in

რა ფაქტორები უნდა გავითვალისწინოთ ბაღის მოწყობისას? — ნათია ირემაშვილის გზამკვლევი

სრულფასოვანი საცხოვრებელი სივრცის შესაქმნელად და იდეალური დიზაინის მისაღებად, ინტერიერთან ერთად, დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ ექსტერიერს, რომელიც საცხოვრებლის აუცილებელი ფუნქციური ზონაა. თანამედროვე სამყაროში ბაღი არა მხოლოდ მცენარეებისა და ხეხილის გავრცელების ადგილს, არამედ დასასვენებელ, რეკრეაციულ სივრცესაც წარმოადგენს, რომლის სწორად დაგეგმარებასა და მოწყობას კონკრეტული მიდგომები სჭირდება.  დღევანდელ სტატიაში ბაღის მოწყობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ვისაუბრებთ და ლანდშაფტის დიზაინერის, ნათია ირემაშვილის საინტერესო რჩევებს გაგიზიარებთ.

„ბაღის დიზაინის ტენდენციები მრავალი წლის მანძილზე ყალიბდება და არაერთი წელი სჭირდება იმისათვის, რომ ახალმა მიმართულებამ თავი სრულფასოვნად დაიმკვიდროს. ახალი ტენდენციები ადამიანის ცხოვრების სტილთან, ქცევის ცვალებადობასთან არის დაკავშირებული. ბოლო წლებმა კარგად დაგვანახა ბაღის, ეზოს, ტერასისა თუ მცირე ზომის გარე სივრცის გონივრულად ათვისების საჭიროება ურბანულ გარემოში. ასევე, გამოიკვეთა ახალი სტანდარტები და მიდგომები, რომლებსაც ამ სფეროში მოწინავე ქვეყნები უკვე აქტიურად იყენებენ“, — აღნიშნავს ჩვენი რესპონდენტი.

ინდივიდუალურობა და ფუნქციურობა

ნათია ირემაშვილის აზრით, ბაღის დიზაინი მჭიდროდ უკავშირდება მის მეპატრონეს, ამიტომ აუცილებელია, ის მაქსიმალურად პრივატული და კონკრეტულ ადამიანებზე მორგებული იყოს. ბაღი უნდა ითვალისწინებდეს მაცხოვრებლის მოთხოვნებს, მათი ცხოვრების რიტმს, ინტერესებს, პროფესიასა და გატაცებებს. დიზაინერი გვიხსნის, რომ თანამედროვე ტენდენციების მიხედვით, ბაღი სახლის ისეთი ფუნქციური ნაწილი გახდა, რომლითაც მეპატრონემ წლის განმავლობაში ნებისმიერ სეზონზე უნდა ისარგებლოს და მას პრაქტიკული დანიშნულება მისცეს.

„აღარ არის საკმარისი ბაღში მხოლოდ ხეხილის, ყვავილნარის დარგვა და საჩრდილობლის და სკამის  დადგმა. ბაღი უნდა გამოხატავდეს მისი პატრონის ინდივიდუალიზმს, უნდა იყოს მაქსიმალურად ადაპტირებული ბაღით მოსარგებლე ადამიანებზე, მათ ასაკზე და ოდენობაზე. იმისთვის, რომ ბაღით სარგებლობა წლის განმავლობაში ოთხივე სეზონზე სასიამოვნო პროცესი გახდეს, საჭიროა, სეზონურობის გათვალისწინებით, ყურადღებით შეირჩეს ხე-მცენარეები, სწორად დაიგეგმოს ფუნქციური ზონები და მათი სიდიდე, ხოლო განლაგება ეხმიანებოდეს ზონის გამოყენების სიხშირეს“.

დასასვენებელი და გასართობი პირობების უზრუნველყოფა  

ნათია გვირჩევს, ბაღის დაგეგმვამდე ყურადღებით გავიაზროთ, როგორი ტიპის დასვენება და გართობა გვანიჭებს ყველაზე დიდ სიამოვნებას, რომ სწორედ ამ დეტალების გათვალისწინებით განვახორციელოთ პროექტი და ჩვენზე მორგებული ექსტერიერი მოვაწყოთ.

„გირჩევთ, ბაღის დაგეგმვამდე შეაფასოთ თქვენი ცხოვრების რიტმი. დაფიქრდით – რა სტილის დასვენება განიჭებთ სიამოვნებას? მაგალითად, თუ თქვენთვის იოგა და მედიტაცია განტვირთვის საუკეთესო გზაა, უმჯობესია, ბაღშიც დაიგეგმოს ისეთი სივრცე, სადაც მცენარეებით პრივატულობას განცდას გააძლიერებთ და ე.წ. “მწვანე კედლებით” მყუდრო და კომფორტულ გარემოს მოიწყობთ. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან შეკრება გხიბლავთ, შესაძლებელია დაიგეგმოს სივრცე, სადაც საყვარელ ადამიანებთან დროის გატარება ოთხივე სეზონზე შეგეძლებათ. ასევე, მნიშვნელოვანია, შეარჩიოთ ისეთი მცენარეები,  რომლებიც კლიმატს მიმართ გამძლეობასთან ერთად, ბაღის იერსახეს ოთხივე სეზონზე გაგილამაზებთ — შეიცვლის ფერს, იყვავილებს, მარადმწვანე იქნება.“

