რა არის ბედნიერება?
ამ მარადიულ კითხვაზე ამა თუ იმ დარგისა თუ ცხოვრების სტილის მიმდევრებს სხვადასხვა, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული პასუხების გაცემა შეუძლიათ, თუმცა რეალისტური, ადამიანური და სრულყოფილი ბედნიერების პოვნის მსურველებს არქიტექტურა ჯანსაღ, ესთეტიკურად მიმზიდველ საცხოვრებელი კომპლექსებისა თუ სახლებისკენ მიუთითებს.
სახლი ის სივრცეა, რომელშიც ჩვენი ცხოვრების უდიდეს ნაწილს ვატარებთ, მასთან ერთად ვვითარდებით, ვფართოვდებით და ვყალიბდებით, ამიტომ თუ შორეული პერსპექტივის გათვალისწინებასა და სახლში მუდმივად დამკვიდრებას ვაპირებთ, მნიშვნელოვანი კრიტერიუმები უნდა გავითვალისწინოთ.
არქიტექტურის ფსიქოლოგია ფსიქოლოგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია, რომელიც შეისწავლის ადამიანების მენტალური განვითარებისა და სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის საჭირო პირობებს, რომლებსაც არქიტექტურა უნდა აკმაყოფილებდეს. ამ სფეროს სპეციალისტების აზრით, საცხოვრებელ კომპლექსებში უმნიშვნელოვანესია გამწვანების, სუფთა ჰაერისა და ბუნების ელემენტების არსებობა, რომელთა საჭიროება კორონავირუსის ეპოქამ კიდევ უფრო გამოკვეთა. ამასთან ერთად, საცხოვრებელი კომპლექსი მასში მცხოვრებ თითოეულ ასაკობრივ ჯგუფს უნდა უქმნიდეს პირობებს გართობისა და რელაქსაციისთვის. იდეალურ სიტუაციაში, ბინას კარგი ხედიც უნდა ჰქონდეს, ვინაიდან ხედის ცქერა ადამიანებისთვის მედიტაციის ტოლფასია.
მსოფლიო არქიტექტურაში უკვე დიდი ხანია, რაც ამ მოთხოვნების დანერგვა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა მნიშვნელოვანი პრიორიტეტი გახდა, ამიტომ უკვე მრავალი ისეთი პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი გვხვდება, სადაც ცხოვრება ჭეშმარიტი ბედნიერების წინაპირობად შეიძლება მოვნათლოთ. ასეთია ბრაზილიური არქიტექტურული სტუდიის, Königsberger Vannucchi Arquitetura-ს მიერ შესრულებული საცხოვრებელი კომპლექსის პროექტი სან პაულოში. ამ შენობას MN15 Ibirapuera ეწოდება და უცნაური, არასტანდარტული ფორმით გამოირჩევა. 17-სართულიანი ოთხკუთხედი კომპლექსი 9,539 კვადრატულ მეტრს მოიცავს და მასში სხვადასხვა ზომის ბინებია განლაგებული. არჩვეულებრივი აივნების საშუალებით ბინის მფლობელებს საშუალება ეძლევათ თავიანთ ინტერიერში შეიტანონ სიმწვანე, გააშენონ ბაღები. ამასთან ერთად, თითოეული აივანი ნათდება მზით და სახლებში დაბრკოლების გარეშე აღწევს ნიავი, ვინაიდან აივნები ზუსტად ერთმანეთის მაღლა არ მდებარეობს. სპა სალონების, ფიტნეს ცენტრების, აუზების, სტადიონების, სათამაშო დარბაზებისა და უდიდესი ტერასების გარდა, კომპლექსიდან გადაშლილი საოცარი ხედი შენობის ერთ-ერთ მთავარ ღირსებას წარმოადგენს.
