in ,

ბალკრიშნა დოში – ინდური არქიტექტურის გურუ

Alliance Group
Alliance Group

2018 წელს, პრიცკერის არქიტექტურული „ოსკარი“ ინდუსმა არქიტექტორმა ბალკრიშნა დოშიმ მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ფართო პუბლიკისთვის ზაჰა ჰადიდივით ან ნორმან ფოსტერივით ცნობილი არ არის, დოში თანამედროვე ინდური არქიტექტურის ნამდვილი „ნათლიმამაა“.

ბალკრიშნა დოში (Balkrishna Doshi) სხვა ეპოქის ადამიანია. არა იმიტომ, რომ ის 1927 წელს დაიბადა, არამედ მისი აზროვნების გამო. მას  კაპიტალიზმის არ სჯერა, ვირტუალური რეალობისადმი ეჭვნეული დამოკიდებულება აქვს, სამგანზომილებიან მოდელირებას კი „პიჟონობას“ ეძახის. დოში ღრმადმორწმუნე ჰუმანისტია.

Amdavad Ni Gufa (1995)

სოციალური საცხოვრებლის პირველი კომპლექსი მან ჯერ კიდევ 1950-იან წლებში ააგო. ასეთი მის შემოქმედებაში ათეულობითაა. არქიტექტორი, მიუხედავად ამ აზრის უტოპიურობისა, თვლის, რომ მისი მისია ინდოეთის ყველა უსახლკაროს საცხოვრებლით უზრუნველყოფაა. ის ადგილობრივი მასალებისგან აშენებს. ყოველთვის ითვალისწინებს რეგიონის კლიმატის თავისებურებებს და მშენებლობის დანახარჯების შემცირებას არა მასალების ხარისხის, არამედ კარგად გათვლილი გეგმარების ხარჯზე ახერხებს.

Life Insurance Corporation Housing (1973)

1973 წელს აშენებულ საცხოვრებელ კომპლექსში – „Life Insurance Corporation Housing“, რომელიც დუპლექსების ინდურ ვარიანტს წარმოადგენს, დოშმა მოცულობები იდეალურად დაგეგმა. ინდუსმა ვირტუოზმა მიწის მინიმალურ ფართზე, მაქსიმალური კომფორტი და საცხოვრებელი სივრცე მიიღო. ამის მიღწევა მან შენობების სხვადასხვა დონეზე მოთავსებით შეძლო. აქ ტიპური კონსტრუქტივიზმის პრინციპია გამოყენებული, რომელიც საბჭოთა კავშირის დროინდელ არქიტექტორებში საკმაოდ პოპულარული იყო.

Life Insurance Corporation Housing (1973)

სოციალური საცხოვრებლის კომპლექსში „Aranya“ (1986 წელი), არქიტექტორმა სულ რაღაც 86 ჰექტარი ბრწყინვალედ გამოიყენა და მასზე 80 ათასი ადამიანი განათავსა. ნათელ ფერებში შეღებილი ნაგებობები ტრადიციულ ინდურ არქიტექტურას ეხმიანება და ამავე დროს მოდერნიზმის ჩარჩოებშია მოქცეული.

Aranya (1986)

მინიმალური ფართი ადამიანების მაქსიმალური რაოდენობისთვის – ამ თითქმის შეუსრულებელ ამოცანას ბალიკრიშნამ კომფორტიც დაამატა. ყველა სახლს საკუთარი აივანი (აქ ინდოელი ქალები ტრადიციულად თეთრეულს აშრობენ) აქვს, ხოლო ჩვეული ფანჯრების მაგივრად, დახვრეტილი აგურები გვხვდება. ამ ხერხით შენობაში ბუნებრივი სინათლე აღწევს, უკეთ ნიავდება და მეტად დაცულიცაა, თანაც ფასადს ლითონის ტლანქი გისოსები არ ამახინჯებს.

დოში მშენებლობასთან ერთად ასწავლის კიდეც. ჯერ კიდევ 1960-იან წლებში მან არქიტექტურული ინსტიტუტი „Centre for Environmental Planning and Technology (CEPT University)“ ჩამოაყალიბა, სადაც ადამიანისა და ბუნების თანაარსებობას ასწავლიან. ბალკრიშნა შენობის გარემო კონტექსტში ჩასმის სულ ახალ-ახალ ხერხებს იძიებს. მაცხოვრებლების ყველა აუცილებელი პირობით უზრუნველყოფას ცდილობს. თვითონ ინსტიტუტის შენობა მოდერნიზმის შედევრია. ნაგებობა რთული აგებულებისაა და გადასასვლელების, კორიდორების, ღია აივნებისა და ვრცელი აუდიტორიების ლაბირინთს წარმოადგენს.

