in

Baccarat – ბროლის 200-წლიანი ისტორია

თითოეულ ეპოქას თავისი უნიკალური მახასიათებლები გააჩნია და ნებისმიერი პროდუქტი იმ ისტორიული პერიოდის ნიშან-თვისებებით არის დაჯილდოებული, რომელშიც ის გამოიყენებოდა. არ არსებობს უკეთესი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიცვალა, გაუმჯობესდა და გაძლიერდა Baccarat – დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საწარმო. შემოქმედება და ტიტანური სამუშაო, რომელიც ორას წელზე მეტი ხნის განმავლობაში გრძელდება, ყურადღებასა და პატივისცემას ნამდვილად იმსახურებს.

ყველაფერი პატარა სოფელ ბაკარაში (საფრანგეთი) დაიწყო, სადაც მეფე ლუი XV-მ მინის ნაწარმის ქარხნის გახსნის ბრძანება გასცა. 1816 წელს, მინის ქარხნის დაარსებიდან 52 წლის შემდეგ, ქარხანა მეწარმემ – ემე-გაბრიელ დ’არტიგმა შეიძინა და ექსპლუატაციაში ჩაუშვა პირველი ღუმელი ბროლის წარმოებისთვის.

რამდენიმე საუკუნის წინ ბროლის ფლობის ფუფუნება მხოლოდ სამეფო კართან დაახლოებულ პირებს გააჩნდათ, ამიტომ ქარხნის მთავარი მომხმარებლები საფრანგეთის მაღალჩინოსნები იყვნენ. მონარქის მხარდაჭერით ქარხანა სტაბილურად ზრდიდა წარმოებას და ქვეყნის ტერიტორიას სცილდებოდა. 1830 წლიდან კომპანია კონსტანტინოპოლს შესაშური თანმიმდევრულობით აწვდიდა ჭაღებს, სასანთლეებს, ნათურებს, ჭურჭელსა და ნარგილეებს.

1832 წელს Baccarat-ს, Saint-Louis-ისა და Choisy-Le-Roy-ს ბროლის ქარხნები გაერთიანდა კომერციულ საზოგადოებაში Launay, Hautin & Cie, რომელმაც ილუსტრირებული პროდუქტების კატალოგის გამოქვეყნება დაიწყო. 1841 წელს შეიქმნა Harcourt-ის პირველი კოლექცია, რომელიც დღემდე არსებობს.

1855 წლიდან 1978 წლამდე Baccarat-ს ბრენდმა მსოფლიო გამოფენებზე ოქრო სამჯერ მოიპოვა. 1857 წელს კომპანიამ კიდევ ერთი ტრანსფორმაცია განიცადა და დარჩა მხოლოდ Baccarat, რომელმაც 1860 წელს პარიზის კომერციულ სასამართლოში საფირმო ნიშანი დაარეგისტრირა და მას 1936 წლამდე უცვლელად იყენებდა.

XIX საუკუნის 80-იანი წლების შუა ხანებიდან Baccarat-მ აზიასა და ამერიკაში ფილიალების გახსნა დაიწყო.

Baccarat-ს ნამუშევრები

უკვე ორას წელზე მეტია, რაც Baccarat უმაღლეს სტანდარტებს ადგენს და დეკორატიული ხელოვნების ძლიერ მხარეებს ავითარებს. შუშის ოსტატებმა, სილამაზის შექმნის სურვილით, ჩვეულებრივი, წმინდა უტილიტარული საგნები მაღალი ხელოვნების ნიმუშებად აქციეს: ჭიქები, ლარნაკები, გრაფინები, ღვინის ბოკალები.

