in

“აუკი” – სტუდია, სადაც ინტერიერის დიზაინი ინდივიდუალური მიდგომით იქმნება

„აუკი“ ქართული ინტერიერის დიზაინის სტუდიაა, რომელიც მომხმარებლისადმი უნიკალური მიდგომით  გამოირჩევა – მათი კონცეფციის მიხედვით, დამკვეთი პროექტის სრულყოფისათვის საჭირო ყველა მომსახურებას ერთ სფეროში, ყველანაირი გართულების, დროისა თუ ფინანსური რესურსების გაფლანგვის გარეშე იღებს. homeis.ge გთავაზობთ ინტერვიუს სტუდიის დამფუძნებლებთან, ანანო კახიანთან და დავით ხიდურელთან.

-როგორ დაარსდა აუკი? მოგვიყევით სტუდიის ისტორია.

ანანო კახიანი:  “აუკი“ დაარსდა 2018 წელს, მაშინ, როცა მე JWT Metro-ში გრაფიკულ დიზაინერად ვმუშაობდი, „აუკის“ თანადამფუძნებელი, ჩემი მეგობარი, დავით ხიდურელი კი ფრილანსერ-არქიტექტორი იყო და თავის არქიტექტურულ-დიზაინერულ პროექტებზე მუშაობდა. ერთად გაგვიჩნდა იდეა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლებოდა მოგვეწყო, გაგვერემონტებინა, გაგველამაზებინა სივრცეები და ბინები, ისე, რომ დამკვეთისთვის მიგვეწოდებინა გამზადებული პროექტი, სადაც მას პირდაპირ შეეძლებოდა შესვლა და ცხოვრება.

“აუკის” პროექტი გუდაურში

 

გვსურდა, მომხმარებლისთვის შეგვეთევაზებინა კომბინირებული მომსახურება, რაც ითვალისწინებს ინტერიერის დიზაინის პროექტის, სარემონტო სამუშაოების და ბინის კეთილმოწყობის ორგანიზებას. ჩვენი კონცეფცია სწორედ ამ სამი მიმართულების გაერთიანების იდეაზეა დაფუძნებული. თავიდან BnB (Bed and Breakfast) ტიპის ბინებზე ვმუშაობდით, რომელთა გაქირავება იყო გამიზნული. ასეთი ბინების მფლობელებს ძირითადად შეზღუდული ბიუჯეტი აქვთ და მათი გაქირავებით სურთ ჩადებული ინვესტიციის ანაზღაურება, ამიტომ ვცდილობდით მათ რესურსებს მაქსიმალურად მოვრგებოდით. 2018-2020 წლებში მხოლოდ გავრცელებული ხმის მეშვეობით დაახლოებით 24 შესრულებული პროექტი დაგვიგროვდა, რომლებიც თავიანთ ფუნქციას წარმატებით ასრულებდნენ. ნელ-ნელა ჩვენი მომსახურება იმდენად მოთხოვნადი გახდა, რომ დავითმა და მე ჩვენი რესურსები და დრო მთლიანად „აუკისკენ“ მივმართეთ.

“აუკის” პროექტი თბილისში, ეკალაძის ქუჩაზე. ფოტოგრაფი: ელენე შენგელია

დავით ხიდურელი: მიუხედავად იმისა, რომ „აუკის“ დაარსებამდე ბაზარი კარგად შევისწავლეთ, ვერ წარმოგვედგინა, რომ ჩვენს სერვისს ქართველი მომხმარებელი ასე სწრაფად აიტაცებდა. „აუკის“ შექმნისა და მუშაობის დაწყების შემდეგ, ფაქტობრივად, არ გავჩერებულვართ და იმის დროც არ გვქონია, რომ გვეზრუნა კომპანიის კომუნიკაციაზე. პანდემიით გამოწვეული პაუზის წყალობით მოვახერხეთ სტუდიის ბრენდინგის გაკეთება და წელს „აუკიმ“, როგორც დამოუკიდებელმა კომპანიამ, დასრულებული სახე მიიღო.

