in

მრავალფეროვანი კულტურით შთაგონებული სასტუმრო „Bazzar“-ის ინტერიერი – ნინო ნოზაძისა და ეკა ჩიჩუას ნამუშევარი

სასტუმრო „Bazzar“-ი, რომლის ინტერიერზეც დღეს მოგითხრობთ, თბილისის ისტორიულ უბანში, ორბელიანის მოედანზე მდებარეობს. გამორჩეული დიზაინის შენობა ნინო ნოზაძისა და ეკა ჩიჩუას თანამშრომლობით შექმნილი ნამუშევარია. ობიექტის არქიტექტურასა და ინტერიერში თავს იჩენს ქალაქის ისტორიული კონტექსტი და თანამედროვეობა. ერთი სიტყვით, სასტუმრო „Bazzar“-ის ძირითადი კონცეფცია ძველისა და ახლის საინტერესო სინთეზს ეფუძნება.

სივრცეში შესვლისთანავე თითოეულ კუთხეში იკვეთება თბილისის მრავალფეროვანი, ეკლექტური ისტორიის გამომხატველი ელემენტები, რომლებსაც გემოვნებიანად ერწყმის თანამედროვე სტანდარტებით შექმნილი ინტერიერი. ყოველ ზონაში შენარჩუნებულია თვითმყოფადი, ორიგინალური აქცენტები, რაც, საბოლოოდ, სასტუმროს გამორჩეულ დიზაინს განაპირობებს.

პროექტი მიზნად ისახავდა იმ მრავალფეროვნების ასახვას, რომელიც ძველ თბილისს ახასიათებს. ამასთანავე, მნიშვნელოვანი იყო სტუმრებისთვის ისეთი ადგილის შექმნა, რომელიც მათ კომფორტს, დახვეწილ, ელეგანტურ და ინოვაციურ დიზაინს შესთავაზებდა. დიზაინერებმა არჩევანი ორიგინალურ, მაღალი ხარისხის ბუნებრივ მასალაზე შეაჩერეს, რომელიც, გემოვნებიან ფერთა პალიტრასა და უხვად გამოყენებულ სინათლის წყაროსთან ერთად, ესთეტიკურად გამორჩეულ სივრცეს ქმნის.

ნაგებობა 20 ოთახისაგან შედგება, რომლებიც ცოცხალი ფერებით, განათების სწორი გადანაწილებითა და საინტერესო დიზაინ-ობიექტებით გამოირჩევა. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ინტერიერში გამოყენებულ ფერად ხალიჩასა და ორიგინალურ ავეჯს, რომელთა ფერადოვნება და დიზაინი მნახველს დანახვისთანავე ხიბლავს. თითოეული ნივთი ჰარმონიულად ერწყმის სივრცეს, რაც ერთიან სურათს ქმნის და ნებისმიერ სტუმარს კომფორტულ და დახვეწილ ატმოსფეროს სთავაზობს.

ოთახებში ცისფრის, მუქი წითლისა და ოქროსფრის საინტერესო ნაზავს ვხვდებით. კონტრასტული ფერები სივრცეს აცოცხლებს და საოცრად დადებით განწყობას ქმნის. ერთფეროვნებისა და მოწყენილობის თავიდან ასაცილებლად ფერთა კომბინაცია ყველა ოთახში სხვადასხვაა, ამიტომ თითოეულ ზონაში იგრძნობა ინდივიდუალიზმი. ეს კიდევ ერთი ნიშანია, რომელიც სასტუმროს სხვა ნაგებობებისგან გამოარჩევს.

აბაზანა შავ-თეთრ ტონშია გადაწყვეტილი, რომელიც რესტორნის ინტერიერშიც მეორდება. ოქროსფრის აქცენტირებით ეს ნაწილი მდიდრულ, ელეგანტურ იერს იღებს. სააბაზანოები ნარინჯისფრისა და მუქი შინდისფერი ტონების კომბინირებითაც გამოირჩევა, რაც ამ ზონას გამორჩეულ სივრცედ აქცევს.

