არქიტექტურა ხელოვნების იმ დარგს განეკუთვნება, რომელსაც ვერაფრით დავაღწევთ თავს. შეიძლება თვალი ავარიდოთ ფერწერულ ტილოებს თუ მუზეუმის კედლებში მოქცეულ სკულპტურებს, მაგრამ ნაგებობები ჩვენ წინაშეა გადაშლილი და ძალაუნებურად, ჩვენც ამ ესთეტიკის განუყოფელი ნაწილი ვხდებით. ალბათ, სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი არქიტექტურული ლანდშაფტი, რომელშიც ვცხოვრობთ — თანაც თითოეულ შენობას განსხვავებული ხასიათი, განწყობა და ემოცია ახლავს. ერთია, ამ ყველაფრით ტკბობა და მეორე – რაღაც ახლის თავად შექმნა. ისტორიასაც ის არქიტექტორები შემორჩებიან, ინდივიდუალურ ნიშას რომ პოულობენ და ისე ძერწავენ ნაგებობებს, როგორც ნამდვილი ჯადოქრები.
სწორედ ასეთი არქიტექტორი იყო რიკარდო ბოფილი, ესპანელი პოსტმოდერნისტი, რომელმაც XX საუკუნის მეორე ნახევარში ახალი სამშენებლო ტექნიკა დანერგა და კლასიკურისა და თანამედროვეს არაჩვეულებრივი სინთეზი შექმნა. ვარდისფერი კედლები, პალმის ხეები, შიდა სივრცეში ჭარბად შემოსული მზის სხივები, მინიმალისტური ესთეტიკა და მიტოვებული შენობებისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება ბოფილის შემოქმედების განუყოფელი ნაწილია. ახლა კი ესპანელი ხელოვანის შთამბეჭდავი იდეა თბილისშიც გაცოცხლდება — კერძოდ, რამდენიმე წლის წინ, ვიდრე რიკარდო ბოფილი გარდაიცვლებოდა, Lisi Development-მა მასთან თანამშრომლობა გადაწყვიტა და ასე ჩაეყარა საფუძველი „ბოფილის“ სახელწოდების საცხოვრებელ სახლს, მწვანე ქალაქის ლისის მესამე უბანში, რომელიც 2024 წლის ბოლოს დასრულებული სახით წარმოგვიდგება.
კომპანიის განვითარების კონკრეტულ ეტაპზე, „ლისი დეველოპმენტმა“ საერთაშორისო არქიტექტორებთან კოლაბორაცია გადაწყვიტა. აქამდეც ჰქონიათ მსგავსი გამოცდილება, როდესაც კომპანია ჰოლანდიურ UNStudio-სთან თანამშრომლობდა — ეს დიდი წინსვლა იყო, ვინაიდან მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე სტუდიაა ინდუსტრიაში. ამის შემდეგ „ლისი დეველოპმენტში” დაფიქრდნენ, რომელ არქიტექტორთან იქნებოდა პარტნიორობა საინტერესო, როგორც ქვეყნის არქიტექტურული ლანდშაფტის განვითარებისთვის, ისე კომპანიისთვის. ხანგრძლივი ფიქრის შედეგად, რიკარდო ბოფილიზე შეჯერდნენ, გამორჩეული ხედვის ხელოვანზე.
აგურისფერი ქმნილება არქიტექტურულ პავილიონში
სამწუხაროდ, გასულ წელს რიკარდო ბოფილი გარდაიცვალა, მაგრამ მშენებლობა არ შეჩერებულა — ამჟამად ესპანელი არქიტექტორის კომპანიას მისი შვილი, პაბლო ბოფილი ხელმძღვანელობს. შესაბამისად, ზემოხსენებული ნაგებობის მშენებლობაც აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ თბილისს ბოფილის კომპანიის არქიტექტორები და პროექტ მენეჯერი ეწვივნენ, რათა თავად ენახათ მშენებლობის პროცესი, შეერჩიათ შენობის საბოლოო ფერი და გარკვეული დეტალებიც დაეზუსტებინათ.
„იმისათვის, რომ დეველოპერულ კომპანიასთან თანამშრომლობა გადავწყვიტოთ, მასთან მყარ კავშირს უნდა ვგრძნობდეთ. ასე მოხდა ლისი დეველოპმენტის შემთხვევაში, ვინაიდან საერთო ღირებულებებს ვიზიარებთ. ჩვენ მყისიერად ვიგრძენით, რომ ეს კომპანია განსხვავებულ პროექტებს აკეთებს“, — აღნიშნავს ენრიკე მასკორტი, უფროსი არქიტექტორი რიკარდო ბოფილის არქიტქტურის სახელოსნოდან.
საგულისხმოა, რომ შენობა აგურისფერი იქნება, ოღონდ არა სტანდარტული და ყველასთვის ნაცნობი ტონის, არამედ სპეციალურად გამოყვანილი პიგმენტით მიღებული. თავის მხრივ, ფერის ზუსტად დასმა უდიდესი მნიშვნელობისაა, რადგან რიკარდო ბოფილის „ფერით მეტყველ არქიტექტორსაც“ კი უწოდებენ. ესპანეთიდან ჩამოსული ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი მიზანიც სწორედ ეს იყო – ადგილზე ენახათ თუ როგორ შეერევა პიგმენტი ბეტონს რეალური განათების ფონზე და როგორი სახით შენარჩუნდება. „ჩვენთვის ფერი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. ბოლო სამი წლის განმავლობაში საკუთარი ფერთა პალიტრაც კი შევიმუშავეთ. ამ პროექტზე ფიქრისას კი განვსაზღვრეთ, რომ ტონი ლანდშაფტთან ესთეტიკურად მორგებული უნდა ყოფილიყო“.
