Laboratory of Architecture #3-ის მორიგი პროექტი თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 157მ2-ია. ბინის დიზაინის კონცეფცია ეფუძნება მეპატრონის სურვილს, რომელსაც სურდა, მშობლიური ქუჩის ყოველდღიურობას ახალი საცხოვრებლის დიდი ფანჯრებიდან დაჰკვირვებოდა. პროექტის მიზანი იყო შექმნილიყო ერთგვარი გარსი, რომელიც ცხოვრებისეული დინამიკით შეივსებოდა და მაცხოვრებლის ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებდა. კონვენციური ოთახების მაგივრად, გეგმარება მოძრავია, ხოლო ფუნქციები ერთმანეთში გადადის და ცხოვრებისეული სცენარების მიხედვით იცვლება. აღსანიშნავია ისიც, რომ ოთახის კონფიგურაციას ცვლის ფარდებიც, რომლებიც სივრცეს მთელ კონტურზე მიუყვება და კედლებსა და ოთახებს ფორმასა თუ ფუნქციას უცვლის.
„ბინაში მოძრაობის ტრაექტორიებმა სხვადასხვა დროს სხვადასხვა ოთახების გამოყენების იდეამდე და მოდელამდე მიგვიყვანა, რაც გულისხმობს იმას, რომ სახლის ნახევარი არ არის შემოკავებული კედლებით, არამედ ფარდის ქსოვილით, რომლის მონაკვეთების გაღება და დახურვა ოთახის ხასიათისა და ფუნქციის ცვლილებას იწვევს. ზოგიერთ შემთხვევაში ფარდა ფარავს სამზარეულოს, დერეფნის ნაწილებს ან მის უკან მდებარე ეკრანებს”, — Laboratory of Architecture #3.
ბინა ოთხოთახიანია და სამ ძირითად სივრცეს მოიცავს — საერთო ოთახსა და საძინებლებს. სამივე ზონა სხვადასხვა ფუნქციას ითავსებს, სივრცის დანაწილებას კი საფუძვლად უდევს ბინაში მოძრაობის ტრაექტორიების შესწავლა, რამაც პროექტის ავტორების თქმით, ისინი სცენარების კონცეფციის შექმნამდე მიიყვანა.
ინტერიერში მოდერნიზმისთვის დამახასიათებელი ნეიტრალური, ცივი ესთეტიკის დასაბალანსებლად გამოყენებულია მსუბუქი, თუმცა ეთნიკურ ტრადიციებზე დაფუძნებული ფერთა პალიტრა, რომელიც კარგადაა შემონახული საეკლესიო ფრესკული მხატვრობის წიაღში, რაც ერთგვარ შთაგონების წყაროდ იქცა მუშაობის პროცესში.
„ზედაპირები, მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით, მონოქრომულია, სინამდვილეში მრავალფეროვან ნახევარტონებსა და ტექსტურებს შეიცავს, რაც დამატებით სიღრმეს და ტაქტილურ გამოცდილებას სძენს მათ”, — Laboratory of Architecture #3.
სივრცეში მინიმალისტური ესთეტიკაა შენარჩუნებული და ყოფითი ელემენტების რაოდენობა მინიმუმამდეა დაყვანილი, თუმცა ზოგიერთი დეტალი აქცენტირებულია და მნიშვნელოვან ესთეტიკურ როლს ასრულებს ინტერიერში.
ამავდროულად, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ავეჯის ფორმებსა და მათ სკულპტურულ ხასიათს. იქიდან გამომდინარე, რომ საცხოვრებელში ძალიან ცოტა ნივთია წარმოდგენილი, თითოეული ელემენტი გამორჩეული სილუეტის მიხედვითაა შერჩეული.
მაგალითად, მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ნარინჯისფერი მასიური დივანი, რომელიც მრგვალი ფორმებით ხასიათდება და მისაღებ ოთახს აცოცხლებს. ასევე, საინტერესო დეკორატიულ ელემენტს ქმნის წერტილოვანი განათებაც, რომელიც სახლის სხვადასხვა ზონაში გვხვდება.
ოთახის მეორე ბოლოში ფარდებით იზოლირებული სასადილო ზონაა მოწყობილი, რომელიც მაქსიმალურად მსუბუქად არის გადაწყვეტილი.
საძინებელ ოთახში წამყვანი ფერთა პალიტრა თეთრი და კრემისფერი ტონალობების სახით გვხვდება. რბილი იატაკი ოთახს ჰაეროვნებას და სინაზეს მატებს, ამასთანავე ის იდეალურად ერწყმის საგანგებოდ შერჩეულ რბილ ავეჯს. ოთახი ნახევრად ღია გეგმარებისაა და მასში სხვადასხვა ფუნქციური ზონებია მოწყობილი. აქ გვხვდება საგარდერობო კუთხე, სარკეებიანი ზონა და აბაზანა, რომელიც ფარდით არის დაფარული.
სააბაზანოც თეთრ ფერთა გამაშია გადაწყვეტილი. ამ ზონაშიც დიდი მნიშვნელობა ენიჭება სიმსუბუქის შენარჩუნებასა და თითოეული ელემენტის ფორმას, რის გამოც ბინის ხასიათი შენარჩუნებულია.
Laboratory of Architecture #3-ის პროექტი ერთიანი სტრუქტურით, სიმსუბუქით, მინიმალიზმით და დახვეწილი ესთეტიკით გამოირჩევა. ფერთა პალიტრა, ავეჯი, დეკორატიული ელემენტები და განათება სივრცის მთლიანობას არ არღვევს და მის ჰარმონიულობას უსვამს ხაზს. განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს ფარდის ქსოვილი, რომელიც მთელ სახლში ერთგვარ ზონირების ფუნქციას ასრულებს და ოთახის ხასიათის ცვლილებას იწვევს.
პროექტის ავტორი: Laboratory of Architecture #3
ფოტოგრაფი: გიორგი მამასახლისი