-გვიამბეთ „აუკის“ მომსახურების სფეროებზე – რას სთავაზობს ის ქართველ მომხმარებელს?

ანანო კახიანი: დღესდღეობით „აუკი“ ასრულებს როგორც ინდივიდუალურ, ასევე კორპორატიულ დაკვეთებს და მომხმარებელს სთავაზობს კომფორტულ, საჭირო სამუშაოების კომბინირებულ სერვისს – რემონტს, ინტერიერის დიზაინის შექმნასა და ფართის კეთილმოწყობას.

“აუკის” პროექტი გუდაურში

-როგორ ფიქრობთ, რა ხდის „აუკის“ უნიკალურს?

დავით ხიდურელი: „აუკი“ დამკვეთს ყველანაირი „თავისტკივილისგან“ ათავისუფლებს – ჩვენ მის ბიუჯეტს, შესაძლებლობებს ანგარიშს ვუწევთ და ამ ყველაფრის მიხედვით უზრუნველვყოფთ პროცესის კონტროლს. პროექტირებისას დამკვეთის ბიუჯეტის გაუთვალისწინებლობამ შეიძლება პრობლემები გამოიწვიოს და ინტერიერის დიზაინერისა თუ არქიტექტორის მიერ ჩაფიქრებული დეტალები ვერ განხორციელდეს. „აუკის“ გუნდის კოორდინირებული, გამჭვირვალე სამუშაო პროცესისა და ერთმანეთთან შერწყმული სამი სფეროს საშუალებით ნებისმიერ დაკისრებულ პასუხისმგებლობას წარმატებით ვართმევთ თავს ისე, რომ ვხელმძღვანელობთ კლიენტის შესაძლებლობებით და ვცდილობთ ის მაქსიმალურად კმაყოფილი დავტოვოთ. ვფიქრობთ, სწორედ ასეთი უშუალო და მზრუნველი მიდგომა ხდის „აუკის“ უნიკალურს.

“აუკის” პროექტი ბათუმში. ფოტოგრაფი: ლაშა ფალავანდიშვილი

-საქართველოში გავრცელებულია მოსაზრება, რომ დიზაინერის აყვანა და ინტერიერის პროფესიონალის დახმარებით მოწყობა ძვირადღირებული ფუფუნებაა. როგორ ახერხებს „აუკი“ ბიუჯეტზე მორგებულ ფასში მაღალი დონის მომსახურების გაწევას?

დავით ხიდურელი:  ვფიქრობთ, რომ პროფესიონალების ჩართვა ბინის მოწყობის პროცესში ყველაზე ჭკვიანური გადაწყვეტილებაა, რაც დამკვეთმა შეიძლება მიიღოს, ვინაიდან პროექტის სანდო ადამიანების მიერ მომზადება მომავალში უამრავ პრობლემასა და უსიამოვნებას გვარიდებს თავიდან. შესაბამისად, რისკებისა და სამომავლო გარანტიების შეფასების შედეგად “აუკი” მომხმარებელს ფულის დაზოგვაში ეხმარება. ამასთან ერთად, ანგარიშს ვუწევთ მომხმარებლის რესურსებს, ჩვენი გამოცდილი გუნდი არსებული ფინანსური მდგომარეობის მიხედვით არჩევს მასალებს, ფერებს, აქსესუარებს, რომლებითაც ფართი დაკომპლექტდება. მაგალითად, თუ ბიუჯეტში შეზღუდულები ვართ, ვცდილობთ ყურადღება არ გავამახვილოთ ავეჯსა და სხვა დეტალებზე, რომლებიც შედარებით ძვირადღირებულია და ინტერიერის გახალისებას შედარებით ნაკლებფასიანი ელემენტებით ვცდილობთ.

“აუკის” პროექტი ბათუმში. ფოტოგრაფი: ლაშა ფალავანდიშვილი

-პროექტირების პროცესის დროში გაწელვა ბევრისთვის ნაცნობი არაკომფორტული ფენომენია, რა საშუალებებით უპირისპირება ამას „აუკი“?

