ნეიტრალური ფერები, სასიამოვნო, თბილი გარემო და განსაკუთრებული სიმყუდროვე – ასეთია სახლი ჩეხეთში, სამხრეთ ბოჰემიის ისტორიულ ნაწილში, რომლის სრული ფართობი 317 კვ.მ-ს შეადგენს.
“ადგილი თავიდანვე გვიზიდავდა თავისი გამორჩეული ხასიათით და შესანიშნავი მდებარეობით. ვიწრო ქუჩებში, ჩვენ ერთგვარად “დამალულები” ვართ მიმდებარე აურზაურისგან, თუმცა, ამავდროულად, სულ რამდენიმე ნაბიჯი გვაშორებს ქალაქის ცენტრს – მაღაზიებს, ოფისებს, სკოლებს, კინოთეატრებს, თეატრსა და რკინიგზის სადგურს,” – ამბობენ სახლის მფლობელები.
ესაა ერთგვარი გარეუბნის ვილა, რომელიც მოიცავს საკმარისად დიდ მისაღებ ოთახს მიმდებარე გარე ტერასით, სხვენით, ბავშვთა ოთახებითა და სათამაშო ოთახით, საძინებელს თავისი აბაზანით, ბაღს, ორ ავტოფარეხის ადგილსა და დიდ სახელოსნოს.
რეალურად საცხოვრებელი სახლი შეიქმნა ორი მეზობელი სახლის შეერთებით. ერთმა მათგანმა მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია გაიარა ათასწლეულის მიჯნაზე, მეორე კი ავარიულ მდგომარეობაში იყო. სწორედ ამ ნაწილის რეკონსტრუქცია დაევალა Atelier 111 Architekti-ს.
სახლის იდენტობას განსაზღვრავს მისი ღია ფერები, ხის ჭერი და ორიგინალური ფორმის კარ-ფანჯარა. მისაღები ოთახი გაერთიანებულია სამზარეულოსთან და სასადილო სივრცესთან. ერთი შეხედვით, ეს სივრცე დახურული და ბნელია, თუმცა, რეალურად აქ სინათლე ჭერის ფანჯრებიდან ჩამოდის.
სახლის მნიშვნელოვანი ნაწილია წიგნების ოთახი, საიდანაც ავდივართ მეორე სართულზე.
სახლში ორი სველი წერტილია – ერთი საზოგადო, მეორეც – საძინებლის. საზოგადო სველი წერტილი თეთრ ფერებშია გადაწყვეტილი, საძინებლის კი – ვარდისფერში. შეიძლება მათზე ითქვას, რომ იდეალურად აგრძელებენ საერთო ინტერიერის ხაზს.
სახლის დიდი ფანჯრების და კარების სიმრავლე სინათლესთან ერთად უზრუნველყოფს ბაღში გასვლის შესაძლებლობას ნებისმიერ მომენტში.
არქიტექტურული სტუდია: Atelier 111 Architekti
ფოტოგრაფი: Alex Shoots Buildings