in

„არქიტექტურული პრემია 2023“ 11 ოქტომბერს სასტუმრო „რედისონ ბლუ“-ში გაიმართება

საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციისა“ და ჟურნალ „STYLE”-ს  ორგანიზებით, თბილისის მე-17 საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსის – „არქიტექტურული პრემია 2023“-ის საზეიმო დაჯილდოების ცერემონიალი 11 ოქტომბერს, „რედისონ ბლუს“ საპრეზენტაციო დარბაზში გაიმართება.

კონკურსში მონაწილეობას როგორც ქართველი, ისე უცხოელი არქიტექტორები და დიზაინერები იღებენ, მათ შორის, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, ინდოეთიდან, ყაზახეთიდან, ბელორუსიიდან, პოლონეთიდან  და იტალიიდან.

არქიტექტურული კონკურსი, რომელიც თავდაპირველად ჟურნალ „სტილის“ ორგანიზებით 2006 წელს ჩატარდა, არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სფეროში მოღვაწე პროფესიონალთათვის ყოველწლიურად იმართება.

2006 წლიდან დღემდე საერთაშორისო კონკურსში 3500-ზე მეტმა არქიტექტურულმა ნამუშევარმა მიიღო მონაწილეობა, წელს კი კონკურსზე 180-მდე არქიტექტურული, ქალაქგეგმარებითი და დიზაინერული პროექტია წარდგენილი.

„არქიტექტურული პრემია 2023“-ის მონაწილეებს  პროფესიული ჟიური აფასებს,  რომელიც საკონკურსო ნამუშევრებიდან ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებულ საუკეთესო პროექტებს ირჩევს. მათ პერსონალური კოდები/პაროლები ეგზავნებათ და კონკურსის ვებ-გვერდზე ( www.archiaward.com) 10 ბალიანი სისტემით აფასებენ ობიექტებს.

აღსანიშნავია, რომ ვებ-გვერდზე წარმოდგენილი ობიექტები ყველასათვის ხელმისაწვდომია და საზოგადოების თითოეულ წევრს შეუძლია ნამუშევრის 10 ბალიანი სისტემით შეფასება.

საერთაშორისო კონკურსზე განიხილება რეალიზებული, სარეალიზაციო და სტუდენტური პროექტები შემდეგი ნომინაციების მიხედვით:

  1. ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი (რეალიზებული)
  2. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი ან კომპლექსი (რეალიზებული)
  3. საცხოვრებელი ინტერიერი (რეალიზებული)
  4. საზოგადოებრივი ნაგებობა (რეალიზებული)
  5. საზოგადოებრივი ინტერიერი (რეალიზებული)
  6. რესტავრაცია-რეკონსტრუქცია (რეალიზებული)
  7. ლანდშაფტური არქიტექტურა (რეალიზებული)
  8. არქიტექტურული პროექტი
  9. 9. ქალაქგეგმარებითი პროექტი
  10. 10. საუკეთესო სტუდენტური პროექტი
  11. ავეჯის დიზაინი (რეალიზებული)

ნამუშევრები ფასდება შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე:

  • ფორმა;
  • ფუნქცია;
  • ინოვაცია;
  • კონცეპტუალურობა;
  • რეალობასთან სინქრონი (ადაპტაცია).

საერთაშორისო კონკურსის ნომინაციაში გამარჯვებულ არქიტექტორებს ენიჭებათ „არქიტექტურული პრემია 2023“, რაც გულისხმობს პრემიის სიმბოლოს — მცირე ფორმის სკულპტურას; ლაურეატის დიპლომს; ალტერნატიული ჟიურის პრემიასა და პროექტის მხარდაჭერის ან სპონსორის პრემიას.

საბოლოოდ, თითოეულ ნომინაციაში შეირჩევა ორი, სამი ან ოთხი საუკეთესო ობიექტი, რომელთაგან განსაკუთრებულად აღინიშნება მათგან ყველაზე მაღალი ქულის მფლობელი. კონკურსის „არქიტექტურული პრემია 2023“-ის საბოლოო შედეგები დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდება.

ახალი საცხოვრებელი კომპლექსი ,,მატიანი” წერეთლის გამზირზე – დეველოპერული კომპანია ,,ბიოგრაფი ლივინგი” ახალ პროექტს აანონსებს

სამზარეულოს ტექნიკა როგორც ინტერიერის მთავარი შტრიხი – “Miele”-ს 5 ტიპის დიზაინი