არქიტექტორები, დიზაინერები და სხვადასხვა კულტურული დაწესებულებები გმობენ რუსეთის აგრესიას და სოლიდარობას უცხადებენ უკრაინას.
ამასთან დაკავშირებით, დიზაინერმა ჯორჯო არმანიმ საკუთარი შოუ მილანის მოდის კვირეულზე სრულ სიჩუმეში ჩაატარა.
“მე რა შემეძლო გამეკეთებინა?”, – განაცხადა დიზაინერმა შოუს დასრულების შემდეგ. “მე მხოლოდ შემეძლო გამომეხატა ამ ტრაგედიით გამოწვეული გულისწყვეტა სიჩუმით. მე არ მინდოდა, რომ აჟღერებულიყო მუსიკა. ეს არის საუკეთესო გზა ჩვენი უკმაყოფილების გამოსახატად და ასევე იმის ხაზგასასმელად, რომ რაღაც ძალიან შემაშფოთებელი ხდება ახლა. ვფიქრობ, ამ სიჩუმეში ტანსაცმელი კიდევ უფრო ძლიერად გამოხატავს საკუთარ სათქმელს.”
V-A-C ფონდმა პროგრამა შეაჩერა
აღნიშნული მოვლენების პარალელურად, მოსკოვში დაფუძნებული V-A-C ფონდის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ “მათ არ შეუძლიათ იგნორი გაუკეთონ ამ ტრაგიკულ მოვლენებს” და ყველა ბოლო დროის პროგრამა შეაჩერეს.
“ჩვენი სოლიდარობისა და პატივისცემის გამოსახატად, გადავწყვიტეთ ყველა მიმდინარე გამოფენის დახურვა და დაგეგმილი ღონისძიებებისა და პროგრამების გაუქმება,” – აცხადებენ V-A-C ფონდში.
რუსეთის პავილიონი ვენეციის ბიენალეზე დარჩება დაკეტილი
ლიეტუველი კურატორის – რაიმუნდას მალასაუსკასა და რუსი არტისტების, ალექსანდრა სუხარე ვასა და კირილ სავჩენკოს განცხადებით, ისინი უარს ამბობენ რუსეთის პავილიონის გახსნაზე დაგეგმილ ვენეციის ხელოვნების ბიენალეზე.
“მე არ შემიძლია ამ პროექტზე მუშაობის გაგრძელება რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და დაბომბვის ფონზე. ეს ომი მიუღებელია როგორც პოლიტიკურად, ისე ემოციურად, – განაცხადა რაიმუნდასმა
ეს ნაბიჯი კი ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ წლევანდელ ღონისძიებაზე რუსეთის პავილიონი იქნება დაკეტილი.
არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირი (UIA) “მტკიცე სოლიდარობას” გამოხატავს
არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირი და არქიტექტორთა ევროპის საბჭო ასევე აქვეყნებენ განცხადებას უკრაინის მხარდასაჭერად.
“მიმდინარე ტრაგიკული მოვლენების გათვალისწინებით უკრაინაში, არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირი გამოხატავს საკუთარ მტკიცე სოლიდარობას ყველა დაზარალებულ მხარესთან და მოუწოდებს ერთობისა და მშვიდობისკენ ერებს შორის. არქიტექტორთა საერთაშორისო საზოგადოების სახელით, ჩვენ ვგმობთ ნებისმიერი ძალადობის აქტს, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს ადამიანების კეთილდღეობაზე და ლახავს მათ ღირსებას. ჩვენ ვუერთდებით მსოფლიო მოწოდებას ომის წინააღმდეგ და მოვუწოდებთ მშვიდობის დაუყოვნებელი აღდგენისაკენ,” – განაცხადა UIA-ს პრეზიდენტმა ხოსე ლუის კორტესმა
რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ადგილზე მყოფი არქიტექტორები და დიზაინერები იძულებულნი გახდნენ დაეკეტათ საკუთარი სტუდიები, შეეჩერებინათ პროექტები და ეძებნათ თავშესაფარი ან გაქცეულიყვნენ ქვეყნიდან.
“პუტინმა ჰიტლერის მსგავსად, ომი გამოგვიცხადა დილის 4 საათზე, ხოლო ერთ საათში დაბომბვა დაიწყო. ჩვენ კიევის დატოვება გადავწყვიტეთ. ვშიშობ, არაფერი კარგი არ ელის უკრაინას ახლო მომავალში”, – ანჟელიკა გარუსოვა, უკრაინის Art Space interior-ის დამფუძნებელი.
წყარო: dezeen.com