დიზაინერ თამა კალანდიას პროექტი ბაგებში მდებარეობს. ობიექტის საერთო ფართობი 55 მ2-ია, სადაც 45 მ2 საცხოვრებელ ფართს უკავია. ბინა საძინებელს, სველ წერტილსა და სტუდიოს ტიპის გაერთიანებულ მისაღებსა და სამზარეულოს მოიცავს.
საპროექტო დავალება გულისხმობდა შემოქმედებითი ხასიათისა და არასტანდარტული, ენერგიული დამკვეთისთვის ისეთი საცხოვრებელი ადგილის შექმნას, სადაც მკვეთრი ინტერიერი და კომფორტული გარემო ჰარმონიულად შეეწყობოდა ერთმანეთს. ამ კონცეფციაზე დაყრდნობით შეიქმნა ისეთი ინტერიერი, რომელიც კარგად გამოხატავს მაცხოვრებლის ხასიათს და ესთეტიკურ მიმზიდველობას ინარჩუნებს.
შემოსასვლელი საკმაოდ პატარა, მაგრამ მომხიბვლელია. შუშის ტიხარი სამზარეულოსა და შესასვლელ ზონას ერთმანეთისგან მიჯნავს. ამას გარდა, ის დეკორატიულ ფუნქციასაც ითავსებს.
მისაღები ოთახის ფართობი საძინებლის კარის ირიბად მოჭრის შედეგად გაიზარდა, რამაც საკმაოდ ფუნქციური და კომფორტული სივრცე შექმნა.
მისაღები ზონა ღია ტონალობაში – კრემისფერ ფერებშია გადაწყვეტილი და აქ მთავარ როლს ფერადი ავეჯი და ლურჯ-თეთრი ხალიჩა თამაშობს. ხალიჩა ზონირებასთან ერთად, ბინას მყუდროებითა და სითბოთი ავსებს. ბუნებრივი გამწვანება კი სივრცეს აცოცხლებს და ალამაზებს.
სამზარეულო ტრადიციული დიზაინისგან განსხვავდება და მომხიბვლელ ინტერიერს ქმნის. ამ ზონაში პარკეტი და ფილა საინტერესოდ ენაცვლება ერთმანეთს. დამკვეთს სურდა სამზარეულო ფილით მოპირკეთებულიყო, ამგვარი მიმზიდველი დიზაინერული გადაწყვეტა კი პროექტის ავტორს ეკუთვნის. სივრცისთვის სიმსუბუქის მისანიჭებლად დიზაინერმა სამზარეულოს კარადები შემაღლებულ ფეხებზე მოათავსა, ზედა ნაწილში კი ნახევარი კედელი ღიად დატოვა, რამაც ბინას სახასიათო ნიშანი შესძინა.
შავ-თეთრი ფილები იდეალურად შეეხამა ღია ხაკისფერ ავეჯს, ვარდისფერმა სასადილო სკამებმა კი ინტერიერს მრავალფეროვნება და სასიამოვნო განწყობა შემატა. აღსანიშნავია ყვითელი სანათი, რომელიც სივრცეს უფრო მიმზიდველსა და ფერადოვანს ხდის. აქსესუარები, ფერადი დეკორატიული ელემენტები, მუსიკალური ფირსაკრავი, პოსტერი – ეს ის ელემენტებია, რაც სახლს განსაკუთრებულ ატმოსფეროსა და გამორჩეულ ესთეტიკას ანიჭებს.
სახლის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი აბაზანაა, სადაც მრგვალი კუთხოვანი ფილები და ფერადი გამყოფი მინაა გამოყენებული. ღია სალათისფერი ფერთა გამა კონტრასტულ როლს ასრულებს დომინანტურ კრემისფერ პალიტრაში და ინტერიერს უფრო საინტერესოსა და მრავალფეროვანს ხდის. მცირე ფართობის მქონე ჰიგიენურ კუთხეში თითოეული ელემენტი სწორადაა გადანაწილებული, რაც ფუნქციურ და კომფორტულ გარემოს განსაზღვრავს.
თამა კალანდიას ნამუშევარი ღია ტონებითა და ფერადი აქცენტებით ხასიათდება. მცირე ფართობის მიუხედავად, დიზაინერმა წარმატებით შეძლო დამკვეთის ინდივიდუალური ხასიათისა და განწყობის სრულად გამოვლენა. ფერადოვან და მიმზიდველ ინტერიერში თითოეული ელემენტი სახასიათო შტრიხს სძენს სივრცეს და მის უნიკალურობას უსვამს ხაზს.
პროექტის ავტორი: თამა კალანდია
ინტერიერის დიზაინის სტუდია: nookstudio
გამოყენებული მასალა:
კედლის საღებავი: „კაპაროლი“
აბაზანისა და სამზარეულოს ფილები: „VitrA Georgia“
მაცივარი: „Smeg“
მინა-ბლოკი: „Studio Lusso“
განათება: „Brand R“; „MEDUSA“
შემრევები: „იდეალი“ „Bagno Design“
პლაკატი: „Koi“