უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც იტალიურ დიზაინში ბრენდი „B&B Italia“ თავისი ისტორიის ახალ თავებს ქმნის. მისი ნაწარმი, რომელიც მსოფლიოს უნიჭიერესი დიზაინერების მიერაა შექმნილი, სწრაფად იქცევა კლასიკად, რომელიც დროის მიღმა რჩება.
პიერო ამბროჯიო ბუსნელი
მე-20 საუკუნის იტალიური ავეჯის გიგანტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საწარმოს მფლობელის, პიერო ამბროჯიო ბუსნელის მომავალი კარიერა 1950 წელს ბრიანცაში დაიწყო. ის ძმასთან ერთად სავარძლების მწარმოებელ მომცრო კომპანიას „Fratelli Busnelli fu Giuseppe“-ს მართავდა. ბიზნესი ძალიან ნელა ვითარდებოდა, რაც ტემპერამენტული და ნიჭიერი მეწარმისთვის მიუღებელი იყო. ბუსნელის ბედმა გაუღიმა და ერთ-ერთ გამოფენაზე ინგლისელი გამომგონებელი გაიცნო, რომელიც ცივი პოლიურეტანის ქაფისგან სააბაზანო „კვატებს“ ამზადებდა. ბუსნელიმ იგრძნო, რომ ეს სწორედ ის შანსი იყო, რომელიც უნდა გამოეყენებინა და როგორც ჭეშმარიტმა იტალიელმა, ვაბანკზე წასვლა გადაწყვიტა. პიერომ გადაწყვიტა იმ დროისთვის ეს შეუსწავლელი მასალა ავეჯის წარმოებისთვის გამოეყენებინა. პიეროსთვის დადებითი მხარეები აშკარა იყო: მასალის ეკონომია და ფორმებზე უსასრულო ექსპერიმენტების შესაძლებლობა. მან ძმის მხარდაჭერა ვერ მიიღო, სამაგიეროდ ახალი წამოწყება ფაბრიკა „Cassina“ -ს მფლობელს, ცეზარე კასინას მოეწონა. მათ ერთობლივ საწარმოს „C&B Italia“ დაარქვეს.
“Up 5” შონ კონერი და პირს ბროსმანი
კომპანიონებმა ფული ახალ ტექნოლოგიაში ჩადეს. ბუსნელიმ სასურველი გარღვევა მოახდინა, თუმცა იღბალიც დაეხმარა. ის ურთიერთობების ნამდვილი მაგისტრი იყო და ახერხებდა თავისი ნაწარმის წარმოებასა და წინ წაწევაში საუკეთესო ფოტოგრაფების, დიზაინერების, მხატვრებისა და მსახიობების ჩართვას. მაგალითისთვის, მისი საკულტო სავარძელი „Up 5“ – თვის, რომელიც გაეტანო პეშემ შექმნა, სხვადასხვა დროს სალვადორ დალი და შონ კონერი პოზირებდნენ. ახალ მფლობელს სავარძელი მჭიდროდ შეფუთული მისდიოდა და გახსნის შემდგომ ის ნელნელა იბრუნებდა თავის ბუნებრივ ფორმას. ეს საოცრად შთამბეჭდავი იყო და პიეროს ამგვარი მარკეტინგული ხრიკებით – უჩვეულო ფორმებითა და წარდგენის მანერით – სავარძელს უდიდესი წარმატება ერგო წილად.
“Le Bambole” და დონა ჯორდანი
სავარძელ „Le Bambole“-ს (თოჯინა) სარეკლამო კომპანიის ისტორიას, რომელიც მარიო ბელინიმ 1970 წელს შექმნა, დღეს ისტორიულ ანეკდოტად აღიქვამენ. ბუსნელიმ იმ დროისთვის საკმაოდ თამამი გადაწყვეტილება მიიღო და სავარძლის რეკლამირებაში ნახევრად შიშველი მოდელი, დონა ჯორდანი ათამაშა. აღშფოთებული ცენზურის მოთხოვნით, მოდელის გამოსახულების შიშველ ადგილებზე შავი ზოლი დაიტანეს, თუმცა ამით სავარძლების პოპულარობამ და გაყიდვებმა უფრო მოიმატა.
“Up 5” და სალვადორ დალი
მკვეთრი გარდატეხა კომპანიის ისტორიაში 1973 წელს მოხდა, როდესაც ცეზარე კასინამ ბრენდთან თანამშრომლობა შეწყვიტა. აქ კვლავ იღბალი ამუშავდა და ბუსნელის ინოვაციურ ბიზნესს მხარი ბანკირების გაერთიანებამ დაუჭირა. შედეგად კომპანიას „Busnelli & Bankers“ დაერქვა. მოგვიანებით დასახელება „B&B Italia“ აბრევიატურამდე შეამოკლეს.
