ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ავეჯის ნიმუში, რომელიც ოდესმე შექმნილა — “ბარსელონას სკამი” — უკვე 95 წელს ითვლის, მაგრამ დღემდე რჩება თანამედროვე დიზაინის სიმბოლოდ. იგი შექმნა გერმანელმა არქიტექტორმა ლუდვიგ მის ვან დერ როემ 1929 წელს ბარსელონას მსოფლიო გამოფენისთვის, ესპანეთის მეფისა და დედოფლისთვის.
თუმცა ბარსელონას სკამი არასოდეს ყოფილა მხოლოდ “სკამი”. იგი არქიტექტურული ხედვის, დახვეწილი დეტალებისა და ფუნქციური ელეგანტურობის სინთეზია. მისი მარტივი და ამავდროულად შთამბეჭდავი ფორმა და ხარისხიანი მასალა — ქრომირებული მეტალის ჩარჩო და რბილი ტყავის ბალიშები — ხაზს უსვამს მის ვან დერ როეს მთავარ პრინციპს: “ნაკლები ნიშნავს მეტს” (Less is more).
ლუდვიგ მის ვან დერ როე ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა მე-20 საუკუნის არქიტექტურაში. მისი მიდგომა ფორმისა და ფუნქციის მიმართ დღემდე განსაზღვრავს თანამედროვე დიზაინს. მიუხედავად იმისა, რომ სკამი შექმნილია თითქმის საუკუნის წინ, ის კვლავ იწარმოება Knoll-ის მიერ და დღემდე რჩება მოდერნისტული გემოვნების სიმბოლოდ.
აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ლუდვიგ მის ვან დერ როეს ცნბობილი ქმნილება იწარმოებოდა პირვანდელი ვერსიით, რაც გულისხმობს ქრომირებულ ჩარჩოსა და ტყავის მასალას. თუმცა წელს, მილანის დიზაინის კვირეულის ფარგლებში გამართულ Salone del Mobile-ზე Knoll-მა სიახლე წარადგინა: ამიერიდან, გარდა სტანდარტული დიზაინისა, “ბარსელონას” კოლექციის შეძენა შესაძლებელი გახდება ტვილის, ხავერდის ან ტილოს ქსოვილითა და ულტრა გლუვი შავი ჩარჩოს მასალით.
ბარსელონას სკამი ბევრჯერ გამოჩენილა კინოსა თუ ჟურნალების ფოტოებში, მნიშვნელოვანი კომპანიის ოფისებში და თანამედროვე სახლებში. ის აღარ არის მხოლოდ ავეჯის ელემენტი — იგი სტატუსისა და გემოვნების მაჩვენებელია. მასზე საუბრობენ როგორც არქიტექტორები და დიზაინერები, ასევე პოპკულტურის მოყვარულები.