in

დახვეწილი და ფუნქციური ინტერიერი ვაკეში — ქრისტინე მორჩაძის ნამუშევარი

დღეს გაგაცნობთ დიზაინერ ქრისტინე მორჩაძის პროექტს, რომელიც ვაკეში, ატენის ქუჩაზე მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 90,4 მ2-ია. ბინის მეპატრონეს სხვა საცხოვრებელ ფართზე რემონტის ცუდი გამოცდილება ჰქონდა, ამიტომ მისი დიდი სურვილი იყო, რომ ახალ ობიექტზე ქრისტინესა და მის გუნდს ემუშავა, რაც  წარმატებით  და ჰარმონიული შეთანხმებებით განხორციელდა.

დიზაინერმა ბინა ნახევრად შავი კარკასის მდგომარეობით ჩაიბარა, ამიტომ თავდაპირველად ფართში არსებული კომუნიკაციების გამართვა მოუხდა. წინასწარი კონდიციონერის ზონის განსაზღვრის საფუძველზე, საჭირო გახდა ჭერის საშუალებითა და შიდა ტრაპის გამოყენებით მილების გაყვანა-დაერთება გარე აგრეგატთან. მეპატრონის სურვილით და ქრისტინეს რეკომენდაციით სამზარეულოსა და მთავარი ოთახის გამოყოფა გონივრულად გადაწყდა  რკინისა და ფრანგული შუშის ფუნქციური ტიხრით, რამაც ორი ძირითადი ოთახი ერთმანეთისგან გამიჯნა.

დამკვეთის მოთხოვნით, ინტერიერი მაღალი ხარისხის მასალებით  უნდა შექმნილიყო. საბაზისო ფერებად თეთრი, ბეჟი და ყავისფერი ტონები შეირჩა. ინტერიერის გასამდიდრებლად მეპატრონის ინტერესებიდან გამომდინარე გამოყენებულია ასევე ფირუზის ფერი. იატაკი სრულად დაფარულია ფრანგული მუხის იმიტირებული კერამოგრანიტის ფილით. ძირითადი კედლების ფერი ონიქსის 55-ე ტონით შეიღება, კედლებზე თემატურად დეკორისთვის დამონტაჟდა ჩარჩოები. აქცენტი გაკეთებულია ხის  დეტალებზე, რომელიც ავეჯისა და შესასვლელში ბრუნვადი ხაზოვანი ტიხრით არის წარმოდგენილი. მეტალის შავი მქრალი  სანათები დამატებით კონტურს უქმნის საცხოვრებელი ფართის ხასიათს და სტილს.

შემოსასვლელ ზონაში მთავარ კართან შექმნილია ტევადი კარადა-ოთახი, რაც მნიშვნელოვან ფუნქციურ დატვირთვას სძენს საცხოვრებელს. დერეფანში მეტი სიმყუდროვისთვის  გამოყენებულია თბილი ნათების,  მაღალი,  ვერტიკალური სარკე  და ჰორიზონტალური, გრძელი, რბილი ტექსტილის სკამი. სარკესთან ფუნქციური თარო და ლამბორგინის შპალერი გვხვდება, რაც შეუდარებელ შთაბეჭდილებებს  ქმნის ბინაში შესვლისთანავე.

მისაღები ოთახის მთავარი ელემენტი ტელევიზორის კედელია. აღნიშნული დეკორი პროექტის ავტორის დიზაინით შეიქმნა და კონკრეტულად ამ ბინისთვის დამზადდა. კედელი დაფარულია ღია თაროებითა და მუქი მინით დაცული სათავსოებით, რომელშიც განათება უმთავრეს როლს ასრულებს. ასევე ტელევიზორის კედელზეა მოწყობილი ელექტრო ბუხარი, რომელიც მყუდრო და თბილ ატმოსფეროს მატებს სივრცეს.

ბუხრის წინ თანამედროვე დიზაინის რბილი ავეჯი ჰარმონიულად ერწყმის კომფორტისა და განტვირთვის მოცემულობას.