„B&B Italia“ გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალო სავაჭრო ნიშანი. ეს მთელი შემოქმედებითი მიმართულებაა. დაარსების მომენტიდან, 1966 წლიდან, კომპანია ნამდვილ „ავანგარდის ლაბორატორიად“ ჩამოყალიბდა, რომელიც იტალიურ დიზაინს განვითარების უახლეს გზებსა და სტანდარტებს კარნახობდა.
“B&B Italia” -ს საწარმო
კომპანიას საკუთარი დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრი აქვს, რომელსაც მთელი შემოსავლის 3 პროცენტს ახმარს. აქ მომუშავე 30 ადამიანს სრული თავისუფლება აქვს მიცემული ახალი, ნოვატორული იდეებისა და მასალების ძიებაში. „B&B Italia“ თავისი დროის ყველაზე ცნობილ პროფესიონალებს იწვევს, მათ სრულ შემოქმედებით თავისუფლებას აძლევს და ამ ნიჭიერი შემოქმედების ჩანაფიქრებს უნიკალურ წარმოებაში რეალობად აქცევს.
“Coronado”
შედეგი შთამბეჭდავია თავისი მრავალფეროვნებით. ბრენდის კატალოგებში აწმყო წარსულსა და მომავალსაც კი ერწყმის: უკვე დიდი ხნის ლეგენდადაა ქცეული ავეჯი “Coronado”, თანამედროვე ლაკონური კოლექცია “Charles” და ფუტურისტული საგნები “Moon System”. მუდმივი აქტუალობა, რომელიც მარკის ყველა ნაწარმს ახასიათებს, ნებისმიერ ინტერიერთან ადვილად მორგების საშუალებას იძლევა.
“Maxalto”- ს ავეჯის ხაზი
2014 წელს, 87 წლის პიერო ბუსნელის გარდაცვალების შემდგომ, კომპანიას სათავეში მისი სამი ვაჟიდან ერთ-ერთი – ჯორჯიო ბუსნელი ჩაუდგა. კომპანიის ხელმძღვანელს მისი მამის ნიჭი დაჰყვა და მასაც მეგობრული ჰქონდა ურთიერთობა მსოფლიოს წამყვან სპეციალისტებთან. მაგალითისთვის, ანტონიო ჩიტერიოსთან, რომელიც „B&B Italia“-ას კუთვნილი ბრენდის, „Мaxalto“ -ს სამხატვრო დირექტორია. სხვადასხვა დროს კომპანიასთან თანამშრომლობდნენ მარიო ბელინი, პატრისია ურკიოლა, ნაოტო ფუკასავა, ზაჰა ჰადიდი, გაეტანო პეშე, პიეტრო ლისონი. არც ისე დიდი ხნის წინ, კომპანია „B&B Italia“-ამ თანამშრომლობა მოდურ ბრიტანულ სტუდიებთან „Barber & Osgerby“ და „Doshi Levien“ -თან დაიწყო. თავისი არსებობის მანძილზე კომპანიამ ათასზე მეტი დიზაინ-ობიექტი შექმნა.
“Mooi” – ის ავეჯის ხაზი
აღსანიშნავია, რომ “B&B Italia” ფლობს კომპანია „Moooi” ის აქციების 50 პროცენტს. “B&B Italia” ახორციელებს რამდენიმე ხაზის წარმოებას: “Arc Linea” – სამზარეულოსა და ავეჯის წარმოება; “Agape” – სააბაზანო ოთახების აქსესუარები; “Gervasoni” – ავეჯი ღია სივრცეებისათვის. არსებობს სამი ძირითადი კოლექცია: “B&B Italia Collection”(კლასიკური სტილი), “Maxalto Collection” (კლასიკური სტილი თანამედროვე ელემენტებითა და ინოვაციური მასალებით) და “Project collection” (თანამედროვე ავეჯი მინიმალისტურ სტილში, ოფისებისთვის, რესტორნებისა და სასტუმროებისთვის).
“Gervasoni”- ის ავეჯის ხაზი
ნამდვილი იტალიური ტემპერამენტი, სტილის შეგრძნება და თანამედროვე სული. რისკის გაწევის უნარი კომფორტის დათმობის გარეშე, უახლესი ტექნიკური შესაძლებლობების საშუალებით იდეალური გარეგნობის შექმნა, ინოვაციური ფორმების აღმოჩენა ახალი სტილის სიცოცხლისთვის – ასეთი მიზნებისა და იდეალებისკენ სწრაფვით „B&B Italia“ -ამ შეძლო დიზაინის ისტორიაში მყარად შესვლა და საკულტო შედევრების შექმნა.