რადგანაც ფერი ამდენად მნიშვნელოვანია, ბოფილის არქიტექტურულ სტუდიაში გარემო ფაქტორების გავლენაზეც მაქსიმალურად ფიქრობენ. უფრო კონკრეტულად, ცხადია, მზის პირდაპირი სხივების გავლენით, დროთა განმავლობაში, ფერი იცვლება და „ხუნდება“. თუმცა, როგორც ენრიკე მასკორტმა გაგვანდო, კომპანიას სპეციალური ტექნიკა აქვს შემუშავებული, რომლის მეშვეობითაც საღებავი ტონალობის ცვლილებისგან სრულიად დაცულია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შენობის ფერი წლების შემდეგაც პირვანდელი სახით შენარჩუნდება.
გარდა ფერისა, ნაგებობის ესთეტიკაში უდიდეს როლს ასრულებს მზის სხივებიც, კერძოდ, დიდი ფანჯრებიდან შიდა სივრცეში შემომავალი ბუნებრივი განათება. ზოგადად, ეს რიკარდო ბოფილისთვის დამახასიათებელი ხელწერის ნაწილია – მინიმალისტური გეომეტრიული ფორმების სინათლესთან სინთეზი. თავად ენრიკე მასკორტი თბილისის პროექტს რიკარდოს ცნობილ “La Muralla Roja”-ს ადარებს, რაც აშკარად ჩანს შიდა ეზოებისა და მზის სხივების აქტიური როლით. განმასხვავებელი ნიშანი მხოლოდ ის არის, რომ “La Muralla Roja”-ს ცოტა და მცირე ზომის ფანჯრები აქვს, თბილისის პროექტის შემთხვევაში კი გამორჩეულ ხაზს სწორედ დიდი ფანჯრები და ზემოხსენებული ღიაობა წარმოადგენს.
„სიმართლე გითხრათ, რიკარდო დიდი ინტერესით ელოდა თბილისის პროექტის განხორციელებას, რადგან მას გამორჩეულ შენობად აღიქვამდა. ამას გარდა, ის მისთვის ერთ-ერთი ბოლო ნაგებობაც იყო“, — ენრიკე მასკორტი.
ბოლოს კი აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ რიკარდო ბოფილის შემოქმედების მთელი მიზანი ყოველთვის ალტერნატიული, განსხვავებული იდეების გაცოცხლება და ერთფეროვანი ხედვის დარღვევა იყო. არქიტექტორს სურდა, რომ მკაცრად გაბატონებული არქიტექტურული მოცემულობები მეტად სიურრეალისტურ პრიზმაში მოექცია და ჰაეროვანი, მინიმალისტურ-გეომეტრიული სილამაზე შეექმნა. ამის გათვალისწინებით, თბილისში ბოფილის შთაგონებით აშენებული ნაგებობა უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია არქიტექტურული ლანდშაფტის განვითარებისთვის. მისი მეშვეობით ქალაქს სრულიად განსხვავებული საცხოვრებელი სივრცე შეემატება და სამომავლოდ, ალბათ, არაერთი ადამიანისთვის იქცევა შთაგონების წყაროდ.
რიკარდო ბოფილის ავტორობით შექმნილი განსხვავებული არქიტექტურული ნამუშევარი მწვანე ქალაქი ლისის ნაწილია. საცხოვრებელი კომპლექსი “ლისი დეველოპმენტის” პირველი მასშტაბური პროექტია, რომელიც თბილისის ყველაზე დიდ რეკრეაციულ ზონასთან — ლისის ტბასთან არის გაშენებული. დღეისათვის მწვანე ქალაქი 3 საცხოვრებელ უბანსა და ვილების უბანს მოიცავს, რომლებიც გაშლილია 65 ჰექტრამდე ტერიტორიაზე.
მწვანე ქალაქი ლისზე გაშენებულია დაბალი სიმჭიდროვით. ერთ სულ მოსახლეზე, საშუალოდ, 150მ2 ფართობის საერთო სივრცე მოდის, რაც გულისხმობს არსებულ პარკებს, სკვერებს, მწვანე ზონებს, აუზის ტერიტორიას, საბავშვო-სათამაშო სივრცეებს და დამატებით ინფრასტრუქტურას. მწვანე ქალაქში ჯამში 7 პარკია. ჯანსაღი ეკოლოგიის შესაქმნელად, დიდი ყურადღება ეთმობა გამწვანებას. სწორედ ამიტომ, ტერიტორიის მხოლოდ 20%-ზეა განლაგებული შენობები, ხოლო დანარჩენი 80% გამწვანებასა და დამატებით ინფრასტრუქტურას ეთმობა.
“ლისი დეველოპმენტის” მიზანი არა მხოლოდ თანამედროვე სტილის და საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრება, არამედ ეკოლოგიურად სუფთა გარემოს უზრუნველყოფაა. აქ ყველა პირობაა იმისათვის, რომ თავი ყოველდღე განსაკუთრებულად და უსაფრთხოდ იგრძნო.