დედაქალაქის არქიტექტურის ერთ-ერთი გამორჩეული, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სახლი მთაწმინდის რაიონში, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარეობს. მისი განსაკუთრებული სილამაზე და ისტორია დეტალებშია გამოხატული. ნაგებობის არქიტექტურა გულგრილს არავის ტოვებს — თბილისის მკვიდრსა თუ ტურისტს. სახლი 1913 წელს, არქიტექტორ მიხეილ ნეპრინცევის მიერ არის აშენებული და ის როგოვსკების ოჯახს ეკუთვნოდა. ნაგებობის ფასადი და შიდა დახურული ეზო არტ-ნუვოს სტილშია გადაწყვეტილი, რომელიც ხის უნიკალური მოჩუქურთმებული, ნაქარგი აივნებით არის შემკული და გამორჩეულ სტილს ქმნის.
აღსანიშნავია, რომ ამ სახლში 1918-1962 წლებში ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე — ლეო ქიაჩელი ცხოვრობდა (ეზოში არსებული დაფნის ხე სწორედ მისი დარგულია), 1918-1977 წლებში კი სოციალისტური შრომის გმირი, ექიმი სიმონ ლეონიდეს ძე ქიქოძე. 1926-1944 წლებში სახლი ნიკო ლორთქიფანიძის საცხოვრებელს წარმოადგენდა. მოგვიანებით, ამ ბინის კიბეებზე მხატვარი ელენე ახვლედიანი ხშირად ხატავდა. 2016 წელს სახელმწიფო დაფინანსებით შენობა კაპიტალურად გამაგრდა, რა დროსაც სახლის საძირკველი, საყრდენი კედლები და თაღი განახლდა. გარდა ამისა, ადგილობრივმა მოსახლეობამ ფასადს რესტავრაცია ჩაუტარა საკუთარი ხარჯებით.
ამ სახლში მდებარე 80 მ2-ის მქონე ბინა თათული ფარქოსაძეს ეკუთვნის, რომელიც პროფესიით გრაფიკული დიზაინერია. ინტერიერის და ავეჯის დიზაინი თათულიმ თავად შეასრულა, ამიტომ ეს მისი პირველი პროექტია, რომელმაც მას უდიდესი სიამოვნება და გამოცდილება შესძინა.
როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, ძველი უბნები და არქიტექტურა განსაკუთრებით უყვარს, წლების განმავლობაში ბინა მის ოჯახს ეკუთვნოდა, თუმცა საცხოვრებელი საკმაოდ გასარემონტებელი და გასაახლებელი იყო.
სარემონტო სამუშაოები უამრავ სირთულესთან იყო დაკავშირებული. საჭირო გახდა გაყვანილობისა და ელექტრობის საფუძვლიანი გაკეთება, სანტექნიკის შეცვლა, ოთახების განახლება. ამ პროცესში უცვლელი დარჩა გეგმარებითი ნაწილი, რადგან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის გამო, ამგვარი ცვლილება ვერ განხორციელდა.
თათული შეეცადა, სახლის სილამაზე მაქსიმალურად შეენარჩუნებინა და ძველი დეტალები უცვლელად დაეტოვებინა. მაგალითად, რესტავრაცია ჩაუტარდა მე-19 საუკუნის კარ-ფანჯარასა და დარაბებს, რაც სახლს ძველ თბილისურ ატმოსფეროს სძენს.
ინტერიერი თეთრ ტონალობაშია გადაწყვეტილი, ძირითადი აქცენტი კი ძველებური სტილის განათებებსა და ორიგინალურ ავეჯზე კეთდება.
სახლში გამორჩეულ ადგილს იკავებს თათულის დიზაინით შექმნილი ავეჯი და დეკორატიული ელემენტები. მაგალითად, ყურადღებას იქცევს რბილი კარადა, რბილი სახელურითა და ფეხებით, რომელიც იტალიური ქსოვილით არის გაფორმებული და საძინებელს ამშვენებს.
ინტერიერში გვხვდება ქართული ტრადიციული დეტალებიც — მისაღებში განთავსებული ქვევრის მაგიდა ხის ზედაპირით, რომელიც თათულიმ საგანგებოდ დახატა და საკუთარი დიზაინით დაამზადებინა. მაგიდას განსაკუთრებულ მომხიბვლელობას სძენს საფრანგეთიდან ჩამოტანილი და საქართველოში რესტავრირებული სკამები.
ასევე საინტერესოა ქოთნის პატარა ჟურნალის მაგიდა, რომელსაც კვარცის ზედაპირი აქვს.
გამორჩეულ ადგილს იკავებს შავი ხავერდის დივანიც, რომელიც გარშემო სარკეებით არის მოპირკეთებული და სივრცეს უფრო დიდსა და ნათელს ხდის, ანარეკლი კი შთამბეჭდავ შტრიხებს მატებს ინტერიერს.
ინტერიერში ასევე გვხვდება ძველებური ბრინჯაოს ჭაღები და ბრები, რაც საოცრად უხდება არქაულ ესთეტიკას და სივრცეს მდიდრულ იერს სძენს.
თათული ფარქოსაძის სახლი თავისი დიდი ისტორიითა და არქიტექტურით უნიკალურ ნაგებობას წარმოადგენს, რომელიც ძველ თბილისურ ატმოსფეროს აცოცხლებს და მნახველს დროში ამოგზაურებს. ბინაში შენარჩუნებულია ისტორიული ელემენტები, რაც სივრცეს სიძველის ხიბლს სძენს და საუცხოო გარემოს ქმნის.
გამოყენებული მასალა
აბაზანის ფილები: „VitrA Georgia“
განათება: „დილაითი“; „ახალი ნათება“
ავეჯი: „საწარმო დურგალი“