სივრცის შეგრძნებისა და სიღრმის გასაზრდელად დიზაინში გამოყენებულია გეომეტრიული ფორმები, რომლებიც თითოეულ ზონას მომხიბვლელობასა და სახასიათო იერს ანიჭებს. დიზაინერებმა ყოველი დეტალი სწორად გათვალეს, რათა ამ გარემოში ადამიანებმა უნიკალური გამოცდილება მიიღონ.

გარდა სასტუმრო ნაწილისა, დიდი ყურადღება დაეთმო შენობაში განთავსებულ რესტორანსა და ბარს, რომლებიც „Bazzar“-ის შიდა და გარე სივრცეებს ერთმანეთთან აკავშირებს. ვესტიბიულში, რესტორანსა და ბარის ინტერიერში დანარჩენი ოთახების ვიზუალი მეორდება, რითაც შენარჩუნებულია საერთო სტილი.

შავ-თეთრი იატაკი რესტორნის შიდა სივრცეს მთლიანობას ანიჭებს და მასში კლასიკური სტილის აქცენტები შეაქვს. ამ სტილს გემოვნებიანად ეხამება ოქროსფერი, მუქი ყავისფერი და წითელი ფერები. ხის დეტალებისა და მცენარეების ხშირი გამოყენება ზონას ბუნებრიობითა და სიხალისით ავსებს. რესტორნის შიდა ნაწილში არსებული მინის ტიხრები, გარდა იმისა, რომ ბუნებრივ განათებას უზრუნველყოფს, ამ ადგილს დახვეწილობასაც მატებს.

დღის განმავლობაში რესტორანი სიმშვიდით გამოირჩევა, საღამოობით კი  ადამიანთა თავშეყრის, სიცოცხლისა და გართობის ადგილად იქცევა, სადაც გემრიელ კერძებს დახვეწილი ესთეტიკა ერწყმის. დეტალებზე აქცენტირებით, ნაზი ტექსტურითა და გემოვნებიანი ფერთა პალიტრით გამორჩეული ზონა დამსვენებელს მყუდრო, თბილ, დადებით გარემოს სთავაზობს.

ინტერიერის განსაკუთრებული ნაწილია გამწვანებაც, რომელიც სივრცეს ეგზოტიკურობას სძენს და დომინანტურ ოქროსფერთან სინთეზით მდიდრულ, მრავალფეროვან, სახასიათო ინტერიერს ქმნის.

სასტუმროს ყოველი ნაწილი უნიკალური ფორმებითა და დიზაინით გამოირჩევა, რომელშიც სრულად აისახა ექსტერიერის მდიდრული ესთეტიკა და თანამედროვე დიზაინის პრინციპები. ქალაქის კულტურულ-ისტორიული ეკლექტიკა საინტერესოდ გამოვლინდა ინტერიერშიც – შეიქმნა გამორჩეული, თვითმყოფადი სტილი, რომელიც სტუმარს არაჩვეულებრივ, დაუვიწყარ გამოცდილებასა და კომფორტულ დასვენებას ჰპირდება.

 

ინტერიერის დიზაინი: ნინო ნოზაძე, ეკა ჩიჩუა

ლანდშაფტის დიზაინი: თამარ ჯაფარიძე

ინტერიერის არქიტექტურა: ნინო მარგველაშვილი

ფოტოგრაფი: ლუიზა ჩალათაშვილი

ავტორი: მეკო მეტრეველი

რედაქტორი:  სოფიო მენთეშაშვილი

რუბრიკის წარმდგენია თიბისი ბიზნესისთვის

პრაქტიკული ხერხები სივრცის ეფექტურად მოსაწყობად – სტუდია SAMI_ის მარტივი გიდი

29 აპრილს ბათუმში „გაბილდის“ პრემიუმ კლასის შოურუმი საზეიმოდ გაიხსნება