ორიგინალურობით, ჰარმონიულობით, ბუნებასთან იდილიური თანხვედრითა და სრულფასოვანი ცხოვრებისთვის საჭირო წინაპირობებით აღსავსე საცხოვრებელი კომპლექსები საქართველოშიც გვხვდება. ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია „მწვანე კონცხი ბოტანიკო“, შავი ზღვის სანაპიროზე, ზღვის დონიდან 60 მეტრის სიმაღლეზე მდებარე პროექტი, რომელშიც ყველა ტიპისა და ცხოვრების სტილის მქონე ადამიანისთვის მოიძებნება დეტალი, რომელიც მას აქ ბინის შეძენას მოანდომებს. „მწვანე კონცხი ბოტანიკო“ უამრავი უპირატესობით გამოირჩევა, თუმცა მისი მთავარი ხიბლი განუმეორებელი პეიზაჟით, ზღვის პანორამული ხედით ტკბობის შესაძლებლობაა. კომპლექსი ისეა დაპროექტებული, რომ უკლებლივ ყველა ბინა ზღვას გადაჰყურებს. ამასთან ერთად, კომპლექსის გემოვნებით მოწყობილი ბინები დიდი აივნებითაა განებივრებული, რაც მის მაცხოვრებლებს მაგიური პეიზაჟის ცქერის სიამოვნებას უორმაგებს. შემინული ფანჯრებიდან შემომავალი მზის სხივები სინათლით ავსებს თითოეულ ოთახს და დადებითი ენერგიით მუხტავს სივრცეს. ამ ხედის ცქერას ბინის მფლობელებზე თერაპევტული გავლენის მოხდენა შეუძლია – შეუძლებელია, იცხოვრო „ბოტანიკოში“ და შფოთსა და სტრესს გაბატონების უფლება მისცე.
უნიკალური სუბტროპიკული კლიმატისა და ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან სიახლოვის გამო, „მწვანე კონცხი ბოტანიკოს“ შემოგარენი ფლორისა და ფაუნის დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა, თანაც, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საცხოვრებელი კომპლექსი არავითარ ზიანს არ აყენებს ადგილობრივ უნიკალურ, ენდემურ ბუნებას – პირიქით, სიცოცხლის ხალისი შეაქვს აქამდე მივიწყებულ ადგილას. „ბოტანიკოს“ მაცხოვრებლებს წვდომა აქვთ კერძო აუზზე, იზოლირებულ სანაპიროზე, დახურულ სპორტულ დარბაზზე, ახლოს მდებარე დამატყვევებელი სილამაზით გამორჩეულ ტყეზე… კომპლექსი აღჭურვილია 24-საათიანი დაცვისა და უსაფრთხოების სისტემებით, საკურორტო ქალაქი ბათუმი კი სულ რაღაც 9 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს, ამიტომ ბინის მფლობელებს შეუძლიათ სახლიდან ნებისმიერ დროს გასვლა, ახლომდებარე გასართობი ადგილებისა თუ ოაზისური ჯადოსნურობით გამორჩეული ტერიტორიების მონახულება და თავის სრულიად დაცულად გრძნობა.
„მწვანე კონცხი ბოტანიკო“ თანამედროვე არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სტანდარტების გარდა, სრულად აკმაყოფილებს არქიტექტურული ფსიქოლოგიის მიერ რეკომენდირებულ კრიტერიუმებს. ამ მომაჯადოვებელ კომპლექსში დასვენება თუ ცხოვრება ნამდვილად ბედნიერების საწინდარია.
არქიტექტურულ ფსიქოლოგიასა და მოძღვრებას აშკარად კარგად იცნობენ სინგაპურში, რასაც მოწმობს აქ მდებარე ეკომეგობრული საცხოვრებელი, Treelodge@Punggol. პროექტი შვიდი 16-სართულიანი ცათამბჯენისგან შედგება, რომლებიც სრულიად არიან გარშემოტყმულნი ბაღებით და მწვანე სივრცეებით. პროექტში დანერგილია თანამედროვე, ენერგოეფექტური ტექნოლოგიები, როგორებიცაა მზის ენერგიის გამომმუშავებელი პანელები და წყლის გადამუშავების მექანიზმები. ცათამბჯენები საკუთარი თანამედროვე ვიზუალითაც გამოირჩევა – ამ მიმზიდველ შენობებში განთავსებულია სამ, ოთხ და ხუთოთახიანი ბინები, რომლებიდანაც ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი აივანზე გასვლა და სინგაპურის ნესტიან ჰავაში მხსნელად მოვლენილი სიმწვანის ცქერა.