განათება

დიზაინერი ყურადღებას ამახვილებს განათების მნიშვნელობაზეც, რომელიც ექსტერიერს სრულად უცვლის იერსახეს და შესაბამის განწყობას ქმნის. ნათია გვირჩევს, რომ განათების გეგმარება ბაღის გაშენებამდე, დიზაინერთან კონსულტაციის მიხედვით მოვაწყოთ. მასალად კი მაღალი ხარისხის პროდუქცია გამოვიყენოთ, რომელიც მიმზიდველობასთან ერთად, ბაღის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. პროექტის განხორციელებისას გასათვალისწინებელია განათების ფერი და ნათების ინტენსიურობა, რადგან ეს შესაძლებლობას მოგვცემს, წვეულების დროს ბაღი სრულად გავანათოთ ან პირიქით, მყუდრო, წყნარი და მშვიდი საღამო მოვაწყოთ დაბალი ინტენსივობის განათების მეშვეობით.

ტექნოლოგია და მდგრადობა 

როგორც ჩვენი რესპონდენტი აღნიშნავს, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, აქტიურად დაინერგა ბაღის ჭკვიანი მართვის სისტემები და თანამედროვე სარწყავი მექანიზმები, რომლებიც მცენარეს ზუსტი ოდენობის წყალსა და საკვებს აწვდის.

„გირჩევთ, ბაღის გაშენებამდე, დენდროლოგიური გეგმის საფუძველზე (სად რომელ ხე-მცენარეს დარგავთ), დარგის სპეციალისტს გააკეთებინოთ მორწყვის სისტემების გეგმარება. წვეთოვანი სისტემა, თუნდაც სტანდარტული მოდელები, უზრუნველყოფს მცენარეებისთვის სწორი ოდენობის წყლის მიწოდებას, იცავს მათ გამოშრობისგან ან პირიქით – ლპობისგან, არ იწვევს ნიადაგის ეროზიას და წყლის მოხმარების ხარჯებს ამცირებს. ამავდროულად კი ზოგავს თქვენს დროს“.

ნათია ასევე ყურადღებას ამახვილებს მდგრად მიდგომებზეც და ხაზს უსვამს ისეთი მექანიზმებისა და სტანდარტების გამოყენებას, რომლებიც არ აზიანებს გარემოს და ხელს უწყობს მის ბიომრავალფეროვნებას. ამასთანავე, საუბრობს ბიო, მცირე ზომის ბოსტნების უპირატესობასა და თანამედროვე აუზებისა და გუბურების გეგმარებაზე, რომელშიც ქლორის ნაცვლად, წყლის ფილტრაციას მცენარეები ახდენს, რაც ჯანსაღი გარემოს განვითარებას უწყობს ხელს.

ხე-მცენარეების შერჩევა

რესპონდენტი გვიხსნის, რომ ხე-მცენარეების შერჩევისას მაქსიმალური უპირატესობა ენიჭება ადგილობრივ, ენდემურ სახეობებს და კლიმატთან ადაპტირებულ, გამძლე მცენარეებს.

„მცენარეების შერჩევისას აუცილებელია, გაითვალისწინოთ რეგიონი, კლიმატი და ადგილის თავისებურებები. თუ თქვენი ბაღი განიცდის ჩრდილის ნაკლებობას, შეარჩიეთ ადგილობრივი, კლიმატთან ადაპტირებული, დეკორატიული ან მსხმოიარე ხეები, რომლებიც მარტივად გაიხარებს და ჩრდილის ფუნქციასაც შეასრულებს ბაღში. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ბაღის რელიეფი არ არის სწორი, უმჯობესია, არ მოჭრათ და არ მოასწოროთ მიწის დიდი რაოდენობა, რადგან  დატერასებით და დონეების გადანაწილებით შესაძლებელია გაცილებით ლამაზი და საინტერესო ბაღის გაშენება. შემდეგ კი ბაღის  დიზაინი და ხე-მცენარეები, მაქსიმალურად არსებულ რელიეფს, კლიმატს უნდა მოერგოს, რათა სასურველი შედეგი დადგეს“, — აღნიშნავს ლანდშაფტის დიზაინერი ნათია ირემაშვილი.

ავტორი: მეკო მეტრეველი

5 მიზეზი თუ რატომ უნდა აირჩიო „Ocean sky Residences“-ში ცხოვრება ჭავჭავაძეზე

Dzen House – უკრაინულ-იაპონური არქიტექტურის ერთიანობით შექმნილი სახლი კიევში