სახლს, რომელიც საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, შთამბეჭდავი მასშტაბები და ადგილმდებარეობა აქვს. საცხოვრებელი ქრისტინა ლოზანოს ეკუთვნის, რომელმაც, დიზაინერის, ლორენსო კასტინოს დახმარებით, შენობის ინტერიერი თავად მოაწყო.
„მე და ლოსანო ტყუპებივით ვართ, ორივეს მოგვწონს ანტიკური სტილი, ხელოვნება და მოდა, რომელიც სილამაზესთანაა შერწყმული“, – ამბობს ქრისტინა.
ქრისტინამ მისი ბავშვობის უმეტესი ნაწილი საფრანგეთში გაატარა, სადაც დედამისი ცხოვრობდა. ახლა მისი ძირითადი საცხოვრებელი მადრიდშია, თუმცა ამ სახლს დღესასწაულების პერიოდში სტუმრობს.
მისი ოჯახი იყო მიზეზი, რის გამოც გადაწყვიტა რომ საცხოვრებელი დიდი ზომის უნდა ყოფილიყო, რომელსაც ექნებოდა საკმარისი რაოდენობის ოთახები სტუმრების მისაღებად და დღესასწაულების ოჯახთან და მეგობრებთან ერთად გასატარებლად. სახლს 7 საძინებელი აქვს და მთლიანობაში 17 სტუმრის მიღება შეუძლია.
ინტერიერი ბასკურ სტილშია მოწყობილი. სახლი მისმა ყოფილმა მფლობელებმა 1920 წელს გაყიდეს და როდესაც ქრისტინამ შენობა შემთხვევით დაინახა, მაშინვე მიხვდა, რომ მის გადაკეთებას და იდეალური საოჯახო აგარაკის შექმნას შეძლებდა.
თავდაპირველი ინტერიერის შენარჩუნება ქრისტინას კატეგორიული სურვილი არ ყოფილა, ამიტომ ფერები და დიზაინი ისე შეცვალა, რომ ის წელიწადის ნებისმიერ სეზონს მაქსიმალურად ყოფილიყო მორგებული, რადგან ოჯახი როგორც ზამთარში, ასევე ზაფხულშიც, სახლს დაახლოებით ორი თვით სტუმრობს.
მისაღები ოთახი და სახლის შესასვლელი შედარებით თბილ და მყუდრო ფერებშია მოწყობილი და ის გაზაფხულისა და შემოდგომის განწყობას ატარებს. ზაფხულისთვის მთავარი აქცენტები ბაღსა და სახლის გარე ნაწილზეა გაკეთებული. სახლს აქვს ვერანდაც, რომელიც ისეა დაპროექტებული, რომ დღის ნებისმიერი მონაკვეთი და მათ შორის მზის ჩასვლის პერიოდიც გათვალისწინებულია და ხედებით ტკბობა სტუმრებს ყოველდღიურად შეუძლიათ.
სახლის თითოეულ ოთახს აქვს გამოკვეთილი და დამახასიათებელი ფერები, ქსოვილები, რომლებიც ყურადღებას მომენტალურად იქცევს, წიგნები, სანათები, ჭურჭელი, თაროები, ყვავილები და ასე შემდეგ.
ფარდებისა და სხვა ტექსტილისთვის ქრისტინამ ინგლისური სტილის ქსოვილები შეარჩია. ყველაფერი ისეა გადაწყვეტილი, რომ სახლში ყოფნისას იდეალურად იგრძნობა ამინდი, ადგილმდებარეობა, ფრანგული სტილი და ოკეანის სიახლოვეც კი.
მისაღებ ოთახში ვხვდებით XIX საუკუნეში შექმნილ სარკეს, რომელიც ქრისტინამ პარიზის ერთ-ერთ ვინტაჟურ მაღაზიაში შეიძინა. აქვეა 1950-იან წლებში შექმნილი დივნისა და სავარძლების დიზაინი და პატარა ყავის მაგიდაც. დეკორაციების ნაწილი ხელით არის შექმნილი, აქვეა მდიდრული ხალიჩა და ბუხარიც. ოთახში ფანჯარა კედლის ზუსტად ცენტრშია განთავსებული, რათა სახლში სინათლის სხივები მაქსიმალურად უზრუნველყოს.
სამზარეულოში სიმწვანე და მცენარეების გავლენა იგრძნობა. კედელს ამშვენებს დიდი ზომის ფანჯარა, რომელიც ბაღს უკავშირდება და სამზარეულოს ავეჯის ფერებიც სწორედ მასთანაა შეხამებული.
სახლის მეორე სართულზე ვხვდებით პატარა სივრცეს, სადაც ხის მაგიდა და სკამებია მოთავსებული. ქრისტინა ამ ნაწილს საუზმისა და ვახშმისთვის იყენებს. კედლებს ამშვენებს საკმაოდ ძვირადღირებული შპალერი, რომელიც ცნობილი დიზაინერის, ფილიპ ჯეფრის შთაგონებითაა შექმნილი.
ასევე მეორე სართულზეა სტუმრების მისაღებად გამოყოფილი სივრცეც, რომლის ავეჯიც ქრისტინამ მადრიდში შეიძინა და რა თქმა უნდა, ისინიც ძველი და ვინტაჟური სტილისაა. სახლის ეს ნაწილი შედარებით უფრო მუქ და მყუდრო ფერებშია გადაწყვეტილი.
ერთ-ერთი საძინებლების კედლები მომწვანო ფერებშია და საწოლის გადასაფარებლებს ეხამება. ეს ფერები ქრისტინამ ზამთრის სეზონის შთაგონებით შეარჩია.
სახლის ყველა საძინებელს განსხვავებული დიზაინი აქვს. ზოგიერთი მათგანი უფრო მუქ და სადა ფერებშია გადაწყვეტილი, ზოგი-პირიქით, მდიდრულ და კონტრასტულ ფერებს აერთიანებს, თუმცა ყველა მათგანი სტუმრების კომფორტსა და ხედებით ტკბობაზეა გათვლილი.
აბაზანის ტექნიკა და ავეჯი მთლიანად ანტიკურ მაღაზიებშია შეძენილი. ნაცრისფერი ხალიჩა, სარკეები და შავ-ოქროსფერი დეტალები სახლის ამ ნაწილს განსაკუთრებულ ელეგანტურობას სძენს.
როგორც ქრისტინა ამბობს, მას არ აინტერესებს სივრცე და ზომა, ინტერიერის შერჩევის პროცესში მისთვის მთავარი ფერები, ტექსტურა და დეკორაციებია. ამასთან, დიზაინერი აღნიშნავს, რომ სახლის მოწყობის პროცესში მაქსიმალურად ცდილობდა, ავეჯითა და დეკორაციებით სახლის ყველა ნაწილი მაქსიმალურად აეთვისებინა.
სახლისთვის ავეჯის შესარჩევად ქრისტინა და ლორენსო უამრავ ბაზრობასა და ანტიკური ნივთების მაღაზიას ეწვივნენ. ვინტაჟური ჭაღებისა და დეკორაციების უმეტესი ნაწილი მათ სწორედ ერთ-ერთ ბასკური ნივთების ანტიკურ მაღაზიაში აღმოაჩინეს.