ფლორიდაში, მაიამიში მდებარე ოვალური ფორმის საცხოვრებელი კომპლექსი Eighty Seven Park კიდევ ერთი ცხადი ნიმუშია იმისა, თუ როგორია ადამიანებზე მორგებული, დახვეწილი პროექტი. შენობა იტალიური არქიტექტურული სტუდიის, Renzo Piano-ს მიერაა აგებული, მაიამის უმშვენიერეს სანაპიროს გადაჰყურებს და 18 სართულზეა გადაჭიმული. Eighty Seven Park საკუთარ მაცხოვრებლებს არა მხოლოდ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე თვალწარმტაცი ლოკაციის ხედებით, არამედ ბუნებრივი სიმწვანითაც ანებივრებს – შენობის ძირში მდებარე 14 ჰექტარის ფართობის მქონე საჯარო პარკი მუდამ კომპლექსის ბინადრების განკარგულებაშია, 0,8 ჰექტარის მოცულობის მქონე ბაღზე წვდომა კი მხოლოდ Eighty Seven Park-ის ბინის მფლობელებს აქვთ. კომპლექსში ყველანაირი კომფორტია შექმნილი მისი რეზიდენტებისთვის – დახურული თუ ღია აუზები, კერძო პლიაჟები, კაფეები, ბარები… ერთი სიტყვით, Renzo Piano-ს პროექტში ყველაფრისა და ყველასთვის მოიძებნება ადგილი. შენობაში სულ 68 ბინაა განთავსებული, რომელთა ფართობი 130-დან 650 კვადრატულ მეტრამდე მერყეობს.
არქიტექტურული ფსიქოლოგიის კრიტერიუმების მიხედვით აგებული კიდევ ერთი კომპლექსი, რომლის საოცარი ექსტერიერი მაშინვე იწვევს აღტაცებას, არის დუბაიში მდებარე ხელოვნურ კუნძულზე, Palm Jabel Ali-ზე განთავსებული 25-სართულიანი საცხოვრებელი ცათამბჯენები, რომელთა პროექტიც არქიტექტურულ სტუდია KEO International Consultants-ს ეკუთვნის. ეს საოცარი შენობები დაკომპლექტებულია სამსაძინებლიანი ბინებით, შთამბეჭდავი ბაღებით, პრემიუმ კლასის პენტჰაუსებით, საცურაო აუზებითა და ფიტნეს ცენტრით. ტერასაზე გვხვდება კანოპის ფორმის სტრუქტურა, რომლებზეც ფოტოვოლტური პანელები გვხვდება, შესაბამისად, ეს პროექტი ენერგოეფექტურია. შენობების თითოეულ ნაწილში ინტეგრირებული ბუნებისა და თერაპიისთვის საჭირო ზედგამოჭრილი სივრცეებისა და აქედან გადაშლილი დუბაის წარმოუდგენელი ხედის წყალობით, ეს საცხოვრებელი კომპლექსი, ნამდვილად საოცნებოა.
ამ საცხოვრებელი კომპლექსების მაგალითზე თავისუფლად შეგვიძლია პასუხი გავცეთ სტატიის დასაწყისში დასმულ კითხვას. ბედნიერება ის გრძნობაა, რომელიც მწვანეში ჩაფლულ, მშვიდ, დაცულ, ხედებით განებივრებულ, თანამედროვე სტანდარტებს მორგებულ საცხოვრებელ კომპლექსში ცხოვრებისას გვეუფლება.