ანანო კახიანი: პროექტირებისა და სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო დროის ხანგრძლივობა საქართველოში უკვე სახუმარო თემადაა ქცეული. ხშირად მოისმენთ თითქოს ჭკუის სასწავლ გამონათქვამს, რომლის მიხედვითაც რემონტისთვის საჭირო დროისა და ბიუჯეტის ზუსტად გამოსათვლელად დაანგარიშებული თანხა და დრო ორზე უნდა გავამრავლოთ. ჩვენ მთელი ძალისხმევით ვცდილობთ ამ სტერეოტიპის დამსხვრევას.

დავით ხიდურელი:  პროექტირებისა და სარემონტო სამუშაოების დროში გაწელვას ძირითადად ის განაპირობებს, რომ დამკვეთები დასრულებული ნამუშევრის მისაღებად ბევრ სხვადასხვა პროფილის კომპანიას, არქიტექტორს თუ დიზაინერს, შემდგომ კი  სარემონტო კომპანიას ან თუნდაც კერძო მუშა ხელსმიმართავენ. პროცესში ამდენი ადამიანის ჩარევით და მათი არაკოორდინირებული თანამშრომლობით, ცხადია, სასურველ შედეგამდე სწრაფად ვერ მივალთ. „აუკიში“ ყველა საჭირო მომსახურება ერთ სივრცეშია გაერთიანებული, შესაბამისად, კლიენტებს შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად სწრაფად, მარტივად და გართულებების გარეშე ვუწევთ მომსახურებას.

“აუკის” პროექტი ბათუმში. ფოტოგრაფი: ლაშა ფალავანდიშვილი

-გვიამბეთ სამუშაო პროცესზე, როგორ იქმნება პროექტის კონცეფცია და რამდენადაა პროცესში დამკვეთი ჩართული?

ანანო კახიანი: ჩვენი სამუშაო პროცესის პირველი ნაბიჯი ინტერიერის დიზაინზე მუშაობაა, რომელიც 3 კვირიდან 1 თვის ფარგლებში გრძელდება ხოლმე. ამის შემდეგ კლიენტთან ვათანხმებთ ჩვენს მიღებულ გადაწყვეტილებებს, გაკეთებულ არჩევნებს, ვადგენთ ბიუჯეტს, გეგმას, შევისწავლით პროექტის ბრიფს. შემდეგი ნაბიჯია რენდერების შექმნა, ხოლო როცა დამკვეთი კმაყოფილია სამომავლო პროექტის ვიზუალებით, ნახაზების მუშა დოკუმენტაციაზე მუშაობა იწყება. შემდეგ ვადგენთ საბოლოო, ზუსტ სარემონტო ბიუჯეტს (ავეჯის, სანათების, აქსესუარებისა და იმ ყველაფრის ჩათვლით, რაც ფართის კეთილმოწყობას სჭირდება) . მნიშვნელოვანია ის მომენტიც, რომ როცა პროექტი აღსრულების ფაზაში გადადის – ამ ეტაპზე დამკვეთს რამდენჯერმე წარედგინება სრული ინფორმაცია რემონტის პროგრესის შესახებ, ფაქტობრივი ბიუჯეტი, ფოტომასალა და ა.შ.

“აუკის” პროექტი ბათუმში. ფოტოგრაფი: ლაშა ფალავანდიშვილი

-რა შედის „აუკის“ სამომავლო გეგმებში?

ანანო კახიანი: პანდემიის პირობების მიუხედავად ჩვენი მომსახურება და ხარისხი უფრო მეტად განვავითარეთ, ამიტომ ვცდილობთ პროცესები კვლავ ეფექტურად ვმართოთ, გაზრდილ მოთხოვნას ვუპასუხოთ და “აუკის” მიერ აკრეფილი ტემპი კიდევ უფრო ავაჩქაროთ.

#სადვიცხოვრო: ფერადი ბინა ბათუმში

როგორ გამოვთვალოთ თუ რა რაოდენობით ელექტრო ენერგიას მოიხმარს ჩვენი საყოფაცხოვრებო ტექნიკა