როდესაც დიზაინერული ხედვები დროის განმავლობაში იზრდება, იხვეწება და კონცეპტუალურად ახალ ფაზაში გადადის, ხშირად დგება მომენტი, როცა საჭიროა სტრატეგიის გადახედვა და საკუთარი იდენტობის ხელახალი ფორმულირება. სწორედ ასეთ გარდამავალ ეტაპზე შეიქმნა “Basetale” — დიზაინ სტუდია, რომელიც სტუდია „თინათინის“ გამოცდილებასა და ხედვას ახალ ეტაპზე გადაყავს. თინათინ ძირკვაძის მრავალწლიანი პროფესიული ისტორია და სტუდიის ევოლუცია ახლა უკვე ახალ სახელს უკავშირდება და ახალი ენერგიით გრძელდება. როგორი იყო ამ გზის დასაწყისი, რა საჭიროებამ გამოიწვია რებრენდინგი და რას გვპირდება “Basetale” — ამაზე თავად თინათინ ძირკვაძე გვიამბობს.
როგორ გაჩნდა რებრენდინგის იდეა?
პირველი ნაბიჯები ცალკე კომპანიის გახსნით 2011 წელს გადავდგი. 14 წლის განმავლობაში ვცდილობდი დიზაინ იდენტობის ჩამოყალიბებას. სტუდია “თინათინის” გუნდიც ნელ-ნელა იზრდებოდა. ყოველთვის მქონდა გეგმაში, კომპანია ახალ ეტაპზე გადასულიყო, რაც რებრენდინგს მოიაზრებდა.
რა იყო მთავარი მოტივატორი ცვლილებისთვის— ეს იყო ბაზრის ცვლილება, შიდა საჭიროება თუ ახალი ხედვა?
ახალი ხედვების ჩამოყალიბებასთან და გუნდის ზრდასთან ერთად, სურვილი გაგვიჩნდა, რომ საზოგადოებისთვისაც უკეთ გაგვეცნო თავი და გაგვეზიარებინა ჩვენი სიახლეები. რამდენიმე წელია გუნდს შემოუერთდა არქიტექტორი იკი ანთელავა და საცდელი პროექტების შემდეგ გადავწყვიტეთ ძალების გაერთიანება ანუ ახალი შემართებით ახალი ბრენდის შექმნა. ამის შემდეგ მალევე მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩვენი სტუდია გამხდარიყო მულტიდისციპლინური – აქტიურად ვმუშაობთ ინტერიერის დიზაინზე, არქიტექტურასა და პროდუქტის დიზაინზე.
როგორ შეაფასებდით ძველ ბრენდს და რა გინდოდათ, რომ შეგეცვალათ?
ძველი ბრენდი იყო პირადად ჩემი პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯების შედეგი, ბევრი სირთულეების გადალახვით და დიდი გამოწვევებით. დროთა განმავლობაში შეიცვალა ჩემი ხედვებიც და დამკვეთების დამოკიდებულებაც ჩვენი სტუდიის მიმართ. ახლა ბევრად უფრო თავდაჯერებული, გამოცდილი და საკუთარი ხასიათის მატარებელი ბრენდი ვართ. გვინდა, საზოგადოებამ კარგად დაინახოს ჩვენი ესთეტიკა და ჩვენს პროექტებში ყოველთვის იყოს ის დიზაინ ღირებულებები, რასაც ჩვენ ვიზიარებთ.
გვიამბეთ ახალ ბრენდზე. რატომ შეირჩა კონკრეტულად ეს დასახელება? რა არის მისი მთავარი მესიჯი ან ფილოსოფია?
სახელზე ძალიან დიდი ხანი ვმსჯელობდით. გვქონდა რამდენიმე იდეა, მაგრამ ბოლომდე არც ერთი არ გამოხატავდა იმას, რისი თქმაც გვსურდა. შემდეგ დავიწყეთ სიტყვებით თამაში… ზოგადად, დიზაინზე მუშაობისას ყველაზე მეტად გვსიამოვნებს კონტრასტების შექმნა. სუფთა მინიმალისტურ ინტერიერში რაიმე ძალიან თბილი ობიექტის შეტანა , პროდუქტზე მუშაობისას უხეში და რბილი მასალების ერთმანეთთან შეხამება და ა.შ. ამ მიდგომის გამოსახატად დავიწყეთ “მყარი” და “ზღაპრული” სიტყვების ერთმანეთთან შეხამება. ასე გაჩნდა “Basetale” – რომელიც გამოხატავს ჩვენს ძირითად პრინციპს – Creating base for future tales (ნიადაგის მომზადება ზღაპრული ისტორიებისთვის). ჩვენი სურვილია, დიზაინი იყოს ცოცხალი და ცვალებადი. ჩვენ ვქმნით ბაზას, რომელშიც თქვენი ისტორიები გაცოცხლდება.
შეიცვალა თუ არა თქვენი სამიზნე აუდიტორია ან კლიენტებთან კომუნიკაციის სტილი?
ეს ცვლილება ჩვენგან დამოუკიდებლად ხდება. როცა დამკვეთი ხედავს შენს ნამუშევრებს, შესაბამისი სტილისტიკის მოყვარული ადამიანები მოგმართავენ ახალი პროექტებით. ჩვენი სამიზნე კვლავ რჩება კომერციული სივრცეების დიზაინი უფრო გამოხატული ესთეტიკით, რომელიც ერგება ინდივიდუალური პროექტების მოთხოვნებს.
როგორ აღწერდით თქვენს დიზაინერულ სტილს და შეიცვალა თუ არა ის რებრენდინგთან ერთად?
ჩემი აზრით, შეცვლის ნაცვლად, სტილი უფრო ბოლომდე ჩამოყალიბდა. ვაკეთებთ იმას, რაც მოგვწონს – საინტერესო სივრცეს ერთი შეხედვით მარტივი ესთეტიკით, თუმცა ბევრი განსაკუთრებული დეტალით. ყველა პროექტისთვის ინდივიდუალურად ვამზადებთ სანათებს, ავეჯს, აქსესუარებს და ვეძებთ ახალ მასალებს.
არსებობს თუ არა პროექტი, რომელიც საუკეთესოდ გამოხატავს თქვენს ახალ ბრენდულ იდენტობას?
ჩვენი ბოლო პროექტები კარგად გამოხატავს ჩვენს ხედვებს. მაგალითად, ბარი “DPS”, რომელშიც გამოვიყენეთ თანამედროვე ფორმის ავეჯი კონტრასტული უხეში დამუშავებით. სხვადასხვა ფაქტურის კედლები ვინტაჟური ავეჯის ფონად. ამას გარდა, ამ პროექტში გამოვიყენეთ მოზაიკის კედელი, რომელზეც ტრადიციული სუფრაა გამოსახული მცირედი თანამედროვე დეტალებით.
რას გეგმავთ ახლად დაბადებული ბრენდის სახელით უახლოეს მომავალში?
ამჟამად ყველაზე დიდი სიახლე გვაქვს ლიმიტირებული ავეჯის წარმოება, რომელსაც მილანის ავეჯის კვირეულის ფარგლებში წარვადგენთ – Alcova villa bagatti valsechi – ში. ამ სიახლის შედეგებს და დეტალებს მალე აუცილებლად გავუზიარებთ homeis.ge-ს მკითხველს.