ცოტა ხნის წინ საინტერესო ბინებითა თუ სივრცეებით დატვირთულ აღმაშენებლის გამზირს კიდევ ერთი საინტერესო პროექტი – “ტელესკოპი” შეემატა. აღნიშნული სივრცე ინტერიერის დიზაინერმა, ნინო ჩხარტიშვილმა თავიდან აღმოაჩინა და მას ახალი სიცოცხლე შესძინა. მან ფართი ორ დამოუკიდებელ ოთახად გარდაქმნა და თითოეულ ოთახს ახლა უკვე ყველა საჭირო ფუნქციური კუთხე აქვს.
ზამთრის სუსხიანი საღამო იყო, როდესაც ნინო ჩხარტიშვილი პირველად მოხვდა ამ სივრცეში. მას მერე, რაც განათებული სადარბაზოდან ბნელ, უსახურ და დანგრეულ გარემოში შეაბიჯა, სხვენის სიღრმეში მოულოდნელად საოცარი ხედი გადაეშალა და წარუშლელ შთაბეჭდილებად ჩაებეჭდა მეხსიერებაში. უფანჯრო, ცივი და რუხი გარემოდან ვარსკვლავებით მოჭედილი ცა დაჰყურებდა განათებულ აღმაშენებლის გამზირს. შეგრძნება მისტიური და აქამდე ამოუცნობი ემოციების განცდას ტოვებდა. თითქოს, პირველად ნახა მისთვის კარგად ნაცნობი ქუჩა და მოიხიბლა. ეს სივრცე იძლეოდა დაკვირვების შესაძლებლობას გარე სამყაროზე. სწორედ აქედან გაჩნდა სახელწოდების იდეაც.
როგორც დიზაინერი გვიამბობს, ფართი დაიყო ისე, რომ შეიქმნა ორი დამოუკიდებელი ოთახი საკუთარი სველი წერტილით. მათ კორიდორი აკავშირებს ერთმანეთთან და საერთო სივრცესთან, სადაც სამზარეულოა განთავსებული. დიზაინერს ჰქონდა დიდი სურვილი, რომ სველი წერტილებიდან ლამაზი ხედებით ტკბობა ყოფილიყო შესაძლებელი, რისი რეალიზებაც ნამდვილად გამოუვიდა.
სამი წლის წინ, სანამ ამ პროექტზე მუშაობა დაიწყებოდა, ადგილზე არ არსებობდა არანაირი კომუნიკაცია. მხოლოდ დეფორმირებული, შიშველი ხის კონსტრუქციები და გადახურვა. დიზაინერისთვის შთაგონების წყაროდ აგურის ლამაზი წყობა იქცა. მასზე აეწყო შემდგომი კონცეფცია. ასევე არსებული სტრუქტურული ელემენტების გამო გაჩენილი დონეთა სხვაობა იყო გასათვალისწინებელი, რამაც ერთ-ერთ ოთახში ლოგიკურად გამოჰყო საძილე და მოსასვენებელი ზონები.
როგორც ნინო ჩხარტიშვილი გვიამბობს, მცირე სივრცის დაგეგმარება მართლაც რთულია მაშინ, როცა გვსურს, რომ მასში ყველა ფუნქციური კუთხე მოეწყოს, თუმცა, იმისთვის, რომ ეს მოხერხდეს, საჭიროა, დიზაინერმა მომავალი ვიზიტორების კომფორტი აიღოს ორიენტირად.
დიზაინერისვე შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ პროექტი შესრულებულია მცირე დანახარჯებით, მაინც იგრძნობა, რომ ყველა დეტალი გააზრებულია და გათვლილი სტუმრების კომფორტისა და სიამოვნებისთვის, რაც მათივე კომენტარებიდან ჩანს.