ბავშვებისთვის შესაფერისი ოთახის მოწყობა საკმაოდ რთული და საყურადღებო საკითხია. მათ მუდმივად სურთ გართობა, რასაც ხელს უნდა უწყობდეს ოთახში განთავსებული ავეჯი, ფერთა სისტემა და სხვა დეტალები. ძალიან მნიშვნელოვანია სივრცეში ესთეტიკური და სასიამოვნო ნივთების განთავსება, რომლებიც ერთდროულად ფუნქციური, გამძლე და სასარგებლო იქნება. დღევანდელ სტატიაში რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ, რომლებიც თქვენი შვილებისთვის იდეალური ავეჯისა და სხვა დეტალების შერჩევაში დაგეხმარებათ.
შეარჩიეთ საწოლი ფარდებითა და ორნამენტებით
საწოლის შერჩევისას იფიქრეთ კაშკაშა ფერებზე, ჩარჩოზე, ფარდებსა და სხვა დეტალებზე. ასეთი საწოლი ოთახში მრავალფეროვნებას შემოიტანს და საინტერესო განაცხადს გააკეთებს. ფარდებით დამშვენებული საწოლი იდეალური არჩევანი იქნება შედარებით დიდი ზომის საძინებლისთვის, რომელსაც აქვს საკმარისი სივრცე. გაითვალისწინეთ, რომ მისი დიზაინი არ უნდა იყოს ძალიან გადატვირთული და ფერადი, რათა ბავშვებს დასვენებისა და მშვიდად ძილის საშუალება ჰქონდეთ.
იპოვეთ ორსართულიანი საწოლი
ორსართულიანი საწოლები იდეალური საშუალებაა მაშინ, როდესაც ოთახში რამდენიმე ბავშვი უნდა მოთავსდეს. მისი დიზაინი მინიმალურად იკავებს სივრცეს და მაქსიმალურად გამოირჩევა პრაქტიკულობით. საწოლების ნაწილს აქვს სპეციალური უჯრებიც, რაც დამატებით სათავსო სივრცის გამოყოფაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, რომ დიზაინი შეარჩიოთ თქვენი შვილების ინტერესების, გემოვნებისა და ინდივიდუალური ხასიათის მიხედვით.
შეიძინეთ სწავლისთვის საჭირო ავეჯი
თუ საძინებელში სივრცე საკმარისად დიდია, არ დაგავიწყდეთ სამეცადინო კუთხის მოწყობა და მისთვის პრაქტიკული და კომფორტული ავეჯის შეძენა. ფერების სახით გამოიყენეთ სადა და ნეიტრალური ტონები, შეარჩიეთ მაგიდის სანათები და შექმენით სახალისო, მაგრამ თავშეკავებული გარემო, რომელიც ბავშვებს კონცენტრირებაში დაეხმარება.
ყურადღებით შეარჩიეთ კარადის დიზაინი
ფოტოზე არსებული მხიარული კარადა, რომელსაც სახლის მსგავსი დიზაინი აქვს, შექმნილია ბავშვებისთვის ფერადი და გამორჩეული სივრცის უზრუნველსაყოფად. კარადა საკმაოდ ფუნქციურია, აქვს როგორც თაროები და უჯრები, ასევე სპეციალურად გამოყოფილი საკიდებიც, რაც აადვილებს სათამაშოებისა და ტანსაცმლის ორგანიზებას. ასეთი გამორჩეული დიზაინი ყოველთვის კარგი იდეაა ბავშვთა ოთახისთვის.
შეარჩიეთ საწოლი ჩაშენებული უჯრებით
საწოლი ჩაშენებული უჯრებით შესანიშნავი საშუალებაა სივრცეში დამატებითი სათავსოს მოსაწყობად და ისეთი ნივთების შესანახად, როგორიცაა თეთრეული, საბნები, არასეზონური ტანსაცმელი და სხვა. ეს ყველაფერი განსაკუთრებით გამოსადეგია მაშინ, როდესაც ოთახი შედარებით მცირე ზომისაა და სივრცის უმეტესობას საწოლი, კარადა, მაგიდა თუ სხვა ავეჯი იკავებს.