Centre for Environmental Planning and Technology (1968)

აქ ბუნებრივი სინათლე ჭარბადაა, „ლაბირინთების“ წყალობით კი მშვენივრად ნიავდება, რაც ინდური კლიმატის პირობებში, მეტად მნიშვნელოვანია. ბალკრიშნა ე.წ. „ბიოკლიმატური“ არქიტექტურის აპოლოგეტია. ის შენობას გარემოსა და რეგიონის თავისებურებების მიხედვით ქმნის. ღია სივრცეებისა და საერთო ზონების დიდი რაოდენობა სოციალიზაციის ელემენტებია. არქიტექტორი მიიჩნევს, რომ სწავლის დროს იდეების მიმოცვლა საგნის “დაზეპირებასთან” შედარებით გაცილებით მნიშვნელოვანია.

Centre for Environmental Planning and Technology (1968)

თვით 94 წლის ბალკრიშნა უაღრესად უშუალო ადამიანია. რამდენიმე წლის წინ მის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე დოკუმენტური ფილმი გადაიღეს, სადაც მეფური იერისა და მოციმციმე თვალების მქონე მომღიმარი პროფესიონალი თანამედროვე არქიტექტურისა და საზოგადოების საჭიროებებზე ყვება. ბალკრიშნას არქიტექტურულ სტუდიას „Vastu“ ჰქვია, რაც სანსკრიპტზე „გზას“, „განვითარებას“ ნიშნავს. დოში ღრმადმორწმუნე ინდუისტია და თვლის, რომ საქმეში მთავარი პროცესია და არა შედეგი, ხოლო არქიტექტორის მისია სამყაროს გაუმჯობესებაა. ადვილი სათქმელია, თუმცა ძნელად აღსასრულებელი.

პრიცკერის პრემიის ჟიურიმ დოშის შემოქმედების სწორედ ეს მდგენელი აღნიშნა. ის პირველი ინდოელია, ვისაც კი ოდესმე მიუღია ეს პრემია და ამავე დროს ერთ-ერთი ყველაზე მხცოვანი არქიტექტორია, რომელმაც ეს ჯილდო დაიმსახურა. ბალკრიშნა უკვე 95-ე წელიწადშია. სულ ახლახან, 2022 წელს, მისი შემოქმედებისთვის ინგლისის გაერთიანებული სამეფოს ოქროს მედალი მიიღო. ეს არქიტექტურისთვის დიდი ბრიტანეთის უმაღლესი ჯილდოა. მიუხედავად ასეთი დაფასებისა, დოში ამბობს, რომ ბევრი რამის გაკეთება ვერ მოასწრო (მიუხედავად იმისა, რომ მისი განხორციელებული ნამუშევრების რიცხვი 100-ს გადასცდა).

Sangath Architect’s Studio (1981)

რამდენიმე წლის წინ მან არქიტექტორების ე.წ. კოდექსი დაწერა და საერთაშორისო განხილვაზე გამოიტანა. მისი ბიურო „Smart City“-ის (მომავლის ქალაქის) კონცეპტის შემუშავებაშია ჩართული. ეს ქალაქები თავს საკუთარი ენერგიით უზრუნველყოფს და ადამიანისთვის მაქსიმალურად მეგობრულ ინფრასტრუქტურას შეიცავს (რამდენიმე წლის წინ ინდოეთის მთავრობამ ასეთი აგლომერაციების გაფართოვების გადაწყვეტილება მიიღო).

Institute of Indology (1962)

94 წელი ის ასაკია, როცა ადამიანი განვლილ ცხოვრებას აკვირდება და წარსულს იხსენებს. ბალკრიშნა ამბობს, რომ ხშირად ახსენდება ლე კორბუზიესთან ინტერნად გატარებული 4 წელი, როცა მხოლოდ წყალზე და პურზე მცხოვრები, მზად იყო ასე მარადიულად გაგრძელებულიყო, ორონდ იქ არსებული ცოდნის ათვისების საშუალება მისცემოდა. საბოლოოდ, სწორედ ის იყო ჩანდიხარდში დაწყებული სამუშაოების დამკვირვებელი (ლე კორბუზიეს საქალაქო მშენებლობის ყველაზე მასშტაბური პროექტი).

Premabhai Hall (1972)

შემდგომ ის ამერიკელ მოდერნისტ ლუის კანთან (Louis Kahn) თანამშრომლობდა. პირველის პორტრეტი ბალკრიშნამ სახლის სამლოცველოში, ინდუისტური ღმერთების ქანდაკებების გვერდით ჩამოკიდა. მეორეს კი დღემდე, 60 წლის შემდეგაც, გურუს ეძახის. სწავლის, განვითარებისა და მუდმივად სასარგებლოს შექმნის უნარის მქონე, უბერებელ ხუცესს მსოფლიოსთვის ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს სათქმელი.

როგორ შევამციროთ რემონტის ხანგრძლივობა – რამდენიმე მნიშვნელოვანი რჩევა

პასტელურ ფერებში შესრულებული პენთჰაუსი ათენში