ფოტოგრაფია არქიტექტურაში ყველაფერია. ხარისხიანი ვიზუალური მასალა არქიტექტორს საშუალებას აძლევს საკუთარი პროექტის მთავარი იდეა წარმატებით მიიტანოს აუდიტორიამდე, ხოლო ფოტოების ავტორს კი გამოარჩევს კონკურენტებისგან და ხელს უწყობს მისი ცნობადობის გაზრდას. ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, ფოტოგრაფირების მეთოდებიც იცვლება. სწორედ ამიტომ, ამ მხრივ მნიშვნელოვანია თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინება და დროისთვის ფეხის აწყობა.
აღნიშნულ თემაზე Homeis.ge გამორჩეულ ქართველ ფოტოგრაფს, უნიკალური ხელწერის მქონე პროფესიონალს, გიორგი მამასახლისს გაესაუბრა, რომელიც იმ 10 უმნიშვნელოვანეს რჩევას გვიზიარებს, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ფოტოგრაფმა არქიტექტურული ნამუშევრების გადაღებისას:
1. სანამ გადაღებას დაიწყებ, გაერკვიე არქიტექტურაში. იქონიე ზოგადი წარმოდგენა ამ სფეროზე და როგორც მინიმუმ, განასხვავე მოდერნიზმი პოსტ მოდერნიზმისგან. შემდეგ კი კმაყოფილი სახით შეუდექი გადაღებას (p.s. ამ მხრივ ინტერნეტში ზღვა მასალაა).
გაესაუბრე არქიტექტორს. მიუხედავად იმისა, რომ გადაღება შესაძლოა კონკრეტული სასტუმროს ან ქარხნის მფლობელმა დაგიკვეთოს, შენობის ავტორი არქიტექტორია და შენ უნდა იცოდე მისი ჩანაფიქრი.
2. მიაქციე ყურადღება განათებას. ერთიდაიგივე შენობა დღის სხვადასხვა მონაკვეთში სხვადასხვანაირად გამოიყურება. გახსოვდეს, განათება ქმნის ფორმას და მოცულობას.
3. შეისწავლე გადასაღები შენობა. ჩაინიშნე ბლოკნოტში ან მობილურში თუ სად და როგორ ეცემა შუქი, რომელი ნათურაა გამოსაცვლელი ან იქნებ, რაიმე დეტალი აკლია და გადაღებამდე შეიძლება ამ პრობლემის გამოსწორება.
4. გახსოვდეს, შენ იღებ გეომეტრიულ ფორმას, რომელსაც ავტორი ჰყავს, არ დააუშნოვო ის (არც ფორმა, არც ფერი, არც განათება!).
5. არქიტექტურა ადამიანისთვის იქმნება, ამიტომ კადრში ადამიანების ჩართვა არ დაგავიწყდეს.
6. მთლიანობის გადაღებისას (საერთო ხედი), დეტალები არ გამოგრჩეს (მსხვილი ხედი).
7. HDR-ის გამოყენება გოიმობაა. თუმცა, თუ მაინც გიწევს, ფრთხილად გამოიყენე, აქ გოიმი ხომ არავინაა!
8. მკვეთრი ობიექტივი, კარგი შტატივი და ვატერპასი შენი გუნდის წევრები უნდა გახდნენ.
9. გადაღების დასრულების შემდეგ დამკვეთს ყველა ფოტო არ აჩვენო, არავინ უშვებს უცხოს საკუთარ სამზარეულოში. საუკეთესო 20 ან 30 ფოტო მოამზადე, სადაც შენი ფავორიტებიც შევა.
10. არ დაგავიწყდეს, რომ ფოტოგრაფი ხარ, თანაც გამორჩეული. შესაბამისად, ინდივიდუალიზმი და ხელწერა არ დაკარგო, თან ისე, რომ არქიტექტორი არ დაჩრდილო.
აბა, შენ იცი!
გარეკანის ფოტო: მარი ნაკანი