ქალაქის გულში – ტენკასში (ტამილნადუ) მდებარე ბატონი აბდულასა და მისი ოჯახის ოცნების სახლი, რომელიც კეთილმოწყობილი ტერიტორიით არის გარშემორტყმული, უცნაური და, იმავდროულად, ულამაზესი სკულპტურული ფორმებით იწონებს თავს.
დიზაინის იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ შექმნილიყო თვალწარმტაცი სივრცეებისა და გასაოცარი ელემენტების გამაერთიანებელი ლამაზი თანამედროვე სახლი, რომელიც მასში მცხოვრები ოჯახის ცხოვრების წესს ზედმიწევნით ასახავდა.
მშენებლობისას გამოყენებულ იქნა პასიური ენერგოეფექტური მეთოდები, როგორიც არის Rat Trap Bond – ამ დროს აგური ჩვეულებრივი ჰორიზონტალური მდგომარეობის ნაცვლად, ვერტიკალურ მდგომარეობაშია მოთავსებული და კედელში ცარიელი სივრცე იქმნება; Filler Slabs – ფირფიტების აგების ალტერნატიული ტექნოლოგია, როდესაც ფირფიტის ქვედა მხარისთვის ბეტონის ნაცვლად შემავსებელი მასალა გამოიყენება. ძირითადი პრინციპი არის ის, რომ ფილის ქვედა ნახევარში ბეტონი კონსტრუქციულად საჭირო არ არის, რადგან ბეტონი მოქმედებს როგორც შეკუმშვის მასალა, რომელიც ფილის ზედა ნაწილში უნდა იქნას გამოყენებული. გარდა ამისა, შენობაში გამოყენებულია ღიობები, რათა სივრცეში სითბო ზედმეტად არ გაიზარდოს.
ადგილობრივი მასალების გამოყენება, როგორიც არის ქვა, აგური და სხვა, მშენებლობის ღირებულების შემცირებას უწყობს ხელს და შენობები კლიმატზე უკეთ რეაგირებს, რაც სახლში უკეთეს ატმოსფეროს ქმნის.
ცენტრში არსებული უზარმაზარი ეზო თითოეული სართულის ყველა სივრცეს ბუნებრივი განათებით უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ის საშუალებას იძლევა, რომ გრილმა ჰაერმა შიგნით იმოძრაოს, ხოლო ცხელი ჰაერი მაღლა ამოვიდეს.
დიზაინის კონცეფციის შთაგონებად იქცა მეოცნებე არქიტექტორი – ბიარკე ინგელსი, რომელიც ამბობს: „არქიტექტურა არის იმის მცდელობა, რომ სამყარო ჩვენს ოცნებებს ოდნავ უფრო დაემსგავსოს.“