დამკვეთის ინტერესებიდან გამომდინარე საერთო ოთახში შექმნილია მუსიკალური კუთხე, სადაც დგას ელექტრო პიანინო და ამავე ზონაში კედელს ამშვენებს ელდარ ქვაშბაიას ნახატი — „ქართული ჰანგები”, რომელიც უნიკალურ ემოციას მატებს მეპატრონის მუსიკისადმი სიყვარულს.

ვიტრაჟული მოძრავი რკინის კარი მისაღებისა და სამზარეულო ოთახების ზონირებისა და გაერთიანების საშუალებას იძლევა. სამზარეულოს ავეჯი ღია ყავისფერ ტონალობაშია გადაწყვეტილი, მარჯვენა კედელზე დამონტაჟებულია ხის კარადა და შავი სარკისებრი შუშის კარადა, რომელშიც ტექნიკაა ჩაშენებული. სასადილოს გასაშლელი მაგიდა წარმოადგენს სამზარეულოს კედლის ფილის ნაწილს, ხოლო სკამების ტექსტილი არჩეულია დივნის ნაჭრის იდენტურად. საერთო ჯამში, ეს ზონა ფუნქციურად საკმაოდ დატვირთულია და ტევად, პრაქტიკულ სივრცეს უზრუნველყოფს. მიუხედავად ამისა, გარდამავალი ფერების მეშვეობით ინტერიერში სიმსუბუქე ნარჩუნდება.

ბინაში გვხვდება განსხვავებული დიზაინის ორი საძინებელი. ერთ საძინებელში გამოყენებულია ლამბორგინის გარდამავალი სხივის შემცველი შპალერი, იტალიური საწოლი  და შეღებილი MDF-გან დამზადებული კარადა. ყურადღებას იქცევს ნახევარ მთვარის ფორმის სარკეც, რომელიც ზედაპირზე სენსორული შეხებით ინთება.  ამ პასტელური ფერების გასამდიდრებლად გამოყენებულია ოქროსფერი სახელურები და განსხვავებული ფორმის სანათები.

მეორე საძინებელში მსუბუქად შემოდის მუქი ელემენტები – ფირუზის ფერი კედლის ტრუსარდის შპალერი და ტონით მსგავსი ფარდები, რომლებიც  მეპატრონის გემოვნებას  ხაზს უსვამს. აქაც დიდ დატვირთვას იძენს დეკორატიული განათება და სახელურები რომელიც შავ მქრალ ფერებშია გადაწყვეტილი, ხოლო ოთახის ცენტრალურ ელემენტს თანამედროვე სტილის ღია ნაცრისფერი საწოლი წარმოადგენს.

აბაზანის ფართობი 5,6 მ2-ს შეადგენს, სადაც ჯვარედინი დაგეგმარებით გამოყოფილია სამრეცხაო, საბანაო კუთხე, ჰიგიენური ზონა და ხელსაბანის სივრცე. საინტერესოა ფირუზის ფერი ფორებიანი ფილის და ნაცრისფერი რელიეფური ფილის კომბინაცია, რომელიც ფერებითა და ტონებით ეხამება საერთო ინტერიერს, აბაზანის განათება და შუქ-ჩრდილები ფერების დეგრადირებას უწყობს ხელს.

ქრისტინე მორჩაძის პროექტი დამკვეთის ინტერესებსა და მოთხოვნებს სრულად ითვალისწინებს. ის სრულყოფილ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სივრცეს ქნის, რომელშიც თითოეული ოთახი ფუნქციონალურობით, მიმზიდველობით, კომფორტული გარემოთი ხასიათდება, სადაც დაცულია მრავალი დეტალის შესახებ კომბინირებული ცოდნა, რომელიც სრულად  ხორციელდება ინტერიერში.

ინტერიერის დიზაინერი და პროექტის ავტორი : ქრისტინე მორჩაძე

ინტერიერის დიზანის სტუდია : KM INterion Design“ by „Kristmoor

გამოყენებული მასალები:  

რბილი ავეჯი: „კომფორტერი“

განათება: „არტ ლაით ჰაუსი“

აბაზანის ფილები: „ჯაოკენი“

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

როგორ შევარჩიოთ დეველოპერული კომპანია ჩვენი მომავალი ბინისთვის?

ბინა სხვენში ამსტერდამის ისტორიულ შენობაში