ბინა, რომლის შიდა სასარგებლო ფართი 140 კვადრატულ მეტრს შეადგენს, თბილისში, წყნეთის გზატკეცილზე მდებარეობს და მისი ინტერიერის მოწყობაზე დიზაინერმა ილია ზაქარაიამ იმუშავა.
ეს არის სივრცე, სადაც გვხვდება მისაღები ოთახი, იზოლირებული სამზარეულო, სამი საძინებელი, სამი სველი წერტილი და დამხმარე სათავსო. ყველა ოთახს აქვს გასასვლელი აივანზე, რაც საკმაოდ კომფორტულია მობინადრეებისთვის.
შემოსასვლელი კარიდან ვხვდებით ჰოლში, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ გამყოფ ნაწილს საცხოვრებელი და საძილე ზონებისა.
სამზარეულო იზოლირებულია საერთო ოთახისგან გამჭვირვალე შუშიანი ლითონის კარით, რაც საკმაოდ მოხერხებული და ერთ-ერთი ტრენდული გადაწყვეტაა ინტერიერის დიზაინში, ვინაიდან ამ გზით შენარჩუნებულია ღია სივრცე, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია იზოლირებაც.
პროექტში გამოყენებულია პასტელური ფერები, რომლებიც განსაკუთრებული სიმყუდროვის შეგრძნებას ქმნიან ინტერიერში. ამ ყველაფერს ემატება უხვი მზის სხივები, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ამ ეფექტს.
ყურადღებას იქცევს ინტერიერში გამოყენებული ბუნებრივი მასალები. დეკორის სახით გვხვდება ბუნებრივი მარმარილო და ლამინირებული ხის დაფები. რაც შეეხება კედლებს, ისინი მოპირკეთებულია მაღალი ხარისხის შპალერით. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პროექტში გამოყენებული ყველა რბილი და მყარი ავეჯი საქართველოშია წარმოებული .
პროექტის ავტორი: ილია ზაქარაია
დიზაინ სტუდია: სტუდიო კუბი