გერმანული კომპანია „კნაუფის“ წარმომადგენლები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არქიტექტურულ კონკურსებს „კნაუფის“ წარმოებული მასალების პოპულარიზაციის მიზნით ატარებენ. საქართველოში, კომპანია „კნაუფ გიპს თბილისის“ მიერ ორგანიზებული ერთეტაპიანი ღია ეროვნული კონკურსის ჩატარების იდეა სათავეს 2022 წლიდან იღებს. პროექტის მიზანია საკონკურსო ტერიტორიის მნიშვნელობისა და პოტენციალის წარმოჩენა, ასევე ისეთი ადგილის შექმნა, რომელიც ადგილობრივი საზოგადოებრივი ცხოვრების მნიშვნელოვან ელემენტად იქცევა და მოსახლეობის ინტენსიურ ჩართულობას გამოიწვევს. ეს კი თავის მხრივ, ადგილის როგორც სამოქალაქო, ასევე, კულტურული მნიშვნელობის გაძლიერებას განაპირობებს.
კონკურსი 2023 წლის 1 დეკემბერს გამოცხადდა და რეგისტრაციის საბოლოო თარიღად 2024 წლის 16 თებერვალი განისაზღვრა. გამარჯვებულთა გამოვლენა კი 2024 წლის 30 აპრილს იგეგმება.
ტერიტორია, რომელიც პროექტის განსახორციელებლად შეირჩა, ქართულ-გერმანული აგრარული საზოგადოების — „აკერის“ მიერაა შემოთავაზებული. ადგილი განაშენიანებული არაა, დაუსახლებელი და თითქმის უდაბურია, ამიტომ რეგიონი უამრავი გამოწვევის წინაშე დგას. ამასთანავე, მისგან მოშორებით გადის ტურისტული, მათ შორის, ღვინის, აგროტურიზმის მარშრუტები, თუმცა თავად ტერიტორია ტურისტების ყურადღების მიღმაა დარჩენილი. მიუხედავად იმისა, რომ ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით მდიდარი რეგიონია. პროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ კონკურსის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ პროექტს ახალი მიზიდულობის ცენტრის შექმნისა და რეგიონის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. თავად კონკურსი კი ადგილობრივი საზოგადოებისა და არქიტექტორების დიდ ინტერესს გამოიწვევს.
არქიტექტურულ ღია კონკურსში ყურადღება მიექცევა ადგილის სამოქალაქო, კულტურულ, ტურისტულ და სასოფლო-სამეურნეო ხასიათის ერთმანეთთან ჰარმონიულ შერწყმას; სოციალური და კულტურული კონტექსტის გათვალისწინებას; წლის ნებისმიერ პერიოდში დატვირთული, ისეთი მოქნილი კომპლექსის შექმნას, რომელსაც სხვადასხვა მასშტაბის ღონისძიების მასპინძლობა შეეძლება. ამასთანავე, უპირატესობა მიენიჭება ისეთ ობიექტს, რომელშიც გათვალისწინებული იქნება როგორც ბუნებრივი გარემო, ისე საერთაშორისო არქიტექტურული ტენდენციები, ადგილობრივი არქიტექტურული ტრადიციები და ეროვნული თუ საერთაშორისო ზოგადკულტურული კონტექსტი. გამარჯვებულ პროექტს სპეციალური ჟიური გამოავლენს.
კონკურსის კალენდარი შემდეგნაირად გამოიყურება:
- კონკურსის გამოცხადება — 01.12.2023
- რეგისტრაციის ბოლო ვადა — 16.02.2024-ს 24სთ. 00 წთ.
- მონაწილეთა ვიზიტი საკონკურსო ტერიტორიაზე —16.12.2023
- სემინარი კონკურსის მონაწილეებისთვის — 19.12.2023
- მონაწილეების მიერ კითხვების გაგზავნა კონკურსის ელექტრონულ ფოსტაზე — 15.02.2024-ის ჩათვლით
- კითხვებზე პასუხების გამოქვეყნება არაუგვიანეს — 29.02.2024
- პროექტების წარდგენის ბოლო ვადა — 05.04.2024
- პროექტების გამოფენა
- პროექტების ტექნიკური შეფასება (პროფესიულ მრჩეველთა ჯგუფის მიერ) —08.04.2024-დან 20.04.2024-მდე
- პროექტების საბოლოო შეფასება კონკურსის ჟიურის მიერ — 26.04.2024
- გამარჯვებულების გამოცხადება — 30.04.2024
- გამარჯვებულთა საზეიმო დაჯილდოება
კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია Arch-competition.ge-ზე.