in

“არე” – არქიტექტურული სტუდია მრავალფეროვანი პროექტებით

Alliance Group
Alliance Group

2017 წელს საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოცდილების მქონე გუნდმა თბილისში არქიტექტურული სტუდია “არე” ჩამოაყალიბა. თუმცა, სტუდია არამხოლოდ არქიტექტურული, არამედ ინტერიერის, დეკორისა და პროდუქტის დიზაინის მიმართულებითაც მუშაობს და, საჭიროებისამებრ, პროექტის მოცემულობის მიხედვით, მომხმარებელს სთავაზობს სრული ტექნიკური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებასა და შესაბამის ინსტანციებში პროექტის შეთანხმებას.

ამ მრავალფეროვანი სპექტრით მოღვაწე სტუდიის დამფუძნებელი, გურამ გოცაძეა, რომელსაც დღეს “არეს” შესახებ გავესაუბრეთ:

– პირველ რიგში, როდის დაარსდა “არე” და საიდან გაჩნდა მისი იდეა?

“არეს” დაარსებამდე არსებობდა სხვადასხვა საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტებში მონაწილეობის მრავალწლიანი გამოცდილება. ნელ-ნელა კი გაჩნდა მოთხოვნა იმისა, რომ ინდივიდუალურადაც შემესრულებინა პროექტები, რამაც მანიშნა, რომ დრო იყო, შემეკრიბა ახალი გუნდი და დამოუკიდებლად დაგვეწყო პროექტირება. ასე დაიწყო არეს ისტორია 2017 წელს.

პროექტი უზნაძეზე

– ვინ დგას “არეს” მიღმა და რა გამოცდილება აქვთ მათ ამ სფეროში?

არეს გუნდი საკმაოდ ახალგაზრდულია და შედგება სხვადასხვა სახის გამოცდილების  და უნარების მქონე ადამიანებისგან. მათ შორის არიან როგორც დიდი გამოცდილების მქონე პროფესიონალები, ასევე ახალგაზრდა არქიტექტორებიც, რომელთა ახლებური ხედვების გაზიარება და ენთუზიაზმი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ერთობლივი პროდუქტის შექმნაში.

ინდივიდუალური საცხოვრებელი წყნეთში

– როგორი იყო არეს პირველი ნაბიჯები დაარსების პერიოდში – როგორ გახსენდებათ ეს პერიოდი?

არეს პირველი ნაბიჯები განსაკუთრებულად საინტერესო იყო კომპანიის ისტორიაში. თავიდანვე მოგვიწია რამდენიმე სხვადასხვა ტიპის პროექტზე ერთდროულად მუშაობა, რისთვისაც შეიკრიბა თანამოაზრე პროფესიონალების გუნდი, რომლებიც ერთიანი ძალებით უძღვებოდნენ პროცესს. მალევე დავიწყეთ ისეთ დამკევთებთან მუშაობა, როგორიც იყო ლექსუსის ცენტრი და საჭირო გახდა გუნდში ახალი წევრების დამატება, რამაც სრულიად ახალი ხედვები შემოიტანა შემოქმედებით პროცესში და კომპანიის განვითარების პოტენციალი გაზარდა.

გალერეა ყვარელში

– გვიამბეთ განხორციელებულ პროექტებზე…

დაარსებიდან არც თუ ისე დიდ პერიოდში საკმაოდ ბევრი შესრულებული პროექტი დაგვიგროვდა.

მათ შორის არის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები, ასევე სხვადასხვა დანიშნულების საზოგადოებრივი სივრცეები: კაფეები, რესტორნები,  სასტუმროები, საგანმანათლებლო და კულტურული ობიექტები…

ჩვენი პორტფოლიოდან გამოვარჩევდი რამდენიმე პროექტს, რომლებიც მათი კონცეპტუალური დავალებით და მიზნებით განსაკუთრებულად საინტერესო აღმოჩნდა ჩვენი გუნდისთვის.

პირველი ასეთი პროექტი იყო ლექსუსის ცენტრი თბილისში.

ლექსუსის ცენტრი თბილისში

არსებობდა ლექსუსის ცენტრებისთვის დამუშავებული ახალი კონცეფცია და მკაცრად გაწერილი მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც ერთ პერიოდში აშენდა ეს ცენტრები თბილისში, კარდიფში და პრაღაში. საჭირო იყო საერთაშორისო სტანდარტების მაღალ დონეზე დამუშავებული პროექტის მომზადება. ეს იყო “არეს” შესრულებული პირველი დიდი პროექტი, სადაც შედიოდა არქიტექტურა, ინტერიერის დიზაინი და სრული პროექტისთვის საჭირო ყველა ტექნიკური საპროექტო ნაწილი, რამაც კარგი პროფესიული გამოცდილება მოგვცა.

