in

ავანგარდული ბინა ბახტრიონის ქუჩაზე – მარიამ ძამაშვილის ნამუშევარი

ბინა, რომლის საერთო ფართობი 130 კვადრატულ მეტრს შეადგენს, თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, ბახტრიონის ქუჩაზე მდებარეობს და მის დიზაინზე მარიამ ძამაშვილმა იმუშავა.

მარიამ ძამაშვილი

როგორც პროექტის ავტორისგან ვიგებთ, დამკვეთის მთავარი სურვილი იყო, საერთო სივრცეში მიეღო ნათელი, სადა და ღია ფერებით შექმნილი გარემო, რომელიც განათებული იქნებოდა თბილი ნათებით, რაც საერთო ჯამში, შექმნიდა მყუდრო, კომფორტულ და სასიამოვნო საცხოვრებელ ატმოსფეროს. რაც შეეხება პრივატულ ზონებს, როგორიცაა საძინებელი, ამ შემთხვევაში ბინის მეპატრონეს სურდა კონტრასტულად მუქი და პასტელური ფერების შემოტანა და ამ გზით ოთახებში ინტიმური ხასიათის გაძლიერება.

აღნიშნული პროექტის კონცეფციაზე მუშაობისას მარიამ ძამაშვილისთვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენდა ისეთი სივრცის შექმნა, რომელიც რომელიც დამკვეთის ცხოვრების წესსა და სურვილებს სრულად მოერგებოდა.

იმის გათვალისწინებით, რომ დამკვეთს ორი ვაჟი ჰყავს, პროექტის ავტორმა მათთვის გაითვალისწინა საერთო საძინებელი, რომლის დიზაინი შეიქმნა ბავშვების ასაკის, ჰობისა და მისწრაფებების შესაბამისად.

ამას გარდა, მარიამისთვის ცნობილი იყო, რომ დამკვეთისთვის ერთ-ერთ მთავარ საჭიროებას წარმოადგენდა საცხოვრებელში სამუშაო სივრცის არსებობა. აქედან გამომდინარე, მან ცალკე დააგეგმარა კაბინეტი. კომფორტული და სასიამოვნო სამუშაო გარემოს შესაქმნელად დიზაინერმა სივრცეში ხის დეტალები შემოიტანა, რაც ოთახს დამატებით სიმყუდროვეს მატებს. აქვე გვხვდება კედლის ორიგინალური 3D პანელი, რომელიც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ამ სივრცეს.

ინტერიერში ასევე ყურადღებას იქცევს კედლის პრინტი, რომელიც ავანგარდული დომინანტი ელემენტის სახით გვევლინება სივრცეში.

მისაღები ზონის ერთ-ერთ გამორჩეულ ელემენტს საქანელა-სკამი წარმოადგენს, რომელიც გარდა იმისა, რომ ძალიან კომფორტულია ფუნქციურად, ასევე აღძრავს შეგრძნებებს, თითქოს იმყოფები არა სახლში, არამედ გარეთ, ღია სივრცეში. თუმცა, როგორც მარიამი გვიამბობს, სწორედ ეს საქანელა-სკამი აღმოჩნდა პროექტის მთავარი გამოწვევა, ვინაიდან ამ ჩანაფიქრის განხორციელება ტექნიკურად საკმაოდ რთული შესასრულებელი იყო.

საქანელა უნდა მოწყობილიყო თაბაშირ-მუყაოს ჭერზე, ეს კი სირთულეებთან იყო დაკავშირებული, რადგან არსებობდა ჭერის დაზიანების რისკი. თუმცა, მიუხედავად ამისა, მარიამმა უარი არ თქვა საკუთარ დიზაინ ჩანაფიქრზე და ბევრი ფიქრის შედეგად შეიმუშავა ისეთი კონსტრუქცია, რომელიც თაბაშირ-მუყაოს ჭერის შიგნით დამონტაჟდა და საქანელას საკიდს მისცა საჭირო სიმყარე იმისთვის, რომ ის უსაფრთხო ყოფილიყო ექსპლუატაციისთვის.

თითოეული ოთახის დიზაინი ინდივიდუალური მიდგომებით, ფერებითა და მასალებით შევქმენით. სახლის გარკვეული სივრცეები შევასრულეთ ნათელ ფერებში, ხოლო მეორე ნაწილი მუქი და კონტრასტულია. ისეთი დეტალები, როგორიცაა სანათები და სხვადასხვა აქსესუარები, შევარჩიეთ თანამედროვე, სადა და მინიმალისტურ სტილში. სასურველი ეფექტისა და გარემოს მისაღებად თითქმის ყველა ოთახში გამოვიყენეთ ხაზოვანი ნათება, რაც ძალიან მოდერნისტული და ტრენდულია.

ეს არის თანამედროვე, ნათელი და ავანგარდული ბინა თბილი ელემენტებით. დეტალები ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფერში, მითუმეტეს დიზაინში. სწორად შერჩეული, შექმნილი და ერთმანეთთან დაკავშირებული დეტალები ქმნის საბოლოო სურათს და სწორედ ასე ვიღებთ სასურველ შედეგს. ვფიქრობ, გამოწვევების სწორად გადაწყვეტა შემოქმედი ადამიანისთვის მთავარი ფუნქცია და სიამოვნებაა, ხოლო მიღებული საბოლოო შედეგი მეტად ღირებულია მასში მონაწილე თითოეული სუბიექტისთვის – დამკვეთის, დიზაინერის და ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც მცირედი წვლილი მაინც შეიტანა პროექტის განხორციელებაში,”- მარიამ ძამაშვილი

პროექტის ავტორი: მარიამ ძამაშვილი

დიზაინ სტუდია: TeamFour Design

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

რუბრიკის წარმდგენია საქართველოს ბანკი

როგორ მოვწმინდოთ იატაკი სწორად?

ქვის სახლი ტყესა და ხმელთაშუა ზღვის ჰორიზონტს შორის