წლების განმავლობაში, ქარხნის სტილი დროის სულისკვეთების, მოდის ტენდენციებისა და ტექნოლოგიების გაუმჯობესების შესაბამისად შეიცვალა. 1841 წელს პირველი შემოქმედებითი სტილი – Harcourt დაიბადა. პროდუქციის გამორჩეული თვისება იყო არქიტექტურული სტილი მოჭრილი ბრტყელი კიდეების დამახასიათებელი დიზაინით. კლასიკურ ფორმას აქვს Harcourt-ის აუცილებელი კონფიგურაცია – მრავალკუთხედი ექვსი გვერდით და დახვეწილი, დახრილი ჭრილები.

XIX საუკუნეში ევროპის ტერიტორია იაპონიისა და ჩინეთის უნიკალურმა ხელოვნებამ დაიპყრო. Baccarat ტენდენციებს არ ჩამორჩა და არატრადიციული გამოსახულებები თავის უცნაურ პროდუქტებში ლოგიკურად ჩართო. მცურავი კობრები, ფოთოლცვენა, ცხოვრების გაყინული მომენტები – ეს ყველაფერი იაპონური სტილის კოლექციებშია გამოსახული. ამავდროულად გამოჩნდა მრავალფეროვანი მინანქრები, გაუმჯობესდა მინის გრავირება.

კომპანიამ, სუნამოების ბოთლების წარმოების გადაწყვეტილების მიღებით, მომავლისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. უკვე 1907 წელს მათი ყოველდღიური რაოდენობა 4 ათასს აღწევდა. Baccarat-ში, დიზაინის განსავითარებლად მოიწვიეს საუკეთესო მხატვრები, რომლებსაც ცნობილი პარფიუმერების მოთხოვნილებების დაკმაყოფილება შეეძლოთ. სწორედ Baccarat-ში მუშაობდა დიზაინერი – რენე ლალიკი, რომლის ფანტაზია, ოსტატობა და ორიგინალური გემოვნება ელეგანტურ ბროლის ბოთლებად გარდაიქმნებოდა.

ბროლის ელეგანტურობასა და დახვეწილობას Baccarat-ს ცნობილი სამკაულები მშვენივრად წარმოაჩენს. ოქროსა და ვერცხლის ყელსაბამებმა, საყურეებმა, ბროლთან კომბინაციაში კომპანია ცნობილი გახადა და მას საშუალება მისცა, საუკეთესოთა რიგებში დამსახურებული ადგილი შეენარჩუნებინა. კომპანიის წარმატების საიდუმლო მრავალფეროვნებაში, მართვის მოქნილ პოლიტიკაში, შემოქმედებითად აზროვნების უნარში და ექსპერიმენტების მიმართ შიშის არქონაში მდგომარეობს.

დღეს Baccarat-ს პროდუქციის ასორტიმენტი იმდენად ფართოა, რომ თითოეული მიმართულების განხილვა შორს წაგვიყვანს. ჭურჭელთან ერთად, წარმატებით იყიდება სანათები, სუვენირები და ა. შ.

Baccarat-ს სანათები და ჭაღები, რომლებიც ფორმის სრულყოფილებითა და ლამაზი დიზაინით გამოირჩევა, კვლავაც დიდი პოპულარობით სარგებლობს.

მიუხედავად დიდი ისტორიისა, Baccarat პროგრესულობითა და კონცეპტუალური სიახლეებით გამოირჩევა, რაც მას უფლებას აძლევს, ას წელზე მეტი ხნის განმავლობაში, საკუთარი პროდუქცია ბრენდის საფირმო ნიშნით თავდაჯერებულად დანიშნოს. 1860 წელს Baccarat-ს საფირმო ნიშანი პირველად დაპატენტდა. ის 1936 წლამდე უცვლელი დარჩა.

1936 წლიდან გამოჩნდა Baccarat-ს ახალი ნიშანი – გრავირებული ან მოპრიალებული კომპანიის სრული სახელწოდება დიდი ან პატარა ასოებით.

კერძო სახლი წყნეთის შესასვლელთან, “ქეთქეთების” უბანში – ნინუცა ჯიშიაშვილის ინტერიერი

რას გვეუბნება ფერი თქვენი პიროვნების შესახებ?