ასევე გამოვარჩევდი უნივერსიტეტ ალტერბრიჯის პროექტს, სადაც მოცემულობა იყო სასწავლო დაწესებულებისთვის აუცილებელი ყველა პარამეტრისა და არსებული ლანდშაფტური გარემოს გათვალისწინებით, საუნივერსიტეტო, თავისუფალი და თბილი სივრცეების შექმნა.

ალტერბრიჯის შენობა

შენობა მორგებულია გარშემო არსებულ გამწვანებას. დიდი ვიტრაჟებისა და ღია ტერასების გამოყენებით, გარემო ვიზუალურად ერთიანდება შიდა სივრცეებთან.  ინტერიერში ღიად დავტოვეთ ბეტონის კონსტრუქციული ელემენტები, დეტალებში გამოყენებულია ხის და ლითონის მასალა. ბევრი გამწვანების, ფერადი ფერების, მოხატული კედლებისა და ღია, ორსინათლიანი სივრცეების გამოყენების შედეგად მივიღეთ არასტანდარტული, მყუდრო, თბილი და თავისუფალი გარემო.

ალტერბრიჯის შენობა

საინტერესო იყო აგლაძის ქუჩაზე სკვერის პროექტზე მუშაობა. ელიავას ბაზრობის მძიმე და ქაოტურ გარემოში აღმოჩნდა საკმაოდ კარგი გამწვანებული მონაკვეთი, სადაც დაიგეგმა ახალი სკვერი. ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა ახალი, განსხვავებული, მოწესრიგებული და სუფთა სივრცე, როგორც პრეცედენტი გარშემო ტერიტორიის სამომავლო განვითარებისთვის. გეგმარება მთლიანად მოერგო არსებული ხეების განლაგებას. კონტრასტულად გამოვიყენეთ გამოკვეთილი და ნათელი ფერები, ხოლო მარტივი გეომეტრიული ფორმების გამოყენებით შევქმენით მინიმალისტური მოწესრიგებული გარემო.

სკვერი აგლაძის ქუჩაზე

– როგორ ფიქრობთ, როგორია “არეს” ხელწერა და რითი გამოირჩევა სხვა არქიტექტურული სტუდიებისგან?

ვფიქრობ, ჩვენს ხელწერას განსაზღვრავს ჩვენი დამოკიდებულება და სიყვარული ჩვენი პროფესიის მიმართ და თავისუფალი, მეგობრული გუნდი. სურვილი, რომ პირველ რიგში, გვქონდეს ჩამოყალიბებული, გამართული კონცეფცია, ვეძებოთ სიახლე, სრულად გავითვალისწინოთ დამკვეთის მიზნები, არსებული ლანდშაფტი და პროექტის მიღმა არსებული ფიზიკური და ემოციური გარემო. ძალიან მნიშვნელოვანია მუშაობის პროცესში ერთმანეთის გამოცდილების, უნარებისა  და იდეების გაზიარება, რაც გვეხმარება დასახული მიზნის განხორციელებაში.

– რა ეტაპზეა ამჟამად “არე” და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

პანდემიის შემდეგ, გასაგები მიზეზების გამო, შეჩერდა რამდენიმე საინტერესო პროექტზე დაწყებული მოლაპარაკებები, მოგვიწია დისტანციურად მუშაობის დაწყება. პირველ პერიოდში ეს რთული აღმოჩნდა, მაგრამ მოვახერხეთ გადაწყობა ახალ რეჟიმზე. თუმცა, ამ პერიოდმა მუშაობის წარმართვის თავისებური ახალი გამოცდილებაც მოგვიტანა და ამჟამად ვმუშაობთ რამდენიმე საინტერესო პროექტზე.

ინდივიდუალური საცხოვრებელი ლისზე

“არეს”  მიზანია, რომ შევძლოთ, უფრო მეტად ჩავერთოთ საზოგადოებრივი სივრცეების პროექტირებაში, რათა მეტი წვლილი შევიტანოთ ჩვენ გარშემო არსებული გარემოს განვითარებაში.

ტური Camila Cabello-ს ლოს ანჯელესის სახლში

როგორ შევქმნათ მაგიდის საახალწლო დეკორაცია ჩვენი ხელით – “ამელის” ეტაპობრივი ფოტო ინსტრუქცია