პრიცკერის პრემიის 46-ე ლაურეატი – არატა ისოძაკი 1931 წელს ოიტაში (კუნძული კიუშუ) დაიბადა. ის 14 წლის იყო, როდესაც ჰიროსიმა და ნაგასაკი დაბომბეს, რამაც მის ცხოვრებისეულ ფილოსოფიაზე დიდი გავლენა იქონია.
„საკმარისად დიდი ვიყავი, როდესაც ჰიროსიმაზე ატომური ბომბი ჩამოაგდეს. ქალაქი მთლიანად განადგურდა, არც არქიტექტურა დარჩა, არც შენობები, აღარც თვითონ ქალაქი – მხოლოდ ყაზარმები და დროებითი ქოხები. ასე რომ, ჩემი პირველი აღქმა არქიტექტურისა იყო მისი არარსებობა. სწორედ მაშინ დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ როგორ აღადგენდნენ ადამიანები საკუთარ სახლებსა და ქალაქებს სუფთა ფურცლიდან “ – თქვა მან.
1954 წელს ისოძაკიმ ტოკიოს უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტი დაამთავრა არქიტექტურის განხრით და 1987 წელს პრიცკერის ლაურეატის – კენზო ტანგეს ხელმძღვანელობით შემოქმედებითი კარიერა დაიწყო. 1963 წელს მან Arata Isozaki & Associates დააარსა. მის ადრეულ გამორჩეულ პროექტებს შორის არის ოიტას პრეფექტურული ბიბლიოთეკა (1962-1966), Festival Plaza პავილიონი Expo’70-სთვის ოასაკაში (1966-1970), თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი გუმაში (1971-1974), კიტაკიუშის ქალაქის ხელოვნების მუზეუმი (1972-1974). 1960-იან წლებში მან იმუშავა შინჯუკუს ურბანიზაციაზე ტოკიოში, შეიმუშავა ურბანული გეგმები ჩინეთისა და ახლო აღმოსავლეთისთვის (რომელიც არასდროს განხორციელებულა).
არატა ისოძაკი მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, მათ შორის არის იაპონიის არქიტექტურის ინსტიტუტის პრიზი (1966 და 1974 წლებში), ბრიტანეთის არქიტექტორების სამეფო ინსტიტუტის ოქროს მედალი RIBA (1986), ამერიკის არქიტექტურის ინსტიტუტის საპატიო ჯილდო (1992), ვენეციის ბიენალეს ოქროს ლომი (1995), იტალიის რესპუბლიკის საპატიო ჯილდო (2007). ის არის სამეფო ხელოვნების აკადემიის (1994), ასევე, ამერიკის ხელოვნებისა და სახვითი წერილების აკადემიის (1998) საპატიო წევრი, იაპონიის სამხატვრო აკადემიის წევრი (2017).
მისი შენობები მარტივად გამოიყურება, მაგრამ ყოველთვის სავსეა მნიშვნელობითა და ფუნქციით. მისი ავანგარდული მიდგომა მოქნილია, რომელიც გარემო პირობებსა და საჭიროებებს ადვილად ეგუება. „არქიტექტურის ისტორიისა და თეორიის ღრმა ცოდნის მქონე, მუდამ წინა ფლანგზე მყოფი არატა ისოძაკი არასოდეს იმეორებდა იმას, რაც უკვე იყო, არამედ მუდამ რაღაც ახალს ეძებდა“ – აღნიშნულია პრემიის ჟიურის განცხადებაში. „ისოძაკის ძიებები აისახება მის პროექტებში, რომლებიც რაიმე სტილისტურ ჩარჩოებში დღემდე არ ექცევა, მუდმივ განვითარებაშია, ყოველთვის ახალი და აქტუალურია.“