21 სექტემბერს, დიზაინ ინსტიტუტში, AT Architect-ის ორგანიზებით საქართველოში პირველი საინფორმაციო შეხვედრა/კონფერენცია ჩატარდა განათების დიზაინის შესახებ, სადაც თემაზე — „განათება, როგორც ცხოვრების მდგრადი წყარო” ქართველ პროფესიონალებთან ერთად, ორმა საერთაშორისო განათების დიზაინერმა ისაუბრა. ლორენცო ბრუსკალიონმა თემით — „განათების დიზაინი— წარმატებული პროექტის გასაღები” და კატია კოლოვეამ — „როგორ გარდაქმნის სინათლე სივრცეს და ადამიანის გამოცდილებას.” აღსანიშნავია ისიც, რომ ღონისძიებას ესწრებოდა საბერძნეთის ელჩი საქართველოში — მარია თეოდორუ და იტალიის ელჩის მოადგილე — ფაბიოლა ალბანეზე.
შეხვედრაზე კატია კოლოვეამ აღნიშნა, რომ განათება არის ყველგან, დაწყებული ბუნებრივი განათებით გაგრძელებული ხელოვნური განათებით. როცა განათება მანიპულირებს სხვადასხვა ფორმაზე, სხვადასხვა კომბინაციით იქმნება შთამბეჭდავი შედეგები არქიტექტურაში, დიზაინსა თუ ხელოვნებაში… განათება არის საერთაშორისო, უნივერსალური ენა, რომელიც ავრცელებს სხვადასხვა შეტყობინებებს გვესმის თუ არა ერთმანეთის. თითოეული ადამიანის ცხოვრებას აქვს ემოციური კავშირი განათებასთან, დაწყებული საზეიმო ტორტზე სანთლების ჩაქრობით, დამთავრებული გასაოცარი მზის ჩასვლის ყურებით. სწორედ განათება აყალიბებს ჩვენს შთაბეჭდილებებს კონკრეტულ სივრცეზე და გვკარნახობს ამ სივრცეში ქცევის წესებს.
ლორენცო ბრუსკალიონმა შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარა თავისი გამოცდილება და პროექტირების პროცესის თითოეული დეტალი, განათების დიზაინის ისეთ პროექტებზე მუშაობისას, როგორიცაა იტალიის პავილიონი დუბაიში, Bulgari-ის ინსტალაცია და სხვადასხვა ლაქშერი რითეილ სივრცეები. ისაუბრა თუ რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებს განათების დიზაინერის დროული ჩართვა არქიტექტურულ და ინტერიერის პროექტებში, რათა კარგად დაგეგმარებულმა განათების დიზაინმა ხაზი გაუსვას სწორ და მნიშვნელოვან დეტალებს.
ამასთანავე, კონფერენციის ორგანიზატორმა, არქიტექტორმა/განათების დიზაინერმა ანა თავართქილაძემ ისაუბრა იმაზე, თუ რატომ არის განათების დიზაინი საჭირო. მან აღნიშნა, თუ რამხელა როლს თამაშობს სწორად დაგეგმარებული განათება ადამიანის ბიოლოგიურ რიტმზე, შრომისუნარიანობაზე და მენტალურ ჯანმრთელობაზე, რაც კვლევებითაც დასტურდება. ადამიანზე მორგებული განათება სკოლებში და ოფისებში 19%-ით აუმჯობესებს სამუშაოს შესრულების ხარისხს; 27%-ით ამცირებს დაღლილობას და 37%-ით უკეთესს ხდის კონცენტრაციის უნარს. ჯანდაცვის სფეროში კარდიოლოგიური პაციენტები, რომლებიც განთავსებული იყვნენ ისეთ სივრცეში, სადაც განათების კონტროლი ხდებოდა 2-ჯერ სწრაფად გამოჯანმრთელდნენ. ხოლო მენტალური პრობლემების მქონე პაციენტებში განწყობის გაუმჯობესება 2 კვირაში შეინიშნებოდა, როდესაც ანტიდეპრესანტებს მინიმუმ 4-5 კვირა სჭირდება.
შეხვედრის ბოლოს “ჭკვიანი სახლის” წარმომადგენელმა სტუმრებს გააცნო სხვადასხვა ტიპის დისტანციური და ავტომატური მართვითი სისტემები. ისაუბრა, განათების მართვის ტექნოლოგიური შესაძლებლობების მნიშვნელობაზე თანამედროვე ცხოვრებაში, რაც კომფორტის გარდა ხელს უწყობს ენერგოეფექტურობას. ელექტრო ენერგიის მოხმარების 11% განათებას უკავია და სწორად შერჩეული განათების გარდა, ასევე გონივრულად დაგეგმარებული მართვის სისტემები გვაძლევს შესაძლებლობას შევამციროთ კომუნალური გადასახადები და ვიზრუნოთ გარემოზეც.
განათების დიზაინერები არიან განათების ექსპერტები. ისინი ისწრაფვიან შექმნან საუკეთესო განათება ყველასთვის, ეს იქნება ინდივიდუალური ხელოვნების ნიმუში, ერთი ოთახი, მთელი სახლი, არქიტექტურული პროექტი თუ ინტერიერის დიზაინი. ისინი გთავაზობენ მეტს ვიდრე უბრალო ნახაზები ან/და გამოთვლებია. განათების დიზაინერები არ ყიდიან ან ყიდულობენ პროდუქტებს. არამედ სწორი აქცენტების შესაქმნელად ყურადღებას აქცევენ თითოეულ დეტალს და ტექნიკურ მახასიათებლებს.
სპეციალიზებული ცოდნა მათ საშუალებას აძლევთ გამოიყენონ განათების მრავალი სახე, რომელიც ყველაზე უკეთ ერგება თქვენს სიტუაციას, სურვილებსა თუ კომფორტს, რათა განათების დახმარებით შექმნან საუკეთესო ატმოსფერული გამოცდილება. სწორ ეს არის ღონისძიების ორგანიზატორის, არქიტექტურული კომპანია “AT Architect”—ის მთავარი მიზანიც, რომ საქართველოში დაამკვიდროს განათების დიზაინის ევროპული სტანდარტები და ხელი შეუწყოს განათების დიზაინის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ჩვენს ქვეყანაში.
ამ საკითხებზე დეტალური ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ვებ-გვერდს:www.atarchitect.ge