სახლი ის ადგილია, სადაც ადამიანი ყოველდღიური პრობლემებისა და სტრესისგან უნდა თავისუფლდებოდეს. დიზაინის ფსიქოლოგიის თანახმად, ინტერიერს ძალიან დიდი გავლენა აქვს ადამიანის განწყობაზე. სწორად შერჩეული გარემო ერთ-ერთი მძლავრი ანტიდეპრესანტია. სწორედ ამიტომ, სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ინტერიერის შექმნას ძალიან დიდი პასუხისმგებლობითა და ყურადღებით უნდა მივუდგეთ. ამ საინტერესო თემასთან დაკავშირებით Homeis.ge ინიტერიერის დიზაინერ ნუცა ბახტაძეს გაესაუბრა:
“სახლის დიზაინმა შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს თქვენი ბედნიერების განცდაზე. სივრცე, რომელშიც თავს კარგად გრძნობთ, დადებითად აისახება თქვენი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტებზე. სწორი ბალანსი ხელს უწყობს პოზიტიური, ორგანიზებული სივრცეების შექმნას, რაც გავლენას ახდენს ჩვენს კეთილდღეობასა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე. გთავაზობთ რამდენიმე მნიშვნელოვან რეკომენდაციას, რომლებიც ბედნიერი ინტერიერის შექმნაში დაგეხმარებათ:
რჩევა #1: აირიდეთ თავიდან გადატვირთული სივრცეები
დიდ ოთახში, სადაც არ არის ბევრი ავეჯი, ენერგია წყალდიდობასავით შემოედინება და პირიქით, პატარა სივრცე, რომელიც ძალიან ბევრი ავეჯით არის დაკომპლექტებული, ენერგიას არ აძლევს საკმარის ადგილს გადასაადგილებლად. ფსიქოლოგების თანახმად, ზედმეტმა არეულობამ შესაძლოა ხელი შეუშალოს ენერგიის ნაკადის მიმოცვლას თქვენს სახლში.
რჩევა #2: შეამცირეთ არეულობა
მიიღეთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც დაგეხმარებათ არეულობის შემცირებაში, განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, სადაც განთავსებულია კარები და დერეფნები. მოაცილეთ ზედმეტი ნივთები, რაც თქვენს სახლში გადაადგილებას უშლის ხელს და მოიშორეთ არასაჭირო ან არასასურველი საგნები, რომლებიც ძვირფას ადგილს იკავებს.
რჩევა #3: პირველი შთაბეჭდილება მნიშვნელოვანია
შექმენით პოზიტიური პირველი შთაბეჭდილება. ეს შეიძლება გააკეთოთ მოწესრიგებული სადარბაზოს ხარჯზე. შეგიძლიათ განათავსოთ მცენარეები თქვენი შესასვლელი კარის მახლობლად. პოზიტიური ატმოსფეროს მისაღებად გირჩევთ, დაამატოთ უხვი განათება, რათა შემოსასვლელიდან მოულოდნელად ბნელ სივრცეში არ მოხვდეთ.
რჩევა #4: შემოიტანეთ ინტერიერში მცენარეები
მცენარეების საშუალებით ჩვენ ბუნებასთან კავშირს ვამყარებთ. სწორედ ამიტომ, ცოცხალ სიმწვანეს ენერგია და სიახლის განცდა შემოაქვს სახლში.
რჩევა #5: ფერები მნიშვნელოვანია
ფერს შეუძლია აამაღლოს ადამიანის შინაგანი განწყობა. პირადად მე ხშირად ვიყენებ დიზაინში ოქროსფერს, რადგან ფსიქოლოგიაში მიიჩნევა, რომ ოქროსფერი არის ბედნიერების ფერი.
და ბოლოს, ყურადღება გაამახვილეთ პატარა დეტალებზე, რათა თქვენი საცხოვრებელი სივრცე უფრო შინაარსიანი იყოს. გახსოვდეთ, თქვენი სახლი თქვენივე ანარეკლია, რაც იმას ნიშნავს, რომ ინტერიერში შეტანილი პოზიტიური ცვლილებები დადებითად და სარგებლიანად აისახება, პირველ რიგში, თქვენზე”.