in

აუზის მოვლის მომსახურება — სპეციფიკა და ფასები ქართულ ბაზარზე

აუზის რეგულარულ მოვლასა და წმენდას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან ჰიგიენის დაცვა ჩვენი ჯანმრთელობისთვის და აუზის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია. დღევანდელ სტატიაში აუზის მოვლის მომსახურების სპეციფიკასა და ღირებულებაზე ვისაუბრებთ.

როგორც კომპანია „აკვალაინში“ განმარტავენ, აუზის მოვლა შემდეგ მომსახურებას გულისხმობს:

  • ზაფხულის დაწყებამდე აუზის მდგომარეობის შეფასებას;
  • ფილტრაციის სისტემისა და გაყვანილობის შემოწმებას;
  • აუზის დასუფთავებას და მის რეგულარულ მოვლას;
  • წყლის ხარისხის კონტროლს, მისი ქიმიური საშუალებებით დამუშავებას;
  • აუზის მდგომარეობის ყოველკვირეულ შემოწმებას;
  • ზამთარში წყლის საგანგებო საკონსერვაციო საშუალებებით დამუშავებას.

დარგის სპეციალისტი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ეს მომსახურება აუზის მოხმარების ვადის გახანგრძლივებისა და ჯანსაღი გარემოს შენარჩუნების მიზნითაა საჭირო.

„წყლის ქიმიური დამუშავება აუცილებელია ჩვენი უსაფრთხოებისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეს არ მოხდა, მექანიკური დაბინძურების გარდა, წყალში გამრავლდება წყალმცენარეები და მავნე მიკროორგანიზმები, რაც ჯანმრთელობისთვის საშიშია. წყლის ქიმიური დამუშავება მისი ხარისხის შენარჩუნებას უზრუნველყოფს“, — გვიხსნიან „აკვალაინში“.

ექსპერტი აუზის მოვლის პროცესში პროფესიონალის ჩართვის აუცილებლობაზეც საუბრობს. მისი თქმით, ამ საქმეს საგანგებო ცოდნა სჭირდება. ჭარბი ან პირიქით, საკმარისზე ნაკლები ქიმიკატები თანაბრად საზიანოა ჯანმრთელობისთვის, რადგან აზიანებს კანს, შესაძლებელია განვითარდეს მწვავე ალერგიული პროცესები და ა. შ. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, აუზის მოვლისა და წმენდისთვის სპეციალისტს მიმართოთ.

როგორ და რა საშუალებებით იწმინდება აუზი?   

„აკვალაინის“ წარმომადგენელი გვირჩევს, ბაქტერიებთან, წყალმცენარეებსა და სხვა დამაბინძურებელ ნივთიერებებთან ბრძოლა აუზის პირველი გამოყენებისთანავე დავიწყოთ: „სასურველია, სადეზინფექციო ხსნარით აუზის კედლები და ფსკერი თავიდანვე დამუშავდეს. მისი გავსებისთანავე უნდა შეფასდეს და დაბალანსდეს PH-ის (მჟავიანობის) დონე. PH-ის არასათანადო მაჩვენებლის შემთხვევაში, ზიანდება აუზის კონსტრუქცია, ქიმიკატები კი ეფექტურობას კარგავს. სწორედ PH-ის დონის დარეგულირების შემდეგ მუშავდება წყალი საგანგებო ქიმიკატებით“.

წყლის დასამუშავებლად შემდეგი ქიმიკატები გამოიყენება:

ქლორი — გამოიყენება წყლის დეზინფექციისთვის. ებრძვის ბაქტერიებს და უზრუნველყოფს წყლის სისუფთავეს.

ალგეციდი — სპობს წყალმცენარეებს და ხელს უშლის მათ  გამრავლებას, რის გამოც წყალი მუდმივად სუფთა და ჯანსაღია.

ფლუკოლანტი — ხელს უწყობს აუზში არსებული უწვრილესი ნაწილაკების შეერთებასა და დალექვას, რაც, თავის მხრივ, ამარტივებს ფილტრაციის პროცესს და ზრდის მის ეფექტურობას.

ჩვენი რესპონდენტი გვირჩევს, წყლის ქიმიური დამუშავების გარდა, აუზის ჯამის მექანიკურ დასუფთავებაზეც ვიზრუნოთ, რისთვისაც სხვადასხვა საშუალება გამოიყენება — მექანიკური მტვერსასრუტები, ჯაგრისები, ბადეები და სხვა. თუმცა, აუზის დასუფთავების ყველაზე ეფექტური და მარტივი გზა ავტომატური საწმენდი რობოტია, რომელიც თქვენს დროსა და ფინანსებს ზოგავს და აუზსაც უნაკლოდ წმენდს.

„აკვალაინის“ წარმომადგენლის თქმით, აუზის მომსახურების სტანდარტული ფასი თბილისსა და მის შემოგარენში, ერთჯერადი მომსახურების შემთხვევაში, საშუალოდ, 150-250 ლარია. ღირებულება დამოკიდებულია აუზის ტიპზე (კერძოა, საზოგადოებრივი, დახურული თუ ღია), ზომაზე, მის ადგილმდებარეობასა და წყლის ხარისხზე. აღსანიშნავია, რომ „აკვალაინი“ მომხმარებელს რეგულარულ მომსახურებასაც სთავაზობს, რომლითაც აქტიურად სარგებლობს როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორი.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

ბუნებრივი სინათლით აღსავსე მომხიბვლელი შვედური აგარაკი

ახალგაზრდა არქიტექტორების, ნინა ავდალიანისა და ვანო გვენცაძის, ნამუშევარმა „TerraVivas“-ს საერთაშორისო კონკურსზე პირველი ადგილი დაიმსახურა