in

ბეჟი – რატომ არის ის უბერებელი ფერი ინტერიერში

რაც არ უნდა ილაპარაკონ ბეჟი ინტერიერების მოდიდან გადასვლაზე, პროგნოზების მიუხედავად, მათ ინტერიერის დიზაინში თავიანთი ნიშა თავდაჯერებულად უკავიათ. დღეს ამის მიზეზებში გარკვევას შევეცდებით.

ერთი პერიოდი, „ბეჟი ინტერიერის” ზედაპირული მოხსენიება ტრენდული იყო. „ბეჟის“ მიღმა აპრიორი მოსაწყენი, უღიმღამო, ბანალური ელემენტებით სავსე ინტერიერი იგულისხმებოდა. იმ დროისთვის დიზაინერები ნათელი, გაჯერებული, პასტელური ფერებით ექსპერიმენტირებას იწყებდნენ,  მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ „ბეჟი“ კვლავ ფავორიტ ფერებს შორის დამკვიდრდა. ამ ელფერებში გაფორმებული ბინა და სახლები მოდიდან არასდროს გადავა და აი რატომ.

1. თბილი ატმოსფერო

ბეჟის ელფერები საოცრად თბილ ატმოსფეროს ქმნის, დაცულობის განსაკუთრებულ შეგრძნებას, ნდობას, სიმშვიდეს აღძრავს. ამ მოვლენის ერთ-ერთი ახსნა ადამიანის ფსიქოლოგიაშია. ისინი სხეულის ფერის მსგავსია, პირველი კი ჩვენთვის ჩვილობის დროინდელ შთაბეჭდილებებთან ასოცირდება. ჩვენ გვახსენდება დედა და მასთან დაკავშირებული სიყვარულისა და ბედნიერების პირველი შეგრძნებები.

2. ბეჟი უამრავი ვარიაციით

დიახ, ეს ასეა. „ბეჟის“ მიღმა მრავალი ელფერი მოიაზრება. ამაში დასარწმუნებლად საკმარისია საღებავის ცნობილი ბრენდების კოლექციაში ჩახედვა. მოვარდისფრო-ბეჟი, მორუხო-ბეჟი, სპილოს ძვლის ფერში გარდამავალი ბეჟი… ეს კიდევ ელფერების ყველაზე მარტივი ვარიანტებია. მის საფუძველზე შესაძლებელია ინდივიდუალური ისტორიის აგება, ყოველგვარი შაბლონურობის გარეშე.

3. ნებისმიერი სტილი გარდა ბრუტალურისა

ბეჟის ელფერები კარგია თანამედროვე კლასიკის, რბილი მინიმალიზმისა და ქანთრის ჟანრში შესრულებული ინტერიერებისთვის, განსხვავებით ინდუსტრიული სტილისა (ამ სტილისთვის, როგორც ვარიანტი, რუხისა და თეთრი ელფერების გამოყენებაა შესაძლებელი, რომლებიც ასევე მრავლადაა).

4. მშვენივრად ერწყმის ბუნებრივ მასალებს

ბეჟი ბრწყინვალედ ერწყმის ნატურალური ხისა და ქვის, სელის, ბამბისა და შალის ელფერებს. რჩევა: ბეჟის ხის ელფერთან შეთავსებისას ფერის „ტემპერატურა“ გაითვალისწინეთ. იგივე ეხება ქვასა და ტექსტილს (ტახტის გადასაფარებლის ჩათვლით). თუ ეს პროცესი რთული აღმოჩნდა თქვენთვის, დიზაინერს მიმართეთ.  ბეჟი ინტერიერის მიერ გამოწვეული არასასიამოვნო შეგრძნების ერთ-ერთი მიზეზი პალიტრების დისბალანსია.

5. მყუდრო ფაქტურა

„ბეჟი“ ინტერიერი ფაქტურებთან მუშაობის კარგი საბაბია. ნებისმიერი მონოქრომული ინტერიერის გამოცოცხლებისთვის ფაქტურების მრავალფეროვნებაა საჭირო. იატაკის საფარი, ხავერდოვანი ხალიჩები, მსხვილად ნაქსოვი ან ბეწვის გადასაფარებლები, ნაკვეთი და დამუშავებული ხე, ფაქტურიანი ქვა. ეს ის მიმართულებაა, საითკენაც ინტერიერის გაფორმების დროს უნდა იმოძრაოთ.

6. ინტერიერის სიკაშკაშე

ბეჟი მშვენივრად ერწყმის შავს და თეთრს. ამ ფერების აქცენტების გამოყენებისას შესაძლებელია მეტად ელეგანტური ინტერიერის შექმნა.

გარდა ამისა, ბეჟი კარგად ეხამება ჰაეროვან ცისფერს, რომელიც ბოლო ორი წელი ძალიან აქტუალური გახდა. საღებავების წამყვანმა მწარმოებლებმა ეს ფერი თავიანთ კოლექციაში შეიტანეს, ერთ-ერთმა ის „2022 წლის ფერადაც“ კი  გამოაცხადა.

თუ თქვენ სივრცეში აქტიური სიკაშკაშის შემოტანა გსურთ, შესაძლებელია მინავლებული ცისფერი, მწვანე, ფორთოხლისფერი და იისფერი (დღეს ისინი აქტუალურია, წითელმა და ბორდოსფერმა კი დათმეს პოზიციები) გამოიყენოთ.

7. ბინის ლიკვიდურობა

ის ვინც ბინის შეძენისთანავე მის ლიკვიდურობაზე ფიქრობს და მის გაქირავებას ან გაყიდვას გეგმავს, როგორც წესი, დიზაინერს უნივერსალური ფუძის შექმნას თხოვს, ინდივიდუალურობას კი შემავსებლებით აღწევს. ეს შესაძლებელია იყოს დიზაინერული სავარძელი, ვინტაჟური ტორშერი, კარგი ფერწერა, გრაფიკა და კოლექციის ნივთები. ბეჟი ფერი ნებისმიერი აქსესუარისთვის უნივერსალურია.

7 კითხვა, რომელიც საკუთარ თავს რემონტის დაწყებამდე უნდა დაუსვათ

„Merci“-ის დიზაინერების ბინა საფრანგეთში