in

სახლის ბიბლიოთეკის მოწყობის 7 მარტივი ხერხი

როგორიც არ უნდა იყოს სახლი, მას ყოველთვის უხდება ბიბლიოთეკა. თუმცა, ბიბლიოთეკა მხოლოდ “წიგნების სათავსო” არაა – არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ კუთხეს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ, რადგანაც იგი მათთვის განტვირთვისა და დასვენების სივრცეა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, გაგიზიაროთ რამდენიმე ხერხი, თუ როგორ შეგიძლიათ მოაწყოთ ბიბლიოთეკა თანამედროვე სტილში:

დაკიდეთ ნახატი

იატაკიდან ჭერამდე წიგნები სახლის რომელიმე კუთხეში მშვენიერი ხერხია ბიბლიოთეკის მოსაწყობად. აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ასეთ კუთხეში ერთი ან ორი სკამი დაგჭირდებათ. აქვე ერთ რჩევას მოგცემთ:  დაკიდეთ ამ კუთხეში ხელოვნების ნიმუში, რათა სულ სხვაგვარი და ორიგინალური ელფერი მიანიჭოთ თქვენს საკითხავ კუთხეს.

გახადეთ თანამედროვე

გქონდეთ თანამედროვე ბიბლიოთეკა, სრულიადაც არაა რთული. საამისოდ მხოლოდ ხის მუქად შეღებვა და რამდენიმე თანამედროვე დიზაინ ობიექტი დაგჭირდებათ. ასეთი ობიექტი კი ამ კონკრეტულ ბიბლიოთეკაში ნაქსოვი სკამია, რომელიც სივრცეს მოდერნისტულ იერს ანიჭებს.

დამალეთ ბიბლიოთეკა

რატომაც არ უნდა იყოს ბიბლიოთეკა საიდუმლო ოთახი? – წიგნებიც ხომ თავისთავად უამრავ საიდუმლოს ინახავენ. თუკი თქვენი სახლი იძლევა ამის საშუალებას, გამოყავით ერთი პატარა ოთახი საამისოდ და ერთგვარად დამალეთ ბიბლიოთეკა – ეს იქნება თქვენი ყველაზე მყუდრო სივრცე სახლში.

გამოიყენეთ თანამედროვე თაროები

ჩაშენებული, ტრადიციული თაროების ნაცვლად გამოფინეთ თქვენი წიგნები სკულპტურულ ეტაჟერებსა და თაროებზე. თუ რაიმე ამქვეყნად იმსახურებს მშვენიერ კვარცხლბეკზე ყოფნას, ეს თქვენი წიგნებია.

შექმენით აკადემიური კუთხე

თუკი ძველებური დიზაინები გიზიდავთ, მაშინ შეგიძლიათ, თქვენს ბიბლიოთეკას ერთგვარი მეცნიერული იერი მისცეთ. მუქი ხე, გლობუსები, ძველი წიგნები, ძველი ბოთლები – ფოტოზე აღბეჭდილი ეს კომბინაცია სრულყოფილად ქმნის ამგვარ აურას.

გამოიყენეთ წიგნებიანი კედლის ქაღალდი

თუკი ბიბლიოთეკა არ გაქვთ, მაგრამ ძალიან გინდათ, რომ მსგავსი აურა შექმნათ თქვენს ინტერიერში, ამაში კარგად დაგეხმარებათ კედლის ქაღალდი წიგნების პრინტით.

ბიბლიოთეკა საძინებელში

თუკი არ გაქვთ სივრცე საიმისოდ, რომ წიგნებს ცალკე ოთახი ან დიდი ზონა გამოუყოთ, შეგიძლიათ ისინი თქვენს საძინებელში განათავსოთ – მერე რა, თუ ეს უჩვეულოა, სამაგიეროდ, თქვენს ოთახს ბევრად უფრო მყუდროს გახდით.

რუბრიკა “მყუდრო სახლის” წარმდგენია კომპანია ელიტ ელექტრონიქსი

სერ დევიდ აჯაიე: ნოვატორი არქიტექტორი

ჰარიეტ ანსტრუტერის უძველესი ფერმა სასექსში