენილ ნივთებზე გაეკეთებინა და არა ინტერიერზე. თუმცა, ამავე დროს ჩვენ უნდა შეგვექმნა კომფორტული და მსუბუქი ლუქსის განწყობაც.
იმის გამო, რომ მაღაზიაში მუდმივად იცვლება კოლექციები და გვხვდება ფერთა სიუხვე, შევიმუშავეთ “სუფთა” და ამავდროულად საინტერესო ინტერიერის დიზაინი. აქვე გამოვყავით კაფის ზონა, რომელიც ძალიან ორგანულად ერწყმის მაღაზიის ღია სივრცეს, რაც განსაკუთრებით საინტერესოდ გამოვიდა მოცემულ პროექტში”, – მაკა თათეშვილი, Motif-ის თანადამფუძნებელი და დიზაინერი
– როგორც მაღაზიის დასახელებაში ვხვდებით, ეს სივრცე ემოციებთანაა დაკავშირებული – როგორ ფიქრობთ, რა ქმნის აქ ემოციურ, ღრმა გარემოს?
ზოგადად, ჩვენი ცხოვრება და ყოველდღიურობა ემოციებით არის დატვირთული და მე მინდოდა ამ სივრცით ადამიანებისთვის დამატებითი დადებითი ემოციის მიღების საშუალება მიმეცა. უკვე ბევრი სტუმარი აღნიშნავს, რომ მაღაზიაში შემოსვლისთანავე, ცოტა ხნით სხვა სამყაროში აღმოჩდნენ და ჩვენი გუნდის მიზანიც ეს იყო – შეგვექმნა ისეთი გარემო, როგორიც აქამდე თბილისში არ ყოფილა. ასევე, თითოეულ ნივთს, რომელიც წარმოდგენილია მაღაზიაში, საკუთარი ისტორია და ემოციური დატვირთვა აქვს და ყველა თავისებურად განსაკუთრებულია. ეს ყველაფერი ერთად – ინტერიერი, პროდუქცია და ჩვენი კაფე, ვფიქრობ, ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს და სასიამოვნო ემოციურ განწყობას ქმნის.
ინტერიერის დიზაინი: Motif
ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე